უშველის თუ არა თბილისს პიკის საათებში დიდი სატრანსპორტო საშულებების მოძრაობის აკრძალვა?

უშველის თუ არა თბილისს პიკის საათებში დიდი სატრანსპორტო საშულებების მოძრაობის აკრძალვა?

კვლევების საფუძველზე ირკვევა, რომ წელიწადში რიგით თბილისელს 240 საათის გატარება უწევს საცობში. ეს ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში 10 დღე მანქანების გრძელ რიგებში იკარგება. დედაქალაქის მერიამ ქუჩების გამტარუნარიანობის გასაზრდელად ახალი ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც ჯერ კიდევ მიღებული არ არის.

გადატვირთული მოძრაობას და საცობებს თითქმის ყველა ქვეყანაში შევხვდებით, თუმცა ამ მხრივ საქართველო ლიდერობს. არასამთავრობო ორგანიზაცია „12 სართულის“ კვლევაში ნათლად იკვეთება, რომ თბილისში მცხოვრები ადამიანი თავისი ცხოვრების 10 დღეს ფუჭად საცობში კარგავს. თბილისში მგზავრობისას ადამიანს თვეში მინიმუმ 20 საათის, წელიწადში კი 240 საათის გატარება უწევს საცობში, იმის გათვალისწინებით, თუ გზაში მინიმუმ 1 საათი ფერხდება.

ევროკავშირის სახელმწიფოთა დედაქალაქებში ეს რიცხვი 10-ჯერ ნაკლებია. მაგალითად, ამსტერდამში წელიწადში 30 საათი დგანან საცობში, ბრატისლავაში - 29, პრაღაში, ბუდაპეშტში და ჰელსინკში - 24, ხოლო ლისაბონში - 22 საათი. შედარებით რთული ვითარებაა 3-მილიონიან რომში. იქ მძღოლები და მგზავრები წელიწადში 165 საათი დგანან საცობში, რაც თბილისზე 75 საათით ნაკლებია.

ქალაქის მერის კახი კალაძის აზრით, საცობებს ქმნის, როგორც ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა, ასევე დიდი სატვირთო მანქანები. ამიტომ ბიზნესსექტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, პიკის საათებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდოს.

„თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათების შუალედში. ამასთან, მანქანების მოძრაობა აიკრძალება არა მთელი ქალაქის მასშტაბით, არამედ მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მოხდება ორგანიზება, რომელმა სექტორმა რომელ საათში უნდა იმოძრაოს, რომ ყველამ ერთად არ მოიყაროს თავი.

ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, ასევე აგვისტოში. ეს თვე იქნება გადაადგილებისთვის თავისუფალი, რადგან, როგორც წესი, ამ პერიოდში ქალაქი შედარებით თავისუფალია, მოსახლეობა გადის დასასვენებლად და ამიტომ, გამონაკლისი შესაძლებელია“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, რეგულაცია არ შეეხება საგამონაკლისო შემთხვევებს, რაც აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებებთან არის დაკავშირებული.

როგორც საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე მიიჩნევს, საცობები სხვადასხვა გარემოებების გამო ჩნდება, რაც ჩვენს ქვეყანაში მრავლად არის. პრობლემის მოსაგვარებლად კი, ამ საკითხებზე მუშაობა მუდმივად უნდა მიდიოდეს და არა ფრაგმენტულად.

„თბილისში პრობლემა არის სხვა უბნებთან დაკავშირება. აქამდე უბნებს ჰქონდა დამაკავშირებელი, ფართო გზები. ეს ყველაფერი როგორც იყო გათვლილი, ისე უნდა დარჩენილიყო, რადგან ის გზები (რაც ახლა უკვე შეიცვალა) ერთგვარი ხიდები იყო. არსებული კაპილარების დავიწროება, რა თქმა უნდა, პრობლემას ქმნის.

ჩვენი ტერიტორიული მოწყობა, სხვა ქვეყნებისგან განსხვადება. თუ გერმანელი სამსახურთან ახლოს იქირავებდა ბინას, ჩვენთან ასე არ ხდება. შეიძლება ერთ კონკრეტულ უბანში ცხოვრობდე, მაგრამ ხუთი უბნით შორს მუშაობდე, რის გამოც მუდმივი გადაადგილება გიწევდეს.

ბუნებრივად ისეთი მოწყობა აქვს ჩვენს ქალაქს, რომ ვერანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ უზრუნველყოფს ამდენი უბნის კომფორტულ და დროულ გადაკვეთას. ამის გამო, მანქანა ყველაზე კომფორტულ ტრანსპორტად რჩება და დარჩება მომავალშიც. ყველა ამ არსებული ფაქტორის გათვალისწინებით უნდა აეწყოს ქალაქი“, - აღნიშნა მელაძემ.

დედაქალაქის მერიას ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. კახა კალაძის ინფორმაციით, საზოგადოებას მომდევნო დღეებში მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას, თუ რა გადაწყვეტილებამდე მივლენ მუნიციპალიტეტში. იმ შემთხვევაში, თუ ახალი წესი ამოქმედდება, შეზღუდვა შეეხება დღის შემდეგ მონაკვეთებს - 08:00-11:00 და 17:00-20:00 საათების შუალედს.