ახალმა კვლევამ ასობით დაღუპული ადამიანის ნაშთი ანტიკურ ომთან დააკავშირა. მასობრივი საფლავი ჩრდილოეთ ესპანეთში აღმოაჩინეს და მკვლევრების თქმით, იქ 5 000 წლის წინ ომში დაღუპული ადამიანები იყვნენ დამარხული.
სავარაუდოდ, ეს ევროპის კონტინენტზე პირველი მასშტაბური კონფლიქტი იყო, რომელშიც მონაწილეობას ძალიან ბევრი ადამიანი იღებდა.
მკვლევრებმა 338 ადამიანის ძვლები გააანალიზეს და დაადგინეს, რომ თითქმის ყოველ მათგანს დაზიანებები ისრებითა და სხვა საბრძოლო იარაღით ჰქონდა მიღებული.
მკვლევრები ამბობენ, რომ კონფლიქტი რამდენიმე თვეს გრძელდებოდა. ეს ეჭვქვეშ აყენებს წინა ვარაუდს, რომ ადრეული საზოგადოებები მხოლოდ მცირე მასშტაბის კონფლიქტებში იყვნენ ჩართული.
კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა. მას ტერეზა ფერნანდეს-კრესპო ხელმძღვანელობდა.
მკვლევრებმა ჩონჩხის ნაშთები რიოხა ალავესას რეგიონის გამოქვაბულში შეისწავლეს. ნაშთები 5 400-დან 5 000 წლამდე თარიღდება. საუბარია გვიან ნეოლითის პერიოდზე, რა დროსაც ევროპის კონტინენტზე მიწათმოქმედება ვრცელდებოდა.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დაღუპულების 23,1%-ს თავის ქალა ჰქონდა დაზიანებული. მათგან 10,1%-ს მოუშუშებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ჭრილობის მიღებიდან მალევე დაიხოცნენ.
ასევე დადგინდა, რომ დაზიანებების უმეტესობა (74,1%) მოზარდებსა და კაცებზე მოდიოდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ომში ძირითადად კაცები იყვნენ ჩართული.
საინტერესოა, რომ ნეოლითურ პერიოდზე მიკუთნებულ სხვა კონფლიქტებში ქალები უფრო მეტად იყვნენ ჩართული, ვიდრე ეს ახალმა კვლევამ აჩვენა.
მკვლევრებმა 52 კაჟის ისარიც აღმოაჩინეს. კვლევებმა აჩვენა, რომ 36 ინდივიდს ამ ისრებისგან ჰქონდა მიღებული დაზიანებები.
კონფლიქტის მიზეზები უცნობია. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მასშტაბურ კონფლიქტს კულტურული ან ეკონომიკური ფაქტორები გამოიწვევდა. ეს შეიძლება ყოფილიყო კონკურენცია რესურსებსა და მიწებზე. საბოლოოდ, კონფლიქტში იმ დროისთვის ძალიან ბევრი რეგიონალური ჯგუფი უნდა ჩართულიყო.
კვლევა საინტერესოა პრეისტორიული ევროპის გასაანალიზებლად. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მასშტაბური კონფლიქტები პრეისტორიულ პერიოდშიც ხდებოდა.
ცნობილია, რომ ახლო აღმოსავლეთსა და შუამდინარეთში პირველი ქალაქებისა და სახელმწიფოების აღზევება კაცობრიობის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი იყო. მიუხედავად ამისა, სწორედ მას მოჰყვა მასშტაბური კონფლიქტები და ძალადობა.
Nature Human Behavior-ში გამოქვეყნებულ კვლევაში აღწერილია როგორ შეისწავლეს ათასობით ჩონჩხი. მათ უმეტესობას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მასშტაბურმა ძალადობამ პიკს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4500-დან 3300 წლამდე მიაღწია. ეს ის პერიოდია, როდესაც მასშტაბური საზოგადოებები ყალიბდებოდა. სწორედ ამ დროს ადამიანები მონადირეობა-შემგროვებლობიდან მიწათმოქმედებაზე გადავიდნენ.
კვლევების თანახმად, სწორედ ამ დროს გაჩნდა დიდი დასახლებები. ეტაპობრივად, კანონების, ვაჭრობისა და კულტურის განვითარებასთან ერთად ძალადობა შედარებით შემცირდა.