რობერტ დე ნიროსა და მის კომპანიას Canal Productions მსახიობის ყოფილმა ასისტენტმა გენდერული დისკრიმინაციისთვის და მტრული გარემოს შექმნისთვის უჩივლა. განაჩენით თავად დე ნირო გამართლდა, თუმცა სასამართლომ კომპანია გაამტყუნა და მას ზარალის ანაზღაურებისთვის $1.2 მილიონი დააკისრა.
გრაჰამ ჩეის რობინსონი, რომელიც კომპანიაში 11 წელი მუშაობდა, დე ნიროს დამამცირებლად მოპყრობასა და შევიწროებაში ადანაშაულებდა, ჰყვებოდა, რომ დე ნირომ რამდენჯერმე ძუკნა უწოდა და Canal Productions-ს კი მტრული გარემოს შექმნაში სდებდა ბრალს. რობინსონი ზიანის ასანაზღაურებლად $12 მილიონს ითხოვდა.
Canal Production გრაჰამ რობინსონს კომპანიის მიმართ არალოიალურ დამოკიდებულებასა და თაღლითობაში სდებდა ბრალს, თუმცა სასამართლომ ეს ვერ დაადგინა. დაზარალებული მხარე აცხადებს, რომ ვერდიქტით ბედნიერები არიან, რადგან დამტკიცდა, რომ რობინსონს არაფერი დაუშავებია და პირიქით — კომპანიამ დააზარალა.
დე ნიროს ადვოკატმა განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, საქმე მათთვის სასარგებლოდ დასრულდა, რადგან სასამართლომ მსახიობი და მისი კომპანია ერთმანეთისგან განაცალკევა და კომპანიას ბევრად ნაკლები თანხა დააკისრა, ვიდრე რობინსონი ითხოვდა.