„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „უნიონ ბერლინთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, იცოდნენ, რომ რთული თამაში ექნებოდათ, მაგრამ ბრძოლის ხარჯზე 3 ქულა მოიპოვეს.
„ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. როდესაც გუნდი ზედიზედ 8 მარცხს განიცდის, სტატისტიკური ალბათობა იმისა, რომ დადებით შედეგს მიაღწევს, უფრო მაღალია, ვიდრე იმის, რომ კიდევ წააგებს. გარდა ამისა, ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, რადგან ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომელიც კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს.
თუმცა ჩვენ მშვიდად ვიყავით, ჩვენს კართან საფრთხე არ ყოფილა, თუმცა, ისიც მართალია, რომ ჩვენც ცოტა მომენტი გვქონდა. მეორე ტაიმში გამოვიჩინეთ მოთმინება და გონიერება გოლისკენ მიმავალ გზაზე. კვარას პასი მშვენიერი იყო ტექნიკური თვალსაზრისით, მომეწონა გოლი, არა მარტო ლამაზი პასის გამო, არამედ მანამდე დაბრუნებული ბურთის გამოც.
როდესაც თამაში კარგად არ მიგდის და ლამაზად ვერ თამაშობ, საჭიროა ერთად ბრძოლა და დღეს სწორედ ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ. ეს მნიშვნელოვანი 3 ქულაა, მაგრამ ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რომ ჯგუფიდან გავედით, მომდევნო ტურის შემდეგ უკვე შეიძლება ასეთი დასკვნების გაკეთება, მაგრამ ახლა ადრეა“, - აღნიშნა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი საგოლე პასი გააკეთა, ყველა ტურნირზე კი მისი მონაგარი ასეთია: 11 მატჩი, 3 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი.
„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „მილანთან“ გამართავს.
გიორგი მელქაძეთეგებიხვიჩა კვარაცხელიარუდი გარსიანაპოლი