ირლანდიელი მარკ ბოილი 2008 წლიდან ფულს აღარ იყენებს და ამის შესახებ წიგნებს წერს. მისი ისტორიის შესახებ Oddity Central-ი ბოილის სხვადასხვა ინტერვიუზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბოილი განათლებით ეკონომისტია და 6 წელი ორგანული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის მენეჯერად მუშაობდა. მისი ცხოვრება 2007 წლის შემოდგომაზე შეიცვალა, როცა ის მეგობართან ღვინოს სვამდა და მსოფლიო პრობლემებსა და მათი გადაჭრის მეთოდებზე მსჯელობდა. სწორედ მაშინ მიხვდა კაცი, რომ პრობლემების უმეტესობის საფუძველს სწორედ ფული წარმოადგენს. მალევე მას მაჰათმა განდის ციტატაც გაახსენდა „იყავი ის ცვლილება, რომლის ნახვაც გსურს“.
ირლანდიელმა გადაწყვიტა საკუთარ მაგალითზე გაერკვია როგორია ფულის გარეშე ცხოვრება. მან საკუთარი სახლი გაყიდა და ფურგონში დასახლდა, რომელიც უფასოდ მისცეს, მას შემდეგ რაც მან თავისი გეგმების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. ბოილს ასევე მზის ბატარეები აქვს, შხაპი კი ქუჩაში, ხეზე პაკეტის დაკიდებით მოაწყო. საკვების მოსამზადებლად მან პრიმიტიული ღუმელიც მოაწყო და ახალი ცხოვრება დაიწყო.
ამის შემდეგ ის მხოლოდ იმას ჭამდა, რასაც ბუნებაში თვითონვე პოულობდა. მუშაობდა ფერმაზე, ოღონდ ხელფასის ნაცვლად იქვე ბოსტნეულის მოყვანის უფლებას იღებდა. 2010 წელს ბოილმა თავისი პირველი წიგნიც გამოაქვეყნა „ადამიანი ფულის გარეშე - თავისუფალი ეკონომიკური ცხოვრების ერთი წელი“, რომელმაც მას პოპულარობა მოუტანა.
„ახლა მეტი მეგობარი მყავს, ვიდრე ოდესმე მყოლია. რაც ასეთი ცხოვრებით ვცხოვრობ, ავად არ გავმხდარვარ. მივხვდი, რომ ნამდვილი უსაფრთხოება მეგობრებია და არა ფული. სიღარიბის უმეტესი შემთხვევა დედამიწაზე ფსიქოლოგიური ხასიათისაა. ნამდვილი დამოუკიდებლობა ურთიერთდამოკიდებულებაა“, - ამბობს ბოილი.
2017 წელს მან ასევე „ინდუსტრიალიზაციის ნივთებზე“ თქვა უარი. თავს არიდებს თანამედროვე ადამიანისთვის ჩვეულ გაჯეტებს, ელექტროენერგიას, ინტერნეტს, რადიოს. ირლანდიელი აღიარებს, რომ ცხოვრების ეს სტილი ყველასთვის არ არის, მაგრამ იმედი აქვს, რომ თავისი მაგალითით რაც შეიძლება მეტი ადამიანი შთაგონებას შეძლებს უარი თქვან „ფულზე დამოკიდებულებაზე“.