ჯარედ ლეტო პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ემპაირ სტეიტ ბილდინგი

ჯარედ ლეტო პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ემპაირ სტეიტ ბილდინგი "დალაშქრა"

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი და როკჯგუფ Thirty Seconds to Mars-ის სოლისტი ჯარედ ლეტო პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ნიუ-იორკის სიმბოლოდ ქცეული ემპაირ სტეიტ ბილდინგი "დალაშქრა". ყოველ შემთხვევაში, როგორც ქალაქის მერიის წარმომადგენლები ადასტურებენ, 51 წლის მომღერალი პირველი ადამიანია, რომელიც ნაგებობის წვერზე კანონიერად აძვრა.

20-წუთიანი "ლაშქრობის" მიზანი კი Thirty Seconds to Mars-ის მორიგი მსოფლიო ტურნეს დაანონსება იყო. თუმცა, ლეტოს თქმით, ამ მიზნის გარეშეც დიდი ხანია, ემპაირ სტეიტ ბილდინგზე აცოცება სურდა.

"გასაოცარია მზის ამოსვლის ხილვა იმ ქალაქის თავზე, რომელიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს", — ამბობს მუსიკოსი, — "ბავშვობიდან მოყოლებული, ნიუ-იორკი ჩემთვის ის ადგილი იყო, სადაც ოცნებები ხდება. პატარაობაში მინდოდა, ხელოვანი ვყოფილიყავი, ამ მიზნისთვის კი ხალხი სწორედ ნიუ-იორკისკენ მოეშურებოდა. ემპაირ სტეიტ ბილდინგი ჩემთვის სწორედ ამის სიმბოლოა".

ლეტო ამატებს, რომ ნიუ-იორკის ერთ-ერთ უმაღლეს ნაგებობაზე აცოცებისას ნერვიულობაზე მეტად აღფრთოვანებას გრძნობდა.

"თუმცა, უნდა გამოგიტყდეთ, ძალიან, ძალიან ძნელი იყო", — ამბობს მუსიკოსი, — "იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. დიდი ენერგია და სიმტკიცე დამჭირდა".

ემპაირ სტეიტ ბილდინგი, რომელიც არა მხოლოდ ნიუ-იორკის, არამედ აშშ-ის ერთ-ერთ სიმბოლოდაც კი მიიჩნევა, მანჰეტენზე მდებარე ცათამბჯენია. არტ-დეკოს სტილის 102-სართულიანი შენობა 1930-31 წლებში შენდებოდა. ნაგებობის სიმაღლე, მის წვერზე დამაგრებული ანტენის ჩათვლით, 443 მეტრს აღწევს.

1970 წლამდე ემპაირ სტეიტ ბილდინგი მსოფლიოს უმაღლეს შენობადაც მიიჩნეოდა, თუმცა, დღეს მხოლოდ ნიუ-იორკის ნაგებობებს შორისაც კი მე-7 ადგილს იკავებს სიმაღლის მიხედვით. ამის მიუხედავად, ცათამბჯენი ტურისტების საყვარელ ადგილად რჩება. შენობის 86-ე და 102-ე სართულებზე განთავსებულ სამზერ სივრცეებს, საიდანაც ხედი მთელ ქალაქზე იშლება, ყოველწლიურად ოთხ მილიონამდე ადამიანი სტუმრობს მთელი მსოფლიოდან.