"ეს ვიღაც ბაიდენი რომ ჩამოდის ახლა, წაიყვანს ამ უბედურ სააკაშვილს? მოგვაშორებს ბოლოს და ბოლოს ამ ჭირს თუ არა?" მკითხა 2009 წლის ზაფხულში საკნებით გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე ერთმა ხანდაზმულმა კაცმა. მე ავუხსენი მას და გარშემო მყოფთ, რომ ეს გამორიცხულია, რომ აშშ-ს ადმინისტრაციას ასეთი რამ არ შეუძლია და არც არასოდეს გაიფიქრებს მსგავს რამეს. "აბა, რას მიკეთებს ეს ბაიდენი თავისი ჩამოსვლით?", გაფიცხდა ის კაცი. სხვა ფორმით დასმული მსგავსი შინაარსის შეკითხვები მაშინ ბევრი ადამიანისაგან, მათ შორის ჩვენი ინტელიგენციის წარმომადგენლებისგანაც მოვისმინე. ბაიდენის თავაზიანი ფრაზა "მოუარეთ თქვენს შვილს, ის ყველას გვჭირდება", რომელიც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა სააკაშვილის დედას უთხრა, ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა აღიქვა, როგორც აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერა სააკაშვილისადმი.
"საქართველო ერთ დროს იყო სახელმწიფო, საქართველო ახლა არის პროვინცია", - წერდა დიდი გალაკტიონი.
სხვათა შორის, საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებულ ინტერვიუში ბაიდენმა მაშინ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის არარსებობაზე უფრო მას ის ადარდებს, რომ "ამ ყმაწვილებს წარმოდგენაც კი არ აქვთ იმაზე, როგორ უნდა ააშენონ დემოკრატია". განვლილ დროში აშშ-ს ადმინისტრაციის დარდები სააკაშვილთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად დამძიმდა.
"მოკავშირესთან ურთიერთობა ადვილია. იგივე ითქმის მტერზეც. ყველაზე რთული საგარეო პოლიტიკური პრობლემა კი არაპროგნოზირებად პარტნიორთან ურთიერთობაა - მან ზიანიც შეიძლება მოგაყენოს და კარგიც გაგიკეთოს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ კატეგორიას განეკუთვნება", - წერდა აშშ-ში სააკაშვილის ვიზიტის წინ კავკასიის შესანიშნავი ექსპერტი თომას დე ვაალი. ექსპერტი აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა აშშ-ს მხრიდან მრავალი გაფრთხილების მიუხედავად "საქართველო რუსეთთან კატასტროფულ და იმთავითვე წამგებიან ომში შეიყვანა", რომ ამის შემდეგ მისი რეპუტაცია შეილახა და მას დასავლეთის დედაქალაქებში არ ღებულობდნენ, მაგრამ ახლა აშშ-ს პრეზიდენტი მიიღებს მას თავის ოვალურ კაბინეტში "დიდწილად მადლიერების ნიშნად, რადგან საქართველომ თანამშრომლობა გადაწყვიტა და უარი თქვა ვეტოს უფლებაზე მოსკოვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას".
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ობამა ჯერ კიდევ 2010 წლის ზაფხულში საჯაროდ დაჰპირდა რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ რუსეთი მსო-ში გაწევრიანებულიყო. რუსეთის გაწევრიანებას კი მხოლოდ სააკაშვილის ახირებული და არაადეკვატური პოზიცია (უცხოელ ექსპერტებს ვციტირებ) უშლიდა ხელს. შარშან, ნოემბრის დასაწყისში უცებ გამოცხადდა, რომ სააკაშვილი დაითანხმეს (მანამდე სააკაშვილის კლოუნების თეატრი რეგულარულად აცხადებდა, რომ "საქართველოს პოზიცია შეუვალია და არაფერს დათმობდნენ) და საქართველოს და რუსეთს შორის შესაბამისი ხელშეკრულებაც მალე გაფორმდა.
სიმართლის მთქმელი რამდენიმე პუბლიკაცია ვერ ერევა რეჟიმის პროპაგანდის რუპორებად ქცეულ ნაციონალური ტელეარხებით გადაცემულ ტოტალურ ტყუილს და ჩვენში ბევრმა ვერ გააცნობიერა, რა ჩაიდინეს სააკაშვილმა და მისმა კლოუნებმა ჯერ თავისი ახირებული პოზიციით, შემდეგ კი რუსეთთან ამ ხელშეკრულების დადებით.
"რუსეთთან მსო-თან დაკავშირებით ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, საქართველომ დე-ფაქტო ცნო თავისი სავაჭრო ურთიერთობები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც ექსპორტ-იმპორტული ოპერაციები და არა შიდა ვაჭრობა", - ასე შეაფასა ეს ხელშეკრულება მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმა. "წარმოიდგინეთ, რომ აშშ-მ აიღოს ვალდებულება, მიაწოდოს ინფორმაცია ალიასკასა და კოლუმბიის ოლქს (ანუ ვაშინგტონს) შორის ვაჭრობის შესახებ. უფრო მეტიც, ახლა საქართველო ვალდებულია, გახსნას საბაჟო პუნქტები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან საქართველოს მხრიდან. ეს კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში დამოუკიდებელი სტატუსის ფაქტობრივი აღიარებაა", - დასძინა კმაყოფილმა მედვედკოვმა თავის გახმაურებულ ინტერვიუში.
სააკაშვილი ოპოზიციაში რომ ყოფილიყო, ასეთ ხელშეკრულებას სამშობლოს ღალატად შეაფასებდა და დღე და ღამე იყვირებდა, რომ საქართველოს მთავრობა კრემლის აგენტებისაგან შედგება, რომლებიც დაჩოქებულები ლოკავენ ოკუპანტების სისხლიან ჩექმებს და ყველაფერს უსრულებენ მათ.
მთელ ამ ისტორიაში ტრაგიკომიკური ის არის, რომ სააკაშვილმა მიართვა ოკუპანტებს ის, რასაც ისინი არც ითხოვდნენ. თვითონ სააკაშვილი ითხოვდა თავიდან არარეალურ რამეს - რომ ფსოუზე და როკის გვირაბთან ჩვენი საბაჟოები განთავსებულიყო, რასაც რუსეთი საერთოდ არ იხილავდა და ბოლოს სააკაშვილის ეს ახირებული და არაადეკვატური პოზიცია იმით შეუბრუნდა საქართველოს, რაზედაც მედვეკოვმა ასეთი კმაყოფილებით ამცნო მსოფლიოს.
აშშ-ს და მთლიანად ნატოს ბლოკის რეალურ დამოკიდებულებაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ ბევრჯერ ვისაუბრე. ეს პოზიცია მყარად უარყოფითია და, სხვათა შორის, ეს ძალიან კარგად იციან სააკაშვილმა და მისმა კლოუნებმა. ექსპერტების შეფასებით, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ საქართველო სწრაფად შორდება ნატოს სტანდარტებს. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ "სააკაშვილის რეჟიმი მაღალი რისკების შემცველ განუკითხაობაზეა დამყარებული. ეს კაცი დასავლეთის მოკავშირე არ არის". ხოლო აშშ-ს საგარეო პოლიტიკის წამყვანი ექსპერტის უოლტერ რასელ მიდის აზრით, "საქართველოს ფიცხი ხელისუფლება არაპროგნოზირებადი და იმპულსურია. საქართველომ უნდა გააკეთოს მძიმე და სასტიკი დასკვნა: ნატო-ს ევროპელი წევრები არასოდეს მიიღებენ წინდაუხედავ და თავნება საქართველოს თავის ალიანსში. ქვეყნისთვის ამაზე დიდი ზიანის მიყენება საქართველოს ყველაზე საშინელ მტერსაც კი არ შეეძლო". ამ აზრს მთლიანად იზიარებს დასავლეთის ყველა მთავრობა, აშშ-ს ადმინისტრაციის თამადობით. ცხადია, დიპლომატები და სახელმწიფო მოღვაწეები არასოდეს იტყვიან იმას, რასაც ამბობენ და წერენ ექსპერტები. ამის ნაცვლად ისინი ყოველთვის იტყვიან იმას, რაც რეგულარულად გვესმის კიდევაც: რომ მიესალმებიან ქართველი ხალხის ურყევ ნებას საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით; რომ მიესალმებიან იმას, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონია (ათას სულზე გაანგარიშებით) ავღანეთში გაგზავნილი ჯარისკაცების რაოდენობით (ნეტა, რატომ დაგვითმეს ეს ჩემპიონობა?); რომ ნატოს კარები მუდამ ღია იქნება საქართველოსათვის, მაგრამ... "გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია".
ნატოს თემის ამოსაწურად შეგახსენებთ ობამას 2009 წლის ცნობილ განცხადებასაც: "ნება მიბოძეთ, მკაფიოდ ვთქვა: ნატო რუსეთთან თანამშრომლობის და არა კონფრონტაციის ძიებაში უნდა იყოს". ნატოს ბლოკი მართლაც ინტენსიურად თანამშრომლობს რუსეთთან და რუსეთის გავლით ავღანეთში განლაგებული სამხედრო კონტინგენტისათვის მომარაგების ნახევარზე მეტი შედის, ჩატარდა ერთობლივი წვრთნები და ა. შ. შარშან ოქტომბერში თბილისში მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ კი განაცხადა, რომ "საფრანგეთი მიიჩნევს რუსეთს მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად". ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა სანიმუშოდ დასაჯა სარკოზი იმით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი აეროპორტში არავის გაუცილებია. ამ ამბავს ვერ შევამოწმებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მართალიც რომ იყოს, ჯიუტი სარკოზი მაინც არ მოიშლის რუსეთთან მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას.
პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა ობამამ თქვა, რომ შეთანხმდა სააკაშვილთან, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის მაღალ დონეზე გაიმართება დიალოგი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებაზე და თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების შესაძლებლობაზე. თავისთავად ეს კარგია, თუმცა დიალოგის გარეშეც ცნობილია, რომ საქართველოს ისედაც კატასტროფული დეფიციტი აქვს იმპორტ-ექსპორტის ბალანსში, ხოლო ბიზნესის სრული კონტროლის და მონოპოლიზაციის პირობებში საქართველოს გასაყიდი პრაქტიკულად არაფერი დარჩა, თუ არ ჩავთვლით აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილ ძველ მანქანებს.
ობამამ აგრეთვე თქვა, რომ "ერთ-ერთი პირველი რამ, რაც გავაკეთე (სააკაშვილთან საუბრისას, პ.მ.) იყო ის, რომ გამოვხატე რუსეთში - საქართველოში ინსტიტუციური მშენებლობის ჩემი მაღალი შეფასება". ეს ფრაზა მე სიტყვა-სიტყვით ვთარგმნე და ტირეც რუსეთ-საქართველოს შორის ისე დავსვი, როგორც ეს ინგლისურ ტექსტშია დასმული (მკითხველს შეუძლია ნახოს ინგლისური დედანი აშშ-ს ადმინისტრაციის საიტებზე).
რას ნიშნავს ობამას მიერ რუსეთის ხსენება ინსტიტუციური მშენებლობის კონტექსტში? უბრალოდ წამოსცდა კაცს? თუ ეს ასეა, მაშინ დიდი ზიგმუნდ ფროიდის მიმდევრები ამას უეჭველად იმით ახსნიდნენ, რომ ობამამ შესანიშნავად იცის - პუტინისა და სააკაშვილის ავტორიტარული კლეპტოკრატიები (ანუ ქურდების ავტორიტარული მმართველობები) ბევრ რამეში ჰგავს ერთმანეთს. თუმცა, დავეთანხმები იმ უცხოელ დიპლომატებს და ექსპერტებს, ვისაც მიაჩნია, რომ რუსეთისაგან განსხვავებით სააკაშვილმა და მისმა კლოუნებმა მოახერხეს კორუფციის პრივატიზება და სრული მონოპოლიის დამყარება ამ სფეროში.
ახლა აშშ-ში სააკაშვილის ვიზიტის მთავარ შედეგზე გადავიდეთ. ეს შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ და მისმა ადმინისტრაციამ საჭიროდ მიიჩნიეს, რომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ობამას მთელი მსოფლიოს გასაგონად ეთქვა: "ასე რომ, მე მინდა, გამოვხატო წარსულში შესრულებული მუშაობის მაღალი შეფასება და აგრეთვე მოლოდინი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისა; საქართველოში ძალაუფლების დადგენილი წესით შეცვლისა; რაც, მე ვფიქრობ, გაამყარებს უკვე ჩატარებულ მრავალ რეფორმას". აი, ზუსტი თარგმანი ობამას გახმაურებული ფრაზისა. (ზოგიერთები გასაგები მიზეზების გამო თარგმნიან სიტყვებს "ფორმალ ტრანსფერ ოფ ფაუერ" როგორც ძალაუფლების ფორმალურ გადაცემას, ამ სიტყვების შინაარსი კი სწორედ "ძალაუფლების დადგენილი წესით შეცვლას" ნიშნავს).
უკვე სამი წელიწადია, რაც აშშ-ს ადმინისტრაციის ყველა დონის წარმომადგენელი, სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ჩათვლით, სააკაშვილთან და მის კლოუნებთან შეხვედრის დროს მკვეთრად აფიქსირებს, რომ თუ სააკაშვილი რაიმე ფორმით დარჩება ხელისუფლებაში 2013 წლის შემდეგ და არ მოხდება ძალაუფლების რეალური ცვლილება (და არა გადაცემა), მაშინ აშშ ამას განიხილავს, როგორც დემოკრატიიდან საბოლოო გადახვევას და ძალაუფლების უზურპაციას და ეს სათანადოდ აისახება ორი სახელმწიფოს ურთიერთობაზე. ახლა უკვე აშშ-ს პრეზიდენტმა არ იკმარა ერთი-ერთზე შეხვედრის ფორმატი და მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა საქართველოში სამართლიანი, თავისუფალი არჩევნებისა და ძალაუფლების დადგენილი წესით შეცვლის მოლოდინზე. ეს კი პოლიტიკური სილის გაწნაა და სხვა არაფერი.
საგულისხმოა, რომ თეთრ სახლში ერთი-ერთზე შეხვედრის დროს კონკრეტულად იყო განხილული სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დარჩენის შესაძლებლობა. 2 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს ვიქტორია ნულანდს ჟურნალისტმა პირდაპირ ჰკითხა ამის შესახებ. პასუხად ნულანდმა დიპლომატიური პირდაპირობით განაცხადა, რომ "პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენტიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ჩვენი სურვილი, რომ გავაგრძელოთ ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკურ და სხვა საკითხებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ პოლიტიკური განვითარების გაგრძელებას, საარჩევნო სეზონის ჩათვლით, რომელიც მათ წინ ელით". ჟურნალისტი არ დაკმაყოფილდა ასეთი გულახდილობით და მეორედ ჰკითხა ნულანდს: - "მაგრამ განიხილეთ თუ არა ეს სპეციფიკური საკითხი მასთან, ანუ სააკაშვილთან, პ.მ.ჯ?", რაზეც ნულანდმა განაცხადა - "ვფიქრობ, თეთრმა სახლმა ღიად განაცხადა, რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ, დიახ".
თავისი განცხადებით ობამამ მკვეთრად დააფიქსირა აშშ-ს ადმინისტრაციის უარყოფითი პოზიცია სააკაშვილის ხელისუფლებაში რაიმე ფორმით დარჩენასთან დაკავშირებით. აშშ-ს პრეზიდენტი ვერ იტყოდა ამაზე მეტს, ვინაიდან უფრო მკვეთრი განცხადება სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად იქნებოდა მიჩნეული.
რას უნდა ველოდოთ? უნდა გავიმეორო ის, რაც ბევრჯერ მითქვამს. პრობლემა ის არის, რომ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის თავკაცებისათვის ძალაუფლებიდან წასვლა სიკვდილის ტოლფასია. მათ კარგად იციან, რამდენი მძიმე დანაშაულისათვის უნდა აგონ პასუხი და თვითონ ასე მიაჩნიათ. ამიტომ ისინი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გააჩაღებენ ძალაუფლების შენარჩუნებისათვის. ყველა რესურსს გამოიყენებენ, არავითარ დანაშაულს არ მოერიდებიან. რეჟიმის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული უსამართლო, უკანონო და დანაშაულებრივი მოქმედებები ამის პირდაპირი მტკიცებულებაა. უცხოელი ექსპერტები სამართლიანად აღნიშნავენ, რომ საქართველოს პრობლემა არა არასრულფასოვან საარჩევნო კანონშია, არამედ იმაში, რომ მმართველ დაჯგუფებას აღარ შეუძლია ისეთი არჩევნების დაშვება, რომლებშიც არ "გაიმარჯვებს". ამ მხრივ ობამას პოზიციაც ვერაფერს შეცვლის. დასავლეთის ზეწოლამ და ფინანსურმა გაჭირვებამ (კლოუნებმა უკვე ვეებერთელა საგარეო ვალი აჰკიდეს ერს) შეიძლება აიძულოს ისინი, ჩაატარონ კოსმეტიკურ - დეკორატიული ცვლილებები. ცხადია ისე, რომ რეალური ძალაუფლება და სრული კონტროლი ისევ მათ ხელში დარჩეს. არადა მათი დარჩენა საკმაოდ მალე გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლას.
ერთადერთი გზა, რომელიც აგვაცილებს მასშტაბურ ძალადობას და სახელმწიფოებრიობის ჩამოშლას, ეს არის ჩვენს ქვეყანაში არსებული ყველა ჯანსაღი ძალის გაერთიანება და მობილიზება - ის, რისკენაც მოგვიწოდებს ყველას "მოქალაქეობაჩამორთმეული" დიდი ქართველი ქველმოქმედი და დიდი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი.
პეტრე მამრაძე