ნამახვანის, ნენსკრას და ხუდონის პროექტები შესაძლებელია, ძალიან მოკლე პერიოდში განხორციელდეს. „ საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის” თავმჯდომარემ დავით მირცხულავამ მსგავსი სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგოპროექტების გადაყოვნება დაუშვებელია. ჰიდროენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის მიისწრაფის მთავრობაც, რომელიც რამდენიმე მიმართულებით ცდილობს გააქტიურებას.
„მე სამივე პროექტს ვიცნობ და ვერ ნახავთ ქვეყანას, ვისაც ასეთი პროექტები შეიძლება ჰქონდეს და არ განახორციელოს, ასეთი პოტენციალი ჰქონდეს და არ აითვისოს. ამაზე ჩვენ ყველა ვსაუბრობთ, მაგრამ მეორე მხრივ, ზოგიერთი - ექსპერტს დავარქმევ, გამოდის და ამბობს, განახლებადი ენერგია უნდა განვავითაროთო… განახლებადი ენერგია ვერ განვითარდება, თუ ჩვენ ამ მანევრულ ჰიდროსადგურებს არ ავაშენებთ. ეს ეხება ჰიდროაკუმულაციურ, მარეგულირებელ ჰესებს, კაშხლიან ჰესებს, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ რაც შეიძლება მეტი განახლებადი ენერგიის წყარო ინტეგრირდეს ჩვენს სისტემაში. ეს რესურსი, რომელიც ღმერთისგან გვაქვს ბოძებული, უნდა ავითვისოთ“, - აღნიშნა „საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის“ თავმჯდომარემ დავით მირცხულავამ.
მისივე თქმით, ახლა, გადამუშავებული პროექტების ახლებურად განხორციელების პერსპექტივა დიდია.
„ვხედავ პერსპექტივას იმით, რომ პროექტები ახლა გადამუშავების სტადიაშია, ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს და ვფიქრობ, რომ იმ ახალი მიდგომებით, რაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააჟღერა, შესაძლებელია, ეს პროექტები ძალიან მოკლე ვადაში განხორციელდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.
ზოგადად, გაიჟღერა უამრავმა არასწორმა ინფორმაციამ. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბეტონის კაშხალი საერთოდ არ დანგრეულა არც ერთი სეისმური რისკის გათვალისწინებით და მაღალსაიმედოდ გამოიყურება. მაგრამ, არამც და არამც, არც ერთხელ არ მითქვამს, რომ არ უნდა მიექცეს სეისმური მდგრადობის კრიტერიუმებს ყურადღება. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ამასთან, მეტი საუბარია მოსახლეობასთან საჭირო და ვფიქრობ, რომ ადამიანები მიხვდებიან, რომ ეს ის რესურსია, რომელიც უნდა ავითვისოთ“ - განაცხადა მირცხულავამ „ბიზნესპარტნიორთან“.
ენერგეტიკოსების პოზიციას სრულად იზიარებს მთავრობაც, სადაც უკვე მკაფიოდ მიანიშნეს, რომ ნამოხვანის ჰესის მშენებლობის საკითხი მალე დაიძვრება და ევროპული ინვესტორის შემოყვანას აპირებენ. პროექტი, სავარაუდოდ, თავიდან გადაიხედება.
„საარბიტრაჟო დავის მიუხედავად, პარალელურად წარიმართება პროცესი, რომ ნამოხვანჰესის პროექტი განვახორციელოთ მაღალი სტანდარტებით, მაღალი რეპუტაციის და გამოცდილების ინვესტორთან ერთად. დაინტერესება არის ძირითადად ევროპული კომპანიების მხრიდან, თუმცა ნაადრევია ამაზე საუბარი, რადგან ფორმალური პროცესი არ დაწყებულა და ჯერჯერობით საზოგადოებას ინფორმაციას ვერ მივაწვდით“, - განაცხადა ორიოდე კვირის წინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მანამდე კი მთავრობა პატარა ჰესების აშენებას მოუსინჯავს კბილს. უკვე ცნობილია, რომ ონისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში 30 მლნ დოლარის ღირებულების ორი ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდება. საკითხი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ონის მუნიციპალიტეტში 11,8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური აშენდება, ხოლო ჩხოროწყუს ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ იქნება.
„ეს იყო ორი ენერგეტიკული პროექტი, რომელთა განხორციელებაც სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში იგეგმება. ერთი პროექტი არის კვლევების დასრულების ფაზაში და მალე გადავა სამშენებლო ეტაპზე, ხოლო მეორე - კვლევების დაწყების ეტაპზე“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ჰიდროენერგეტიკის განვითარება მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის.