მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია მინიმალურ დონეზეა ჩამოსული, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10%-ზე დატოვა და კომერციული ბანკების მოლოდინი გააქარწყლა. ქვეყნის ცენტრალური ბანკის შეფასებით, ამჟამად არსებული მაღალი გაურკვევლობის პირობებში, ასევე საწვავის ფასების მზარდი ტენდენციიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ განაკვეთი უცვლელ დონეზე შენარჩუნდეს.
„მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გლობალურად არასტაბილურ გარემოს ქმნის და ინფლაციის პროგნოზის გარშემო დამატებით გაურკვევლობას აჩენს. არსებულ შოკს დაემატა გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ახალი ფაქტორი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის სახით. ბოლო პერიოდში, საწვავის ბაზარზე ტენდენციაც გარკვეულწილად გაუარესდა, როგორც ფასების, ასევე მიწოდების არასტაბილურობის თვალსაზრისით. ამ რისკთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკის ტენდენციაც საყურადღებოა. კერძოდ, მიმდინარე წელს მოთხოვნა კვლავ ძლიერია და მოსალოდნელია 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ბოლო თვეების მანძილზე სესხების ზრდის ტემპიც შედარებით დაჩქარდა, რისი ძირითადი წყაროც გაზრდილი ბიზნესსესხებია, უმეტესწილად უცხოურ ვალუტაში. საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობის დაჩქარებით გამოწვეული ძლიერი ერთობლივი მოთხოვნა, როგორც წესი, დამატებით ინფლაციურ რისკს შეიცავს.
გაურკვევლობისა და აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებაზე კონცენტრირებული რჩება და მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. ინფლაციის ტენდენციისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს“, – წერია სებ-ის გადაწყვეტილებაში.
ეკონომისტები ქვეყნის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას მიესალმებიან. მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების გადაწყვეტილებას იწონებს ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი. მისი შეფასებით, სებ-ის გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებისა და გეოპოლიტიკური ცვლილებების საფუძველს ემყარება, რაც ლოგიკურია.
„მონეტარული პოლიტიკის შემცირების მოლოდინი არსებობდა, მაგრამ ვნახეთ, რომ ტენდენცია შეიცვალა. ადეკვატური გადაწყვეტილებაა ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ამ ეტაპზე ხდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გეოპოლიტიკურადაც. მართალია, ინფლაცია შემცირებულია, მაგრამ რისკები ისევ არსებობს, რომ შეიძლება მოიმატოს. სებ-ს ეს მოცემულობა აძლევს საბაბს, რომ გადაწყვეტილებაში კონსერვატიული იყოს. შეიძლებოდა, შეემცირებინათ რეფინანსირების განაკვეთი, მაგრამ ეს უკვე პოპულისტური გადაწყვეტილება იქნებოდა“, - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.
მისი შეფასებით, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად სებ-ის გადაწყვეტილებაზე გავლენა ნავთობის ფასების ზრდამ მოახდინა, რაც აშკარა და გამოკვეთილია.
„რისკები ყოველთვის არის ორივე მხარეს, რაც ზედაპირზე ჩანს, ეს არის გაურკვევლობის რისკი, მაგალითად, ნავთობზე ფასი შეიძლება გაიზარდოს, რაც ინფლაციას დააწვება. ამისთვის კი აუცილებელია მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება. საერთოდ, მიმაჩნია, რომ 10%-იანი მაჩვენებელი არც ისე მკაცრია. ფრთხილი ნაბიჯია და ეროვნული ბანკი უნდა ფრთხილობდეს კიდეც.
საბოლოო ჯამში, სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. არ ვიცით რა მოხდება გლობალურ პოლიტიკაში. უფრო მაინც ნავთობის ფასის გავლენა იგრძნობა, რის გამოც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით სიმკაცრის შენარჩუნების საჭიროება გაჩნდა“, - დასძინა ბერიკაშვილმა.
სებ-ის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით, დღეისათვის არის ყველაზე ოპტიმალური. ანალიტიკოს გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, უნდა დავაკვირდეთ მოვლენების შემდგომ განვითარებას. საყურადღებოა, როგორ დავიწყებთ 2024 წელს, მოსახლეობას უნდა გააჩნდეს სტაბილურობის განცდა.
„სებ-ის მხრიდან სწორად და ნათლად იყო განმარტებული გადაწყვეტილების არსი. ერთი მხრივ, ყოველთვის არსებობდა შერბილების მოლოდინი, რადგანაც ეს მოსახლეობის მხრიდან გარკვეული ვალდებულებების შემცირებას უკავშირდება. ანუ მათთვის, ვისაც სესხი ლარში აქვს. ამ მიზეზით შეიძლება რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ბევრს უნდოდეს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ მეორე ფაქტორიც, ყოველ ჯერზე შემცირება სწორი არ არის. პირიქით, მოსახლეობისთვის შედეგის მოტანის ნაცვლად, შესაძლოა, უკუქმედებები გამოიწვიოს. მოკლევადიანმა შემცირებამ შეიძლება სარგებლის ნაცვლად, უარყოფითი შედეგები მოიტანოს.
რაც არ უნდა სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკა გვქონდეს, რაც არ უნდა ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, რაც ახლა გაქვს, გარე ფაქტორების გათვალისწინება მნიშვნელოვანია. მათ შორის ახალი რისკის, რომელიც შეეხება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ჯერ კიდევ პროგნოზირებადი არ არის. არავინ იცის მასშტაბები, სადამდე შეიძლება წავიდეს ვითარება და გლობალურ ეკონომიკაზე რა გავლენას ჰპოვებს. ჯერ არავინ არ იცის კონფლიქტის ლოკალიზება მოხდება თუ ის უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. ამ ვითარებას აკვირდება ყველა არა მხოლოდ სებ-ი, არამედ მთელი მსოფლიოს ცენტრალური ბანკები.
გასათვალისწინებელია ქვეყნის შიგნით არსებული ვითარებაც. ჩვენ ვართ მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იმპორტზე, რომელიც გარკვეულ შემთხვევაში არის წყარო ინფლაციისა. ძლიერი ეკონომიკური ზრდის ფონზე, გაზრდილია ერთობლივი მოთხოვნა, რაც ყოველთვის მარტივი ეკონომიკური თეორიითაც კი ქმნის ინფლაციის რისკებს და ამ პროცესს სჭირდება დაკვირვება. აქამდე სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს არბილებდა, თუმცა ახლა არსებული რისკებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ახლა ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება და უნდა დავაკვირდეთ მოვლენების შემდგომ განვითარებას“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.