ბიძინა ივანიშვილის წყალზე ფეხით გავლა არ გამოიწვევდა ხალხში ისეთ გაოცებას (ზოგი დაიზაფრა კიდეც!), როგორიც ბაჩანა ახალაიას გამოჩენამ გამოიწვია. მსუბუქი ირონიით გაჯერებული მისი კომენტარები კი ნამდვილი შოკი იყო დამნაშავეთა დასჯის იმედით გულმოცემული „მეოცნებეებისთვის“.
არჩევნებამდე ბევრმა მათგანმა სასწორზე შეაგდო არამარტო თავისი, არამედ ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. პოლიტიკოსების ჯავშანი, მოგეხსენებათ, უბრალო ადამიანებისთვის მიუწვდომელი ბედნიერებაა და, რასაკვირველია, პირველები სწორედ „ოცნებაში ჩაძირული“ ამომრჩევლები აღმოჩნდებოდნენ „ნაცმოძრაობის“ ხორცსაკეპში. გადავრჩით! და ამიტომაც ხალხი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გამარჯვებას იმდენად არა, რამდენადაც საკუთარ გამარჯვებას თუ გადარჩენას ზეიმობდა.
ახლა კი, როცა სააკაშვილის ხელკეტი - ბაჩანა ახალაია, სასჯელაღსრულების, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, მზად არის საკუთარი ფეხით ეახლოს გამომძიებელს, ხალხს ეჭვი გაუჩნდა: რატომ საუბრობს ასე თავდაჯერებულად „სახალხო დამნაშავე“, თუკი მას ვინმესგან რაიმე გარანტია არ აქვს?! „სახალხო დამნაშავე“ დაახლოებით ისეა, როგორც „სახალხო არტისტი“, „სახალხო პოეტი“, „სახალხო მხატვარი“, „სახალხო მთქმელი“ და ა. შ. ამ ტიტულს ხალხი ანიჭებს ამა თუ იმ დამსახურებულ ან „დამსახურებულ“ ადამიანს. ბაჩანაც გამორჩეულია, რადგან, მართალია, მის სიმღერებს ხალხი არ მღერის, მაგრამ მის შესახებ იმდენი ჭორ-სწორი ვრცელდებოდა და ვრცელდება, ვინმეს ძნელად თუ დაარწმუნებ, რომ მამა როლანდის ბაჩანა მამა აბრამის ბატკანია. ახლა ისეთი ვითარებაა, თვით უმწიკვლობით სახელგასმენილი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც რომ გამოვიდეს და თქვას, ახალაია უდანაშაულოაო, მაინც არავინ დაიჯერებს!
მოკლედ, ბაჩანა უკვე „დაღიანია“ და ამას აღარაფერი ეშველება. ამ დროს ხელისუფლება ან საზოგადოებაში ღრმად გამჯდარ მოსაზრებას (მით უფრო, თუ ხელისუფლებაში მოსვლამდე თვითონაც აქტიურად ხელს უწყობდა ამ აზრის დამკვიდრებას!) ითვალისწინებს, ანდა თვითონ ეხვევა ეჭვის საბურველში და შემდეგ დიდხანს და უშედეგოდ მოუწევს საკუთარი ქმედების (თუ უმოქმედობის) ახსნა-განმარტება. უშედეგოდ, რადგან, როგორც ბაჩანა ახალაია ვერ აჯერებს ვერავის საკუთარ ჭიამაიობას, ისევე არ დაუჯერებენ ხელისუფლებასაც, რომ მან რაღაც გარიგების გამო არ თქვა უარი მართლმსაჯულების განხორციელებაზე.
ახალაიას დასაპატიმრებლად თუ სამხილების ნაკლებობაა, აღარ ყოფილა საშველი... აბა, დანარჩენები დაიდგამენ შარავანდედს და მოგვიწევს მეტანიების კეთება დღეში სამჯერ!
მაინც რატომ დაბრუნდა კაცი, რომელიც დაგვცინის?
ახალაიას დაბრუნებამდე ორიოდ დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის ცოცხლად ხელში ჩასაგდებად ან მოსაკლავად „ათასი თუმანი“ დააწესეს. ალბათ, ხვდებით, რომ ბაჩანას უპირველესი მტრები სწორედ ისინი არიან, ვისი დამარცხებითა და ქვეყნიდან გაძევებით თავს იწონებენ „ნაციონალები“. ეს საქმე ახალაიას სახელს იმთავითვე დაუკავშირდა და პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა კიდეც, ბაჩომ იმდენად გაქაჩა, რომ „კანონიერ ქურდებს“ ცოცხები დააჭერინაო. ახლა ამ „მეეზოვეებმა“, რომლებსაც მთელ მსოფლიოში გავლენა არ დაუკარგავთ, ძველი სამიზნე თუ სადმე „იქ“ მოიხელთეს, ახალაიას ვეღარ უშველის თავდაჯერებული ლაპარაკი საკუთარ უდანაშაულობაზე.
ჰოდა, დაბრუნდა აქ, სადაც მისი უსაფრთხოება შედარებით დაცულია - მას ჯერ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოუწევს ღამის გათევა, შემდეგ კი მის სიცოცხლეს გლდანის ციხის შვიდჯერ გადაღებილი კედლები უფრო საიმედოდ დაიცავს, ვიდრე მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის მიერ ნაწყალობევი თავშესაფარი.
დასჯიან თუ არა ახალაიას, ვიდრე ცოცხ-ალია?
რასაკვირველია, დასჯიან. ეს გარდაუვალია, რადგან საზოგადოებისთვის, რომელიც ხელისუფლებისგან ელვისებურ და ეფექტიან მოქმედებებს ელის, გამაღიზიანებელია როგორც ნაცპოლიტიკოსების ცინიკური რეპლიკები, ისე „სახალხო დამნაშავედ“ გამოცხადებული პათოლოგების თავდაჯერებული კომენტარები. ამ საზოგადოების აზრის გათვალისწინება კი აუცილებლად მოუწევს ხელისუფლებას, რომელიც ძალაუფლების ხელში აღებამდე მუდმივად იმეორებდა, რომ ქვეყნის ბედს ხალხთან ერთად გადაწყვეტდა.