ვასო აბაშიძე - რკინისგზის აგენტი

ვასო აბაშიძე - რკინისგზის აგენტი

დიახ, იყო შემთხვევა რომ ჩვენი საყვარელი ვასო რკინისგზის აგენტათ იყო. აუტანელმა გაჭირვებამ აიძულა სცენას დაშორებოდა და რკინისგზის აგენტობით შეენახა თავისი თავი, თავისი ცოლი, ჩვენი თეატრის ძვირფასი საუნჯე მაკო და თავისი პატარა ქალიშვილი - მომავალი შვენება ქართული თეატრისა - ტასო.

ეს იყო ოთხმოციან წლებში. ერთ დღეს ბათომში ჩამოვიდა ვასო მარტოდ, უდასოთ და ჩვენს შეკითხვაზედ გამოგვიცხადა, რომ გაჭირვებამ ლამის სული ამომახდინოსო მე და ჩემს ცოლშვილსაო და გადავწყვიტეთ სცენას მოვშორდეთ და სამსახურში შევედიო რკინისგზის აგენტათ და აქეთ, ბათომში გამომამწესესო.

ეს ადგილი ეშოვნა მისთვის ვგონებ ნიკო ნიკოლაძეს, რომელიც კარგ განწყობილებაში იყო რკინისგზის მმართველთან, ერთ დროს ცნობილ ვედენეევთან.

ვასოსაგან ამის გაგონებამ ჯერ გული მეტად დაგვწყვიტა, მერმე კი შიშს მიგვცა. შიშს იმის გამო, რომ ის გამოგზავნილი იყო იმისთანა კაცის ხელქვეით მოსამსახურეთ, როგორც იყო ბათომის სადგურის უფროსი ვინმე ჟურავკა - კაცი უხეში, სასტიკი, უდიერი. ისეთი პიროვნება, რომ მასთან გაძლება არა თუ ვასოს არ შეეძლო, გაცილებით უფრო მომთმენ და ამტან ხალხისათვისაც სამძიმო იყო.

ფორმიან ქუდით ვასო გვარწმუნებდა, რომ ვერც ჟურავკა გაუბედავდა მას შეურაცხყოფის მიყენებას და თავადაც გულმოდგინე აგენტი იქნებოდა. ბევრი ვიცინეთ მის შინდისფერ კანტიან ქუდზეც, მაგრამ შიში მაინც არ გაგვშორებია, რომ ერთ დღეს ვასო და ჟურავკა დეეტაკებოდნენ ერთმანეთს. ამისათვის იყო მიღებული ზომა, რომ  თუ ასეთი მოხდებოდა დროზედ ეცნობებინათ ჩვენთვის სადგურში მოსამსახურე ქართველებს.

ვასო შეუდგა სამსახურს და გვარწმუნებდა, რომ მშვენივრათ გრძნობდა თავს. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთ დღეს გვაცნობეს, რომ ვასოს და ჟურავკას ლაპარაკი მოუვიდათ სადგურშიო და მეტის მეტად გაცხარებული და გაჯავრებულია ვასო და ვაი თუ რამ არა სასიამოვნო დაბოლოება მიეცეს მათ შედავებასო.

გავექანეთ სადგურისკენ. შევიჭერით ოთახში, სადაც ეს ორი კაცი იყვნენ. რა ვნახეთ! გააფრთებულ ვასოს მაგიდით მიუჭყლეტია კედელთან ჟურავკა, გაცოფებული უყვირის და აგინებს და თან მუშტებს უქნევს. ვეცით ვასოს, მოვაშორეთ მაგიდას, გამოვიყვანეთ ოთახიდან და წამოვიყვანეთ სადგურიდან.

როგორც იქნა დავაწყნარეთ, დავამშვიდეთ და დავითანხმეთ რომ გაბრუნებულიყო თბილისში. საღამოზედ იგი ჩავაბარეთ რკინიგზაზე მოსამსახურე აგენტს გენო ამილახვარს და ამან ჩამოიყვანა ვასო თბილისში.

რამდენიმე დღის შემდეგ ამილახვარმა მოგვიტანა ამბავი, რომ ვასომ დაანება აგენტობას თავი, კანტიანი ქუდი განზედ გადააგდო და უბრუნდება სცენასაო, სადაც ორივე ცოლქმარმა, - მაკომა და ვასომ არჩიეს შიმშილი და გაჭირვებაში ყოფნა.

დიახ, ბევრის უცნაურობის ამტანნი იყვნენ ჩვენი თეატრის ქურუმები, რომლებმაც თავის მაღალი სულიერი გამძლეობით შექმნეს ის დიდებული ტაძარი, რომელსაც ქვია ქართული თეატრი და რომლის აყვავებას შეჰხარის აღტაცებული ერი.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას