დეპუტატების ხელფასი ნახტომისებურად იზრდება და ამაზე უკმაყოფილებას არავინ გამოთქვამს

დეპუტატების ხელფასი ნახტომისებურად იზრდება და ამაზე უკმაყოფილებას არავინ გამოთქვამს

2025 წლის 1-ლი იანვრიდან, პარლამენტის დეპუტატებს, სავარაუდოდ, ხელფასი გაეზრდებათ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის ინიციატორი თავად არის. თუკი ცვლილება დამტკიცდება, პარლამენტის წევრების ანაზღაურება, რომელიც ახლა 4 000-დან 7 000 ლარის ფარგლებში მერყეობს, 8 000-დან 10 000 ლარამდე გაიზრდება.

„საქართველოს პარლამენტის წევრის ანაზღაურება რეგულირდება პარლამენტის რეგლამენტით და არ არის მიბმული საჯარო სამსახურის სისტემაზე. მათ შორის, ის 10%-იანი ზრდა, რაც საჯარო სექტორში არის, პარლამენტის წევრებს არ ეხებათ. ამან შედეგად გამოიღო, რომ დღეის მდგომარეობით, პარლამენტის წევრების ანაზღაურება უფრო დაბალია, ვიდრე ძალიან ბევრი საჯარო მოხელის, მათ შორის, იმ სტრუქტურებში, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიმართ არიან ანგარიშვალდებულები. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის აპარატში არის რამდენიმე ათეული თანამშრომელი, რომელთა ხელფასი არის უფრო მაღალი, ვიდრე პარლამენტის წევრის. შესაბამისად, არის საჭიროება, რომ ყველაფერი შესაბამისობაში მოვიდეს.

ამიტომ ჩემი ინიციატივა ასეთია, რომ მართალია, არა ამ მოწვევის, მაგრამ მომავალი მოწვევის პარლამენტში, ანუ 2025 წელის პირველი იანვრიდან, ანაზღაურება შესაბამისობაში მოვიდეს იმ კოეფიციენტებთან, რომელიც დადგენილია კანონმდებლობით,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციიდან მსუბუქი უკმაყოფილება მხოლოდ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა გამოთქვა. იგი მიიჩნევს, რომ დეპუტატის ხელფასი თავის დროზე არ უნდა ყოფილიყო გამოცალკევებული საერთო რეფორმიდან.

„ძალიან მიკვირს, რატომ შემოაქვს პაპუაშვილს ეს საკითხი დღის წესრიგში ახლა. მე შემიძლია ზოგადი კომენტარი გავაკეთო, თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო გამოცალკევებული პარლამენტის წევრების ხელფასი და ეს უნდა გახდეს რაღაც ეტაპზე საერთო სისტემის ნაწილი. ცხადია, პარლამენტის წევრებიც და სხვა საჯარო მოხელეებიც ერთნაირი მიდგომის ნაწილი უნდა იყოს. თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი დეპუტატებზე“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ის, რაც ეკონომიკურად გამართლებულია (ბიუჯეტს სადეპუტატო ანაზღაურების შესაძლებლობა ახლა ნადვილად აქვს), მორალური თვალსაზრისით, გაუმართლებლად მიაჩნია ფინანსისტ ზვიად ხორგუაშვილს.

„ეს თანხა ბიუჯეტისთვის ძალიან ცოტაა, იქ ნამდვილად არის შესაძლებლობა, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტორი არ უნდა იყოს გადამწყვეტი. გასათვალისწინებელია ის, რომ ამ ადამიანების ხელფასი პირდაპირ იყოს დაკავშირებული, თუ როგორ მუშაობს სისტემა, იქნება ეს ხელისუფლების ზედა შტოები თუ საშუალო რგოლის პერსონალი. კრიტერიუმი შეიძლება იყოს სხვადასხვა მაკროპარამეტრი იმის მიხედვით, როგორ ასრულებს ხელისუფლება დაკისრებულ მოვალეობას.

სხვა თანაბარ პირობებში არ არის პრობლემა, გაზარდონ ხელფასები. ეკონომიკურად აქვს ამას საფუძველი, მაგრამ რამდენად გამართლებულია მორალურად, რამდენად გაუმჯობესდა მათი საქმიანობით მოსახლეობის მდგომარეობა, ესეც უნდა იყოს გათვალისწინებული.

როდესაც ეკონომიკა 4-5%-ით იზრდება და ნომინალური საშუალო ხელფასი გაიზარდა 10-20 ლარით, ამ დროს ჩინოვნიკებისთვის 40-80%-ით გაზრდილი ხელფასი მორალურადაც მიუღებელი უნდა იყოს“, - განაცხადა ხორგუაშვილმა.

მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირების ხელფასების ზრდა, ხარჯვით ნაწილს ყოველწლიურად 5 700 000 ლარით გაზრდის.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, რომელსაც პარლამენტს თავად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წარუდგენს, დეპუტატების გასამრჯელო განისაზღვრება შემდეგნაირად:

პარლამენტის თავმჯდომარე – 10 000 ლარი - (იზრდება 3 260 ლარით),

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 9 500 ლარი (იზრდება 3 100 ლარით),

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 9 250 ლარი (იზრდება 2 910 ლარით),

კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 9 000 ლარი (იზრდება 3 460 ლარით),

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 8 750 ლარი (იზრდება 3 950 ლარით),

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 8 500 ლარი (იზრდება 3 760 ლარით),

პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 8 250 ლარი - (იზრდება 3 626 ლარით).

რეგლამენტის პროექტის მიხედვით, 5 000 ლარის ოდენობით იზრდება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას.

თომა ნაბუშრები ხართ ვინც წარადგინა და ნაბუშრები იქნებით ვინც მხარს დაუჭერთ.😡
3 თვის უკან
amo უპატრონო ქვეყანაა. შენ დაუკარ!
3 თვის უკან
ლაზი უკმაყოფილება, ვინმეს ხელფასის ზრდაზე კი არ უნდა გამოითქვას არამედ იმაზე, 15 წელი გაყინულ ხელფასზე რომ მუშაობს მთელი რიგი სახელმწიფო დაწესებულები. ვიღაცების ხელფასები კი სისტემატურად იზრდება და ზოგიერთ შემთხვევაში კოსმოსურ ციფრებს აღწევს. მაგალითად, მარეგულირებლების და სახელმწიფო ფონდების.
დეპუტატის და ყველა სახელმწიფო დაწესებულების, ყველა თანამდებობის ხელფასი კოეფიციენტით უნდა იყოს განსაზღვრული, საბაზო საბიუჯეტო პროფესიების ხელფასებიდან გამომდინარე. ასეთად შეიძლება ავიღოთ მასწავლებლის ძირითადი (და არა დანამატები. ეს დანამატები ცალკე მსჯელობის საკითხია, რა ეფექტს იძლევა საერთოდ) ხელფასი. ასე უნდა იყოს, კოეფიციენტირებული ყველა საბიუჯეტო და სახელმწიფო დაწესებულების ნებისმიერი თანამდებობის სახელფასო განაკვეთი, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების და ა. შ. ეს იქნება საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა.
თუ გაიზრდება საბაზო ხელფასი, შესაბამისად გაიზრდება სხვებიც. ყველა სხვა წესით ხელფასის ზრდა, ყოველთვის იქნება დისკრიმინაციული და უსამართლო.
3 თვის უკან