ვერ გეტყვით, რას დაამსგავსა პოლიტიკამ ადამიანები, ვინ ვის ეთამაშება კატა-თაგვობანას, ვინ რა ქონების პატრონია და ვის ვისი რა მართებს, მაგრამ თითოეული მათგანის უკან, თავისებურად, საინტერესო ისტორია დგას, რომელიც სავსეა ლაღი და მხიარული, ზოგჯერ სევდიანი, ადამიანური ურთიერთობებით. ნინო ბურჯანაძე და მისი ოჯახი ვიღაც-ვიღაცეების სამიზნე ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როცა ის აქტიურად ჩაება პოლიტიკაში. გზა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან ოპოზიციონერობამდე ზამთარივით სუსხიანი აღმოჩნდა, მაგრამ ბუნებით სწორუპოვარ ქალბატონს, რომლის მდიდრული ცხოვრება, ლამაზი სამოსი, ბრილიანტები, განათლებაც კი, ბევრს ყელში ეჩხირება. მისი ცხოვრების საათის ისარი საკმაოდ მძიმედ, მაგრამ მომართულია იმისკენ, რომ დღეს თქვენ ამაში დარწმუნდეთ.
გვიამბეთ, როგორ შეიქმნა ანზორ ბურჯანაძის ოჯახი, როგორია თქვენი დაბადებისა და ბავშვობის ისტორია.
– ჩემი მშობლები 1960 წლის 11 დეკემბერს დაქორწინდნენ. ერთად სწავლობდნენ ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. დედა 25 წლის იყო, მამა – 27 წლის, საკმაოდ პოპულარული ბიჭი იყო იმ დროს ქუთაისში. მამა ყოველთვის ყურადღებიანი და საინტერესო ადამიანი იყო, სიურპრიზების მოყვარული, რომელიც ძალიან ანებივრებდა დედას. დედაჩემი ძალიან აქტიური ქალბატონი გახლდათ. გარკვეული პერიოდი სპორტითაც იყო დაკავებული. თითქოსდა არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონოდა ორსულობის პერიოდში, მაგრამ მოხდა ისე, რომ ყველა მისი ორსულობა სავალალოდ დასრულდა. ჩემამდე სამი შვიდთვიანი შვილი შეეძინათ – ორი ბიჭი და ერთი გოგო, რომლებიც დაიღუპნენ. როდესაც ჩემზე დარჩა ფეხმძიმედ, ექიმებმა წოლითი რეჟიმი ურჩიეს. ცხრა თვის განმავლობაში, პრაქტიკულად, გაუნძრევლად იწვა. გავჩნდი საკეისრო კვეთით. მამა დღესაც ვერ იხსენებს მშვიდად იმ წუთებს, როდესაც მას ნაცნობილმა გინეკოლოგმა – ღუდუშაურმა უთხრა: შევეცდები, დედა გადავარჩინო, მაგრამ ბავშვის გადარჩენის იმედს ვერ მოგცემთო. საბედნიეროდ, ორივე გადავრჩით. წოლითმა რეჟიმმა დედას ჯანმრთელობა შეულახა, თირკმელები დაუზიანა. ექიმები კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ, კიდევ გაეჩინა შვილი. ის მზად იყო რისკზე წასულიყო, მაგრამ მამამ ამის უფლება არ მისცა და ძალიანაც კარგად მოიქცა, თუმცა მაინც მწყდება გული, რომ და ან ძმა არ მყავს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი წვალებით გავუჩნდი დედას, ის – არასდროს, მამა კი უფრო მანებივრებდა. განსაკუთრებული მომთხოვნი არ ვიყავი, მაგრამ საკმარისი იყო, რაღაც გამეფიქრებინა, რომ ყველაფერი მქონდა. დედა მკაცრი იყო, თუმცა, არ მახსოვს, მისი ხმამაღალი სიტყვა. როგორც ამბობენ, ძალიან ჭკვიანი ბავშვი ვიყავი, სულ სწავლისკენ მიდრეკილი და შესაბამისად, თავისუფალი დროც ნაკლებად მრჩებოდა. იმ პერიოდში ძნელად იშოვებოდა ლამაზი, ილუსტრირებული წიგნები, რომელიც ჩემთვის მამის მეგობარს დიმიტრი ქართველიშვილს, ყოფილ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, მოსკოვიდან ჩამოჰქონდა. დედას დამსახურებაა ის, რომ სწავლისადმი სიყვარული ჩამინერგა. ბუნებრივია, იყო ისეთი მომენტებიც, როცა სწავლა მეზარებოდა, მაგალითად, მუსიკის გაკვეთილების.
რატომღაც ბავშვის აღზრდაში ყოველთვის დედა უფრო აქტიურად იყო ჩართული, ვიდრე მამა. თქვენს ოჯახში რა ხდებოდა?
– მახსოვს, მამა ყოველ დილას ადრე მიდიოდა სამსახურში და გვიანობამდე მუშაობდა. ისიც კარგად მახსოვს, თერჯოლის რაიონში დიდთოვლობა რომ იყო, როგორ ათევდა ღამეებს იმისთვის, გზა გაწმენდილიყო და მოსახლეობა არ დაზარალებულიყო. მისი ასეთი დაკავებულობის მიუხედავად, ის, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას, თავის მეგობრებთან ერთად, ორგანიზებას უკეთებდა, ოჯახებით ჩავმსხდარიყავით მანქანაში და სხვადასხვა ისტორიულ ადგილებში წავსულიყავით მთელი ბავშვობა ამ ლამაზ რეალობაში გავატარე. მთავარი ის იყო, რომ ძალიან დიდ სიყვარულში ვიზრდებოდი. ამის კომპენსაცია არც მატერიალურს შეუძლია და არც არაფერს.
არ გიფიქრიათ, რადიკალურად სხვა პროფესია აგერჩიათ – მუსიკა, კინო, თეატრი?
– ჩვენი ოჯახი ყოველთვის გამოირჩეოდა მუსიკალური ნიჭით. მამაჩემის დები კარგად მღეროდნენ, დედა არაჩვეულებრივად უკრავდა გიტარაზე და მღეროდა, დედის დედას კარგი მუსიკალური მონაცემები ჰქონდა. ბებია საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან გახლდათ. ხშირად იხსენებდა ქუთაისში, რომ რიონის ნაპირზე დიდი სახლი ჰქონდათ და რიონის ადიდებისას სახლიც დაზარალდა. თვალწინ მიდგას, როგორ მიჰქონდა რიონის ტალღებს ჩემი საყვარელი თეთრი როიალიო. მათი ნიჭი მეც გამომყვა. მაშინდელი მუსიკალური კონკურსების მრავალგზის ლაურეატი ვიყავი. სკოლის ორკესტრში ვმღეროდი და ვუკრავდი გიტარაზე. განსაკუთრებით მომწონდა კლასიკური მუსიკა. მყავდა საყვარელი მომღერლები და დიდი სიამოვნებით ვუსმენდი მათ. ალბათ, ბედნიერი ვიქნებოდი, საოპერო მომღერალი ვყოფილიყავი, მაგრამ ამას განსაკუთრებული, ღვთისგან ნაბოძები ნიჭი სჭირდება. საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა ვნახე ფილმი „საბჭოთა კავშირის ელჩი“. ის ეძღვნებოდა კალანტაის, რომელიც მართლა არაჩვეულებრივი პროფესიონალიზმით ასრულებდა თავის მოვალეობას. ბუნებრივია, იმ პერიოდში ბავშვისთვის რომანტიკული იყო დიპლომატობა, პოლიტიკურ არენაზე გამოსვლა. თუმცა, ვერ გადამეწყვიტა დიპლომატი გავმხდარიყავი თუ ჟურნალისტი. მიმაჩნდა, რომ ჟურნალისტის სპეციალობა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში სხვა რეალობა იყო, მნიშვნელოვანი გახლდათ იმისთვის, ხალხს სიმართლე სცოდნოდა. ძირითადად, საერთაშორისო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები მაინტერესებდა და მინდოდა, მოსკოვში ჩამებარებინა. პირველად ცხოვრებაში, მამა ჩემი სურვილის წინააღმდეგ წავიდა – სანამ ბოლომდე არ ჩამოყალიბდები პიროვნებად, მინდა, საქართველოში იყოო. იძულებული გავხდი, თბილისში იურიდიულზე ჩამებარებინა. მაშინ აქ სხვა საშუალება არ იყო. მამამ პირობა შეასრულა და საშუალება მომცა, სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტში, ასპირანტურაში გამეგრძელებინა, საერთაშორისო სამართლის განხრით. რაც შეეხება სხვა პროფესიას, ამაზე არასდროს მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მომღერლები, მსახიობები, კომპოზიტორები ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმრები იყვნენ. ბევრმა, ალბათ, ისიც არ იცის, რომ მამა წელიწად-ნახევარი თეატრალურში სწავლობდა და შემდეგ გადავიდა ისტორიულზე. ის მეგობრობდა რამაზ ჩხიკვაძესთან, გურამ საღარაძესთან, რომელიც გვენათესავება, იმიტომ რომ ბებია საღარაძის ქალი იყო. თითქმის ყველა პრემიერაზე ვსხდებოდით მანქანაში და თბილისში მოვდიოდით.
სწავლაზე გადართული, ალბათ, ბიჭებისკენ არც კი იყურებოდით. როგორ მოიგო ბადრი ბიწაძემ თქვენი გული?
– ოცი წლის ვიყავი, ბადრის რომ გავყევი. როგორც თვითონ ამბობს, პირველ კურსზე, როგორც კი გამიცნო, მაშინვე გაუჩნდა ჩემ მიმართ გრძნობა. თვითონ მესამე კურსზე იყო. კალათბურთზე დამპატიჟა. თბილისის „დინამო“ და კაუნასის „ჟალგირისი“ თამაშობდა. იყო ერთი ასეთი ცნობილი, სიმპათიური კალათბურთელი ჩივილისი და მისი ავტოგრაფი მომიტანა. სასაცილო ის იყო, იმედი გაუცრუვდა, როცა დამინახა, რომ პაემანზე დიმა ქართველიშვილის პატარა გოგონასთან ერთად მივედი. ბადრი ძალიან ძლიერი პიროვნებაა. მან ზუსტად იცის, რა უნდა და როგორ მიაღწიოს მიზანს. ძალიან ყურადღებიანი იყო, ხანდახან გამაღიზიანებლადაც კი. არაჩვეულებრივი ვარდების მორთმევა იცოდა. ათას თაიგულში გამოარჩევდი, რომელი იყო მისი მოტანილი. დედა თავიდანვე გულშემატკივრობდა ბადრის. ერთხელ, რაღაცაზე ვიყავი გაბრაზებული და ვკითხე – ასე რატომ გულშემატკივრობ-მეთქი. მითხრა: მას აქვს ძალიან ბევრი ვაჟკაცური და კარგი თვისება. თანაც ვხედავ, რომ გულწრფელად უყვარხარ და შენ ჯერ კიდევ არ იცი, რას ნიშნავს, როცა ქმარს ცოლი უყვარსო. მამაც კეთილგანწყობილი იყო მის მიმართ. იცოდა, რომ ნორმალური ოჯახისშვილი იყო.
შვილის დაბადება უდიდესი მოვლენაა. გაიხსენეთ, თქვენი შვილების დაბადების მომენტი.
– მოხდა ისე, რომ ანზორიკოც შვიდთვიანი დაიბადა. ამან ოჯახში დიდი შიში გამოიწვია, ჩვენ უკვე გვქონდა მაგალითი, როგორ დაეღუპათ ჩემს მშობლებს სამი შვიდთვიანი ბავშვი. იმდენად ვიყავით შეშინებულები და სულ იმაზე ვფიქრობდით ჯანმრთელი თუ იქნებოდა და თუ გაიზრდებოდა, რომ ეს სიხარული არც გვიგრძვნია. საკმაოდ მძიმე პერიოდი გავიარეთ. ანზორიკო ძალიან ავად გაგვიხდა. მაშინაც ასეთი სიცხეები იყო, ლამის ორმოცდახუთ გრადუსამდე. პირობებიც გაცილებით უარესი, ვიდრე დღეს არის. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში თითქოსდა საუკეთესო საავადმყოფოში ვიწექით, ერთი თვის განმავლობაში ვიბრძოდით იმისთვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო. ღამეებს ვათევდით საავადმყოფოში. ერთხელაც მამა მეუბნება – ბავშვი გადარჩებაო. რა იცი-მეთქი. ჩამეძინა და სიზმარი ვნახე: ციდან ვიღაც დაეშვა თეთრ წვერსა და სამოსში, ხელში ბატკანი ეჭირა. ბატკანი მე გადმომცა და თვითონ სადღაც გაუჩინარდაო. რაც შეეხება რეზიკოს, უფრო მარტივად მოევლინა ამ ქვეყანას. ერთი წამითაც არ მიფიქრია, ერთ შვილზე გავჩერებულიყავი, იმიტომ რომ ვიცი, რას ნიშნავს, დედისერთობა. უბრალოდ, მე და ბადრი ვფიქრობდით, რომ ჯერ ასპირანტურა დაგვემთავრებინა და მერე გვეფიქრა მეორეზე. რეზიკო გაჩნდა იმ პერიოდში, როცა არც შუქი, არც გაზი და პრაქტიკულად, არაფერი არ იყო. რაღა დაგიმალოთ და რეზიკოს ნაცვლად ძალიან მინდოდა გოგო, სიამოვნებით გავაჩენდი მესამე შვილს და ეს არის, რაზეც ყველაზე მეტად მწყდება გული. ახლა არც ასაკი მიწყობს ხელს და არც ის მდგომარეობა, რაც რეალურად არის ქვეყანაში. ჩემს ქმარს ორი ძმა ჰყავდა და თვითონაც ყოველთვის უნდოდა, ბიჭები ჰყოლოდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვა: მეც მივხვდი, რომ გოგო აუცილებელია. როცა შენი და მამაშენის ურთიერთობას ვუყურებ, ვხვდები, როგორი განსაკუთრებულია მამისთვის გოგოო.
თქვენი ოჯახის, განსაკუთრებით კი მამათქვენის მიმართ ყოველთვის გაასმაგებული იყო საზოგადოების ინტერესი – როგორ გახდა ანზორ ბურჯანაძე მილიონერი. რეალურად რა და როგორ არის?
– სიმართლე გითხრათ, საერთოდ, ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ თავს მამაჩემის წინაშე. მამაჩემის ერთადერთი დანაშაული, რის გამოც ის დღეს ილანძღება, არის ის, რომ მისი შვილი ნინო ბურჯანაძეა. სანამ ნინო ბურჯანაძე არ გახდა აქტიური პოლიტიკოსი და ვიღაცეებისთვის, საშიში, მანამდე ანზორ ბურჯანაძე აუგად არავის უხსენებია. ანზორ ბურჯანაძეს, ზოგიერთებისგან განსხვავებით, არასოდეს შეშლია, ვისთან როგორ მოქცეულიყო – ვინ ვისი ცოლია, ვისი და, მეგობარი. უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული. ჰკითხეთ მწერლებს, „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს, რუსთაველის თეატრის ღვაწლმოსილ მსახიობებს, რამდენი ყურადღება გამოუჩენია აბსოლუტურად უანგაროდ და მეგობრულად. გაიკითხეთ, ვინ არიან ანზორ ბურჯანაძის მეგობრები. ამას წინათ, რამაზ ჩხიკვაძე ყვებოდა, როგორ იჩხუბა ერთ-ერთ სუფრასთან, სადაც, უკაცრავად და, ვიღაცამ წამოაყრანტალა – არ გაგვიწყალა გული ამ ბურჯანაძემ თავისი მამის მეგობრებითო. ბატონ რამაზს უკითხავს – რა გაქვს საწინააღმდეგო ანზორ ბურჯანაძის მეგობრებისო. იმ ვიღაცას უკითხავს – კი მაგრამ, ვინ არიან, რას წარმოადგენენო. მე ვარ ანზორ ბურჯანაძის მეგობარი და რა გაქვს საწინააღმდეგოო. თქვენი არაფერი, ბატონო რამაზო. შეგიძლიათ, ლეჩხუმში იკითხოთ მამაჩემის ოჯახი. სოფელი ორბელი ყველაზე დიდი სოფელია მთელ ლეჩხუმში და ჩვენი ოჯახი ერთ-ერთი უძლიერესი იყო და არასოდეს უჭირდა. უკაცრავად ამ დეტალებზე რომ გესაუბრებით, მაგრამ პირველი ორსართულიანი ქვის, აივნიანი სახლი, შიგნით შხაპითა და აბაზანით, ანზორ ბურჯანაძის კი არა, ვიქტორ ბურჯანაძის საკუთრება იყო. პირველი მასწავლებელი ორბელში ბაბუაჩემის ბიძა გახლდათ, პირველი ექიმი ბაბუას ბიძაშვილი იყო. ბაბუა დასავლეთ საქართველოში ცნობილი მეღვინე გახლდათ, რომლის რეცეპტით დღემდე ამზადებენ საუკეთესო რაჭულ და ლეჩხუმურ ღვინოებს. ასევე, წელგამართული იყო დედაჩემის ოჯახი, რომელსაც ძალიან სერიოზული ფინანსური შესაძლებლობები გააჩნდა. ერთ-ერთი პირველი მანქანა ქუთაისში მამაჩემს ჰყავდა. ჯერ მოტოციკლეტით დადიოდა, რომელიც ძალიან უყვარდა და მერე წითელი „მოსკვიჩით“ ამაყობდა. კარგად მახსოვს, მამაჩემი უკვე რაიკომის მდივანი იყო, ბაბუას იმდენი სარჩო-საბადო მოჰყავდა, შემოდგომაზე ძალიან სერიოზულ საჩუქრებს გვიკეთებდა. ძალიან მშრომელი კაცი იყო, ერთ წუთს ვერ გაჩერდებოდა უსაქმოდ. ჩვენ სხვანაირი ადამიანები ვართ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ძალიან დავაშავე ჩემი ოჯახის წინაშე, როდესაც ამდენ ცილისწამებას, სიბინძურეს არ ვუპასუხე და არც მამას მივეცი ამის უფლება. მამა ერთადერთი რაიკომის მდივანი იყო, რომელმაც კომუნისტების პერიოდში ლენინის ძეგლი აიღო. თქვენ შეგიძლიათ, ესეც მოიკითხოთ თერჯოლაში, ოღონდ არა აჟიტირებულ ადამიანებს ჰკითხოთ, რას მიაღწია რაიონმა მამას იქ მუშაობის დროს. როგორ გაიმარჯვა ედინბურგის ფესტივალზე გუნდმა, როგორ ტარდებოდა კლდიაშვილის კარმიდამოში კლდიაშვილისა თუ ვერიკო ანჯაფარიძის საღამოები, რუსთაველის თეატრის სპექტაკლები, რამდენი რაღაც აშენდა. ერთადერთი, რაც არ შესრულდა, ლენინის ძეგლია. „ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა“ და მაშინ, მამამ ასეთი რამ მოიფიქრა: რაიონის ცენტრში იდგა ძეგლი, რაზეც ცენტრალურ კომიტეტში წერილი გააგზავნა – ძეგლი პატარაა და არ შეესაბამება ბელადის სტანდარტებს, უნდა ავიღოთ და უფრო დიდი დავდგათო. მას შემდეგ ძეგლი იქ აღარ დაუდგამთ. მუდმივად არის ლაპარაკი ბურჯანაძის სახლებზე, მილიონებზე. მერე აღმოჩნდება, რომ ეს სახლები ჩემი არ არის. არ გაინტერესებთ, ეს მილიონები სად არის? ის, რომ რამდენიმე ნორმალური პიჯაკი მაქვს, თმას ვივარცხნი და კარგად გამოვიყურები, საკმაოდ კარგი ანაზღაურება მქონდა მეც და ოჯახის ყველა წევრს. რაც შეეხება ჩემს ბრილიანტებს, თუ რომელიმე ღირებულია, ყველა ბებიაჩემის ნაქონია.
როგორ აღმოჩნდით საერთოდ ამ პოლიტიკურ ორომტრიალში?
– მე და ბადრი მოსკოვიდან 1991 წელს დავბრუნდით. გვყავდნენ მეგობრები, რომლებმაც ძალიან საინტერესო საქმეების კეთება წამოიწყეს ბიზნესის მიმართულებით და ბევრი საინტერესო პერსპექტივა გაჩნდა. მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორი რთული პირობებიც არ უნდა იყოს, სამშობლოში დავბრუნებულიყავით და აქ გვეცხოვრა. დავიწყე მუშაობა გარემოს დაცვის სამინისტროში ნახევარ განაკვეთზე, როგორც ექსპერტ-კონსულტანტმა, თუმცა ჩემი ძირითადი სამუშაო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის კათედრა იყო. ორი-სამი წლის შემდეგ მივხვდი, რომ მარტო უნივერსიტეტში ჩემი საქმიანობა აშკარად არ იყო საკმარისი. რაც უნდა წერონ და სისულელეები ავრცელონ, რომ თურმე, ანზორ ბურჯანაძემ ფული გადაიხადა ჩემ დეპუტატობაში, ასე ნამდვილად არ იყო. ზურაბ ჟვანიამ პირველად საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მნახა. მას დამახსოვრებია ჩემი გამოსვლა და როდესაც ახალგაზრდა სახეებს ეძებდნენ, დაურეკავს მამაჩემისთვის და უკითხავს – ხომ არ იცნობთ ნინო ბურჯანაძეს, რომელიც უნივერსიტეტში კითხულობს. ძალიან მომეწონა, როგორც სპეციალისტი და მინდა, სიაში ჩავწეროო. რა თქმა უნდა, მამამ უთხრა, რომ იცნობს. 31 წლის ვიყავი, მაგრამ დიდი კითხვის ნიშნები მქონდა იმასთან დაკავშირებით შევძლებდი თუ არა დამოუკიდებელი საქართველოს წევრობას და ბატონ ზურაბს უარი ვუთხარი, მაგრამ ზეწოლა საკმაოდ ძლიერი იყო. ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი კვლავ ჩემმა ქმარმა ითამაშა. მას მიაჩნდა, რომ პარლამენტშიც შემეძლო მნიშვნელოვანი საქმეები გამეკეთებინა. შემდეგ იყო შემოთავაზებები კომიტეტის თავმჯდომარეობაზე და კვლავ უარი ვთქვი. დეპუტატობის გამოცდილება არ მაქვს და პირდაპირ კომიტეტის თავმჯდომარე როგორ უნდა ვიყო-მეთქი და მერე როგორ წარიმართა ჩემი ცხოვრება, მეტ-ნაკლებად ყველამ იცის. რა თქმა უნდა, იმაზე ფიქრი, რომ ოდესღაც პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი გავხდებოდი, შეუძლებელი იყო. ძნელი იყო იმის პროგნოზირებაც, რომ ვიღაც ბნელი ძალები შეეცდებოდნენ, დემოკრატიის საფარქვეშ, ისე გადაეწერათ საქართველოს ისტორია, რომ „ვარდების რევოლუციიდან“ ბურჯანაძის გვარი ამოეშალათ; ისტორიის სახელმძღვანელოდან ამოეშალათ პერიოდი, როცა მე პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი. აი, ამას თუ მოვესწრებოდი ნამდვილად არ მეგონა. ამისთვის ნამდვილად არ მიბრძოლია. თუმცა, ჩემი გვარი ისედაც წერია საქართველოს ისტორიაში და თანაც ღირსეულად. არ ვამბობ, რომ უშეცდომოდ გავიარე ეს გზა, მაგრამ ერთი კი ვიცი, შეგნებულად არასოდეს ცილი არავისთვის დამიწამებია, არავინ გამიუბედურებია, უდანაშაულო ადამიანი ციხეში არ გამიშვია, უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია, ქვეყნისთვის არ მიღალატია.