წელს ცუდმა კლიმატურმა პირობებმა ციტრუსის მოსავალზე გავლენა ვერ მოახდინა და საპროგნოზო მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია. სანაცვლოდ გაუარესებულია გასაღების ბაზრებზე არსებული ვითარება, რაც გლობალური პოლიტიკური დაძაბულობითაა გამოწვეული.
ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი წელს უკვე ამოქმედდა, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გახსნა.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და მეციტრუსე ფერმერები სახელმწიფოს მხრიდან 15 თეთრის ნაცვლად, 30 თეთრით დაფინანსდებიან.
„მიმდინარე წელს, საპროგნოზო მონაცემებით, 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი. წელს საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს. ციტრუსის შტაბი მიზნად ისახავს ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გეოპოლიტიკური პროცესების, ცალკეც კლიმატური პირობების გამო, წელს ციტრუსის წარმოება-დაბინავების კუთხით გარკვეული გამოწვევებია. როგორც ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ონიანმა აღნიშნა, ექსპორტი მომდევნო თვეების განმავლობაში გააქტიურდება, სექტორი მზად არის, რომ გამოწვევებს გაუმკლავდეს.
„რთული წელიწადია მეციტრუსეობაში, როგორც სხვა დარგებში, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ რეალიზაციას და რომ საკმაოდ კარგად დავაბინაოთ მოსავალი როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ბაზრის მიმართულებით. წელს ციტრუსი ტრადიციულ ბაზრებზე გაიყიდება, ძირითადად, რუსეთში, ტრადიციული ბაზარია, უფრო იაფი და მოსახერხებელი, რის გამოც ჯერჯერობით გარკვეულ უპირატესობას ინარჩუნებს. თუმცა ევროპული ქვეყნებიდანაც მზარდია მოთხოვნა და ველოდებით, რომ მიწოდებაც ასევე მოიმატებს. უკრაინის მიმართულებით გადაიგზავნება გარკვეული მოცულობა, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი, როგორიც ომამდე იყო“, - აღნიშნა ონიანმა.
მისი ინფორმაციით, წლევანდელი მოსავლის რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია და საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 55 ათას ტონას შეადგენს.
„ციტრუსს მეწლეობა ახასიათებს. შარშან ნაკლები მოსავალი იყო, წელს კლიმატური პირობების მიუხედავად, გაცილებით მეტია და ხარისხიც ნორმალურია. მოსავლის დაბინავება პრობლემა არ უნდა იყოს. ჩვენი ფერმერებიც კარგად მოემზადნენ, აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განხორციელდა სხვადასხვა პროგრამა და ქვეპროგრამები. ამან გარკვეული შედეგი მოგვცა, მათ შორის ფაროსანასთან ბრძოლის თვალსაზრისით, რაც გვეხმარება, რომ მავნებელმა ციტრუსის მოსავალი არ დააზიანოს. არსებული პროგნოზით, 55 ათას ტონა ციტრუსს მივიღებთ. შარშან 30 ათასი ტონა იყო“, - დასძინა ირაკლი ონიანმა.
ციტრუსის შტაბი მიზნად ისახავს ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას. შტაბი მუშაობას 1-ელ თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.