ელვის პრესლის შვილმა ელვისსა და პრისცილაზე გადაღებულ ფილმს ზიზღით სავსე უწოდა

ელვის პრესლის შვილმა ელვისსა და პრისცილაზე გადაღებულ ფილმს ზიზღით სავსე უწოდა

რეჟისორმა, სოფია კოპოლამ ელვის პრესლისა და პრისცილა პრესლის სასიყვარულო ურთიერთობაზე ფილმი Priscilla გადაიღო, რომლის მსოფლიო პრემიერაც ცოტა ხნის წინ შედგა. ფილმი პრისცილას 1985 ავტობიოგრაფიულ ნოველას, სახელად Elvis and Me-ს, ეფუძნება და ვარსკვლავთან ცხოვრების პრისცილასეულ პერსპექტივას გვიჩვენებს. ელვისისა და პრისცილას რომანი მაშინ დაიწყო, როცა პრესლი 24 წლის იყო, პრისცილა კი 14-ის.

ფილმის გამოსვლამდე მისი სცენარი ელვის პრესლის შვილმა, ლიზა მარიამ წაიკითხა და გაოცება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, როგორ პიროვნებადაც იყო აღწერილი მამამისი ფილმში. მან კოპოლას წერილიც კი მისწერა, რომელშიც სცენარის შეცვლა სთხოვა, რათა საზოგადოების თვალში ელვისისა და მისი ოჯახის რეპუტაცია არ შელახულიყო. ეს ლიზა მარიას გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2022 წლის სექტემბერში მოხდა.

პრესლიმ ფილმს ზიზღითა და შურისძიების სურვილით სავსე უწოდა. მისი თქმით, ფილმში ელვისი მოძალადედ და მანიპულატორადაა გამოყვანილი, რაც მის რეალურ სახეს არ შეესაბამება. ასევე, მან ოსკაროსან რეჟისორს ელვისის შვილიშვილების პატივისცემისკენ და სცენარის გადახედვისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ელვისის ყოფილი ცოლი, პრისცილა, რომლის სახელიც ფილმს ჰქვია და რომლის მემუარსაც ეკრანიზაცია ეყრდნობა, კოპოლას ნამუშევარს აქებს და მის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა. ლიზა მარია კი წერდა, რომ თუ რეჟისორი სცენარს არ შეცვლიდა, ის არც დედამისის წინააღმდეგ წასვლას მოერიდებოდა.

"იმედი მაქვს, როცა ფილმს იხილავ, აზრს შეიცვლი და დაინახავ, რომ ამ ეკრანიზაციით დედაშენის მიმართ ძალიან დიდი პატივისცემა გამოვხატე, მამაშენი კი სენსიტიურობითა და კომპლექსურობით აღვწერე", — მიწერა პასუხად კოპოლამ.

ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, პრისცილას როლის შემსრულებელმა მსახიობმა, კეილი სპანიმ კი როლისთვის საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდოც დაიმსახურა.