ვეტერანმა ესპანელმა მეკარემ იაგო ერერინმა As-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც გიორგი მამარდაშვილზეც ისაუბრა. ერერინი ამჟამად ლარნაკას აეკ-ში თამაშობს, თუმცა, გასული სეზონის მეორე ნახევარი „ვალენსიაში“ გაატარა, სადაც მამარდაშვილის დუბლიორი იყო.
ერერინმა ესპანურ გუნდში მხოლოდ 13 წუთი ითამაშა სამეფო თასზე „ლა ნუსიასთან“, დანარჩენი დრო კი სათადარიგო სკამზე გაატარა.
„ჩემი მიზანი „ვალენსიაში“ მეტი თამაში იყო. გიორგი შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და ბევრ რამეში დაგვეხმარა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვა მომენტებშიც შემეძლო თამაში. თუმცა, ეს არის ის, რასაც ვერ აკონტროლებ, ამიტომ, ვცდილობდი, მამარდაშვილს ყველაფერში დავხმარებოდი. გიორგის ხშირად ვესაუბრები. სინანული მაქვს, რომ „ვალენსიაში“ მეტი ვერ ვითამაშე, მაგრამ მოგონებები კლუბთან კარგია.
თითქოს მეკარეების სკაუტი ვარ, რადგან კეპასთან, უნაი სიმონსა და მამარდაშვილთან ერთად ვითამაშე. გიორგი ტოპ-მეკარეა. ასაკის გამო მას ბევრი რამ აქვს გასაუმჯობესებელი, მაგრამ ეს თვითონაც იცის. თამაშის გარდა, ცხოველივით ვარჯიშობს, ცუდად არასდროსაა და სწავლა უყვარს. როცა იცი, რომ უნდა გაუმჯობესდე და მენტალურად მზად ხარ, რომ ოჩოტორენას მსგავსი ადამიანები დაგეხმარონ, შეგიძლია დიდი მეკარე გახდე, უფრო მეტად, ვიდრე უკვე ხარ.
გიორგი დიდ კლუბში? ასე ვიტყოდი, რომ გიორგი დიდი მეკარეა. თუ „ვალენსია“ მოახერხებს ისტორიულ დონეზე დაბრუნებას, შეუძლია დიდი მეკარე წლების განმავლობაში ჰყავდეს. კარიერაში ბევრ დიდ მეკარესთან ერთად ვითამაშე და ვფიქრობ, რომ გიორგისაც დიდი პოტენციალი აქვს“, - თქვა ერერინმა.