შერონ სტოუნის თქმით, Sony-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ადრე სექსუალურად შეავიწროვა

შერონ სტოუნის თქმით, Sony-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ადრე სექსუალურად შეავიწროვა

ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი შერონ სტოუნი იხსენებს, რომ კომპანია Sony Pictures-ის ყოფილი ხელმძღვანელის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გამხდარა. ოსკარის ნომინანტ ვარსკვლავს ხელმძღვანელის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა, აღნიშნა, რომ ეს მისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მომხდარი უკანასკნელი "უჩვეულო" შემთხვევა არ ყოფილა.

65 წლის მსახიობი ჰყვება, რომ 1980-იან წლებში, როცა საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა, Sony-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა შეხვედრაზე დაიბარა. შეხვედრაზე სტოუნს უთხრეს, რომ კომპანიას მისნაირი "ათწლეულებია, არ უნახავს" და რომ ის "ყველაზე ლამაზია". ამ მცირე გასაუბრების შემდეგ კი, კომპანიის ხელმძღვანელმა მსახიობის თვალწინ გენიტალიები გამოაჩინა.

როგორც მსახიობი იხსენებს, კაცმა ოთახი მისი ისტერიული რეაქციის შემდეგ დატოვა. მოგვიანებით კი, მისმა მოადგილემ სტოუნი ოფისიდან გააცილა.

"წინათ ამ ისტორიას ვერ მოვყვებოდი", — აღნიშნავს კინოვარსკვლავი, — "Sony ჩემთან აღარასდროს ითანამშრომლებდა".

სტოუნმა 2021 წელს თავისი მემუარები, The Beauty of Living Twice ("ორჯერ ცხოვრების მშვენიერება") გამოსცა. მსახიობის თქმით, მაშინ მისგან მოელოდნენ იმის გამხელას, გამხდარა თუ არა ჰოლივუდში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

შერონ სტოუნი ერთადერთი მსახიობი არაა, რომელმაც კინოინდუსტრიაში სექსუალური ძალადობის ფაქტებზე ღიად ისაუბრა. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე ჰოლივუდის გავლენიან პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს, უკავშირდება, რომელიც წინა წლებში 80-ზე მეტმა ადამიანმა დაადანაშაულა გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში. 2020 წელს ვაინშტაინს ჯერ 23-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, მოგვიანებით კი, 16-წლიანი სასჯელიც დაემატა.