აპლიკაცია Lisa AI-ის რეკლამაში სკარლეტ იოჰანსონის ხელოვნურად გენერირებული ხმა გამოიყენეს, რისთვისაც მსახიობი კომპანიას სასამართლოში უჩივის. მისი თქმით, კომპანიამ საზოგადოების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მისი ხმა უნებართვოდ გამოიყენა.
რეკლამა სოციალურ ქსელში 28 ოქტომბერს გამოჩნდა, თუმცა მოგვიანებით ის წაშალეს. რეკლამა ფილმ Black Widow-დან სკარლეტის კადრს მიღმა სცენით იწყება, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ რეკლამაში მონაწილეობას თავად იოჰანსონი იღებს, მოგვიანებით კი კადრს მხოლოდ მსახიობის ხელოვნურად გენერირებული ხმა მიჰყვება.
რეკლამას თან ახლავს წარწერა, რომ ხმა Lisa AI-ის მეშვეობითაა მიღებული და რეალური არაა, თუმცა მსახიობის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ სკარლეტისთვის კომპანიას ნებართვა არ უთხოვია და მათ პასუხს სამართლებრივად მოსთხოვენ.
გასართობ ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრობლემატურობაზე სხვა მსახიობებიც საუბრობენ. მაგალითად, ტომ ჰენკსი ამბობს, რომ უკვე შესაძლებელი გახდა, მსახიობის გარდაცვალების შემდეგაც კი მისი მონაწილეობით ფილმები შეიქმნას, რადგან რეალობის ხელოვნური ინტელექტისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია. ჰენკსის თქმით, ინდუსტრიაში მსჯელობენ იმაზე, რომ მსახიობების ხმა თუ გარეგნობა მათი ინტელექტუალური საკუთრებაა და სხვებს ამის გამოყენება მათი ნებართვის გარეშე არ უნდა შეეძლოთ.