მეთიუ პერის ფანებმა იმ ბინასთან, რომელშიც ჩენდლერი ცხოვრობდა, ყვავილები მიიტანეს

მეთიუ პერის ფანებმა იმ ბინასთან, რომელშიც ჩენდლერი ცხოვრობდა, ყვავილები მიიტანეს

მსახიობი მეთიუ პერი, რომელსაც საზოგადოება ყველაზე კარგად სერიალ Friends-ში ჩენდლერის როლით იცნობს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალებას ოჯახთან და ნაცნობებთან ერთად, გულშემატკივრებიც ძალიან მწარედ განიცდიან. სოციალურ ქსელებში მეთიუ პერის შესახებ პოსტები არ წყდება, ცოტა ხნის წინ კი ფანები იმ ბინასთან შეიკრიბნენ, რომელშიც Friends-ში მეთიუს პერსონაჟი ჩენდლერი ცხოვრობდა.

მეთიუსა და სერიალის გულშემატკივრები ნიუ-იორკში, Friends-ის პერსონაჟების ბინის წინ, მსახიობის გარდაცვალებიდან მალევე მივიდნენ და ყვავილები მიიტანეს. ფანებმა სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს. მართალია, მსახიობი ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა, თუმცა ფანებმა მეთიუს სიმბოლურად სწორედ ასე მიაგეს პატივი.

მსახიობი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა ჯერჯერობით მისი გარდაცვალების მიზეზებზე ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. მეთიუს ოჯახმა ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა. "საყვარელი შვილისა და ძმის ტრაგიკული სიკვდილით გულგატეხილები ვართ. მეთიუმ, როგორც მსახიობმა და მეგობარმა, სამყაროს დიდი სიხარული მოუტანა. თქვენ ყველანი მისთვის ბევრს ნიშნავდით და თქვენი მხრიდან ასეთ დიდი სიყვარულს ძალიან ვაფასებთ", — ნათქვამია მეთიუ პერის ოჯახის განცხადებაში.

მსახიობის სიკვდილს სერიალ Friends-ის შემქმნელი Warner Brothers-იც გამოეხმაურა. "ჩვენი ძვირფასი მეგობრის, მეთი პერის, გარდაცვალებით განადგურებულები ვართ. მეთიუ წარმოუდგენლად ნიჭიერი მსახიობი და Warner Bros.-ის ოჯახის შეუცვლელი წევრი იყო. მისი კომედიური გენიოსობის გავლენა მთელს მსოფლიოზე იგრძნობოდა, ხოლო მისი მემკვიდრეობა მრავალი ადამიანის გულში კვლავ იცოცხლებს. გულდასაწყვეტი დღეა და ჩვენს სიყვარულს მეთიუ ოჯახს, ახლობლებსა და მის ყველა ერთგულ გულშემატკივარს ვუგზავნით", — ვკითხულობთ Warner Brothers-ის განცხადებაში.