მერაია ქერი და მისი ცნობილი სიმღერა All I Want for Christmas is You ისევ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მერაია ქერის კომპოზიტორი ენდი სტოუნი "საავტორო უფლებების დარღვევისა და უსამართლოდ გამდიდრების" ბრალდებით უჩივის. ენდი სტოუნის განცხადებით, მერაია ქერის ჰიტამდე ხუთი წლით ადრე სიმღერა იდენტური სათაურით მას უკვე გამოშვებული ჰქონდა.
ენდი სტოუნი ბენდ Vince Vance & The Valiants-ის წევრია. ბენდმა სიმღერა All I Want for Christmas is You 1989 წელს გამოუშვა, რის გამოც ახლა მერაია ქერის ედავებიან. ენდი სტოუნმა მერაია ქერისა და სიმღერის გამომშვებ სტუდია Sony Music Entertainment-ის წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.
სტოუნი ამტკიცებს, რომ მისი ნამუშევარი მომღერალმა და ლეიბლმა "გაცნობიერებულად და მიზანმიმართულად" მიითვისეს, იდენტური სათაურის გამოყენების გამო კი, მათ საავტორო უფლებების დარღვევაშიც ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ სტოუნმა მსგავსი შინაარსის საჩივარი გასულ წელს ლუიზიანის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა, თუმცა დავის განხილვა აღარ გაგრძელებულა.
მოსარჩელეების განცხადებით, მერაია ქერისა და მის პარტნიორ სტუდიას სტოუნის All I Want for Christmas Is You მსგავსი სათაურის სიმღერის შექმნისას უკვე მოსმენილი ჰქონდათ, რადგან ჰიტი პოპულარული იყო. სარჩელის თანახმად, მერაია ქერისა და Sony Music Entertainment-ს სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში, 20 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ All I Want for Christmas is You მერაია ქერის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიმღერაა, რომელმაც მუსიკოსს $60 მილიონზე მეტი შემოსავალი მოუტანა. კომპოზიცია პირველი საშობაო ტრეკი გახდა, რომელსაც ამერიკის ხმის ჩამწერი კომპანიების ასოციაციამ (RIAA) ბრილიანტის სტატუსი მიანიჭა.