მეთიუ პერის სახელობის ფონდი დაარსდა, რომელიც ადიქციასთან მებრძოლებს დაეხმარება

მეთიუ პერის სახელობის ფონდი დაარსდა, რომელიც ადიქციასთან მებრძოლებს დაეხმარება

ლეგენდარული სიტკომ Friends-ის მსახიობი მეთიუ პერი 28 ოქტომბერს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ მეთიუ პერის სახელობის ფონდი შეიქმნა, რომელიც ადამიანებს ადიქციასთან ბრძოლაში დაეხმარება.

ფონდს საქველმოქმედო ორგანიზაცია National Philanthropic Trust აფინანსებს, მეთიუ პერის ფონდმა შემოწირულობების მიღება უკვე დაიწყო.

პერი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებსა და ნარკო და ალკოჰოლდამოკიდებულებას წლების განმავლობაში ებრძოდა, რაზეც მან 2022 წელს გამოცემულ მემუარშიც Friends, Lovers, and the Big Terrible Thing ისაუბრა.

"მეთიუ პერი ერთგულად ეხმარებოდა ადამიანებს, რომლებიც ადიქციას ებრძოდნენ და ჩვენც, მისთვის პატივის მისაგებად მეთიუ პერის სახელობის ფონდს ვაარსებთ მისსავე მემკვიდრეობაზე — მეთიუს გამოცდილებებზე, სიტყვებსა და რწმენაზე, რომ ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეგვიძლია", — ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

მსახიობი ნარკო და ალკოჰოლდამოკიდებულ ადამიანებს ეხმარებოდა და ამბობდა, რომ უნდა, მისი სიკვდილის შემდეგ საზოგადოებას ახსოვდეს, რომ ადამიანების დახმარება უყვარდა. მისი თქმით, არ სურდა, პირველი Friends ყოფილიყო, რაც მის პიროვნებაზე გაახსენდებოდათ.

მსახიობი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა ჯერჯერობით მისი გარდაცვალების მიზეზებზე ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. ის პარასკევს, 3 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში Forest Lawn-ის სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის, მაიკლ ჯექსონი და ელიზაბეტ ტეილორი არიან დაკრძალული.

დახურულ ცერემონიას მისი ოჯახი და Friends-ის მსახიობები — ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, მეთ ლებლანკი, ლიზა კუდროუ და დევიდ შვიმერი ესწრებოდნენ. მეთიუს გარდაცვალებას შოუს ხუთეული საერთო განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ამბობდნენ, რომ ისინი ერთმანეთისთვის ოჯახი იყვნენ და მეგობრის დაღუპვით განადგურებულები არიან.

პერის გარდაცვალების გამო მწუხარება სერიალის შემქმენელებმაც გამოხატეს — მათი თქმით, ძალიან გაუმართლათ, რომ მეთიუ მათი ცხოვრების ნაწილი იყო. მსახიობს Friends-ში ჯენისის როლის შემსრულებელი მეგი უილერიც დაემშვიდობა და თქვა, რომ სიხარული, რომელიც პერიმ მსოფლიოს მოუტანა, იცოცხლებს.