იტალიური მედიის შეფასება კვარაცხელიაზე:

იტალიური მედიის შეფასება კვარაცხელიაზე: "როდესაც ანათებს, "ნაპოლიც" ანათებს"

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში სტუმრად „უნიონ ბერლინი“ 1:0 დაამარცხა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე პასი მიითვალა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში გერმანული გუნდის წინააღმდეგ მაღალი ქულებით შეაფასა:

Eurosport 7 ქულა - „ერთი ტაიმის განმავლობაში მუდმივად სამი მეტოქე ჰყავდა. შემდეგ სცენაზე გავიდა და მარცხენა ფლანგზე თავისი აჩქარებებით თავის სტილში ოქროს საგოლე პასი გააკეთა“.

Sportmediaset 7 ქულა - „როცა ის ანათებს, „ნაპოლიც“ ანათებს. ნახევარი „უნიონი“ გააყვითლა და ყველა სახიფათო შეტევა მისი ფეხებიდან დაიბადა. რასპადორის უნაკლო პასი გაუკეთა“.

Tuttonapoli 7.5 ქულა - „მოედანზე სივრცე ყოველთვის ცოტა ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად ქართველი ჯადოქარი იგონებს საოცარ პასს რასპადორის გოლზე“.

Il Giornale 7 ქულა - „როცა ანათებს, „უნიონ ბერლინის“ მცველებისთვის მტკივნეულია. გამარჯვების გოლი მისი დიდებული მოქმედებით გავიდა“.

OaSport 7 ქულა - „ყოველ ჯერზე, როცა ბურთს ეხება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მეტოქისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. ქართველი, როგორც ჩანს, გასული სეზონის პირველი ნახევრის დონეს დაუბრუნდა. მან მეტოქეები გააგიჟა, საოცრად ტექნიკურია. რასპადორიზე საგოლე პასამდე ალბათ მხოლოდ ბოლო პასი აკლდა, მაგრამ მერე რა ქნა? მომაკვდინებელია“.

Tuttomercaweb 7 ქულა - „ერთი საათი მხოლოდ მისი გამონათებები უქმნიდა „უნიონის“ დაცვას პრობლემებს, მერე კი მისმა მოქმედებამ „ნაპოლის“ გზა ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფიდან გასვლისკენ მიმართა“.

Calciomercato 7 ქულა - „მოძრაობები მისია, როგორც დრიბლინგებში, ასევე სივრცეების ათვისებაში. ფიშერმა მის წინააღმდეგ 11 გალია შექმნა, რადგან სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან ხვდებოდა მეტოქე, ზონური მეურვეობა, რომელსაც უმეტესად ტრიმელი და დოეხი მიმართავდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში მათ გასცდა, მაგრამ კნოხე დარტყმას უბლოკავს. გადამწყვეტია და „ნაპოლის“ ის ჟანგბადივით სჭირდება, განსაკუთრებით, ოსიმენის დაბრუნებამდე“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი საგოლე პასი გააკეთა, ყველა ტურნირზე კი მისი მონაგარი ასეთია: 11 მატჩი, 3 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი.

„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „მილანთან“ გამართავს.