სტატუსის გაფორმების შემდეგ საქართველოში ეკონომიკურ სარგებელსაც ელოდებიან

სტატუსის გაფორმების შემდეგ საქართველოში ეკონომიკურ სარგებელსაც ელოდებიან

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა საქართველოს, წესით, ეკონომიკური სარგებელიც უნდა მოუტანოს. სავარაუდოა, რომ იგი დადებით გავლენას მოახდენს, პირველ რიგში, ინვესტიციებსა და სავაჭრო ურთიერთობებზე, შემდეგ კი რამდენიმე სხვა მიმართულებაზე.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის ინფორმაციით, სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის გამორჩეული იქნება და ასევე შუა კორიდორის წამყვანი ქვეყანა გახდება. აღნიშნული კი, ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებაზე, ასევე ზოგადად ქვეყნის სტაბილურობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

„ყოველწლიურად, საქართველო ევროკავშირისგან დაახლოებით 100 მლნ ევროს იღებს. ესაა როგორც პირდაპირი ფინანსური დახმარება, ასევე პროგრამული დახმარება. სტატუსის ქონა იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული დახმარება გაორმაგდება, რაც მნიშვნელოვანია იმ რეფორმების ჩასატარებლად, რომელიც ქვეყანას სჭირდება. თანამშრომლობის ფორმატი უნდა შედგეს, რომელიც ევროკავშირს აჩვენებს, რომ საქართველოს მთავარი ამოცანა ევროკავშირში სრული ინტეგრაციაა“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო 100-მდე კომპანიას აერთიანებენ, რომლებიც ევროკავშირთან თანამშრომლობას სკეპტიკურად არ უყურებენ, რადგან ევროპული ბაზარი სტაბილურია და რეკომენდაციების შესრულება ეროვნული წარმოების საწინდარი იქნება. ქვეყანას პოტენციალი აქვს, რომ რამდენიმე სეგმენტში საერთაშორისო ბაზარზე მნიშვნელოვნად იყოს წარმოდგენილი.

ანალიტიკოს გიორგი ცუცქირიძეს კი მიაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსი დადებით გავლენას მოახდენს ინვესტიციებზე, ექსპორტზე, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე ევროკავშირის ქვეყნებთან, რისკენაც საქართველო წლებია მიისწრაფვის.

„როდესაც ქვეყანა იღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს უკვე დიდი ნაბიჯია ევროკავშირის წევრობისკენ, რომელიც დაახლოებით 2028-29 წლების პერსპექტივაა. ევროკავშირის მიზანია გაფართოვდეს ახალი წევრებით და ამ კუთხით საქართველოც მოიაზრება.

პირველ რიგში, სტატუსი ქვეყანას წმინდა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. დავიწყოთ იმითი, რომ ქვეყანა როდესაც ხდება ევროკავშირის კანდიდატი, ეს არის სიგნალი ძალიან ბევრი უცხოელი და განსაკუთრებით ევროპელი ინვესტორებისთვის. ქვეყანას მიენიჭება უფრო მაღალი მდგრადობის ხარისხი, რაც პირდაპირ აისახება საერთაშორისო რეიტინგებზე. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის რეიტინგებს წინ წასწევს, რასაც დროდადრო გვანიჭებენ უცხოური კომპანიები.

სერიოზული ფაქტის წინაშე ვართ, საქართველო ხდება რეგიონში ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი. ასეთი სტატუსი რეგიონში არც ერთ ქვეყანას არ აქვს, გარდა თურქეთისა. კანდიდატის სტატუსი ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, რომ კავკასიის ცენტრი ვხდებით“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

ერთ-ერთ საყურადღებო ცვლილება შესაძლოა, საქართველოში უძრავი ქონების მიმართულებით მოხდეს და მისი ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდოს. კომპანია Eristavi Estates-ის დამფუძნებელის ზურაბ ერისთავის შეფასებით, ევროსტატუსმა შესაძლოა, უძრავი ქონების ბაზრის 10-15%-იანი ზრდა გამოიწვიოს.

მისი ვარაუდით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც ქვეყნის კურსს და მიმართულებებს განსაზღვრავს, ბიზნესს მეტ რწმენას მისცემს, გაიზრდება ნდობა უძრავი ქონების სექტორის მიმართ.

„დადებითი რეკომენდაციის შედეგად, ცალსახად, ველოდებით პოზიტიურ დამოკიდებულებას და ყოველი პოზიტიური დამოკიდებულება უძრავი ქონების ფასებზე დადებითად მოქმედებს. ვერ ვიტყვი, რა მოლოდინი შეიძლება იყოს ფასის ზრდის თვალსაზრისით, მაგრამ, თავად მოლოდინის გამართლება ნამდვილად, რაღაც დადებითს გამოიწვევს. შეიძლება, სპექტრის 10-15%-იანი ზრდაც დაფიქსირდეს. გაიზრდება რწმენა, უძრავი ქონებისადმი დამოკიდებულება გამყარდება, შესაბამისად, მოთხოვნაც უფრო მოიმატებს“, - განუცხადა „ბიზნეს-პარტნიორს“ ზურაბ ერისთავმა.