ახალი ომი ეკონომიკას დიდი საფრთხის წინაშე დააყენებს – რას დაკარგავს საქართველო?

ახალი ომი ეკონომიკას დიდი საფრთხის წინაშე დააყენებს – რას დაკარგავს საქართველო?

ისრაელსა და პალესტინაში დაწყებული ომი გლობალურ ეკონომიკას საფრთხეს უქმნის. სამხედრო დაპირისპირებით გამოწვეული ჩავარდნა გარკვეულ გავლენას იქონიებს საქართველოზეც. ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკურ კავშირები სწორედ ახლა იწყება და მას შესაძლოა, პრობლემები შეექმნას.

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის გაჩაღებამ შესაძლოა, ცენტრალური ბანკები ახალი ინფლაციური ტენდენციების გამოწვევის წინაშე დააყენოს. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ცენტრალური ბანკების მოლოდინი, პანდემიითა და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გაზრდილი ინფლაციის დასტაბილურების კუთხით.

უცხოელი ექსპერტების შეფასებით, კონფლიქტის არაპროგნოზირებადობამ გლობალური ეკონომიკა კიდევ უფრო ნაკლებად განჭვრეტადი გახადა. ამიტომ დიდია მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი მაღალ საპროცენტო განაკვეთს დიდი ხნით შეინარჩუნებს.

„ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესს აჭიანურებს - ზრდის რისკებს, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონში... არსებობს სერიოზული შიში თუ სად იქნება უახლოეს მომავალში ნავთობის ფასი“, - განაცხადა „ნორთერნ ტრასტის“ მთავარმა ეკონომისტმა კარლ ტანენბაუმმა.

ორგანიზაცია „ჰამასის“ მოულოდნელმა შეჭრამ ისრაელის ტერიტორიაზე, ახლო აღმოსავლეთში ახალი ხანგრძლივი კონფლიქტის შესაძლებლობამ, დამატებითი უარყოფითი გავლენა იქონია ისედაც არასტაბილურ მსოფლიო ეკონომიკაზე, რომელიც რუსულ-უკრაინულმა ომმა გამოიწვია.

მიმდინარე დაძაბულობის ეკონომიკური ეფექტების სიმწვავე დამოკიდებულია კონფლიქტის ხანგრძლივობასა და მისი გავრცელების არეალის მოცულობაზე.

„ნაადრევია იმის თქმა, თუ რა მასშტაბური ეკონომიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტს, თუმცა სავარაუდოა, რომ მას მყისიერი ეფექტი ექნება ნავთობის ფასსა და ბირჟებზე“, - განაცხადა ავგუსტინ კარსტენსმა, „ბანკ ოფ სეტლემენტსის“ გენერალურმა მენეჯერმა.

უცხოელ ანალიტიკოსებს ეთანხმებიან ქართველი შემფასებლებიც. „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ისრაელში განვითარებული მოვლენები ნავთობის ფასების ზრდის ფაქტორია.

„სექტემბრის ინფლაციის მაჩვენებლები ჩვენს მოლოდინთან დიდწილად შესაბამისი იყო. პროგნოზის კუთხით, საყურადღებოა ბოლო პერიოდში ნავთობის ფასების უკვე დაღმავალი ტენდენცია, თუმცა ისრაელში განვითარებული მოვლენები ნავთობის ფასების ზრდის ფაქტორია“, - აცხადებენ „თიბისი კაპიტალში“.

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი რამაზ გერლიანიც ადასტურებს, რომ ახლა ძალიან რთული ვითარებაა, რისგანაც სარგებელი ყველაზე ნაკლებად არის მოსალოდნელი.

„არა მარტო საქართველოზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ექნება გავლენა ისრაელის ომს. ირგვლივ ძალიან რთული ვითარებაა და შეიძლება გლობალურ ეკონომიკაში რეცესიის გამომწვევი ფაქტორიც გახდეს. პირველ რიგში, რასაც ველოდები, გლობალურ დონეზე შესაძლოა, საფასო რყევები გამოიწვიოს. ჩვენ საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა გვყავს ისრაელში როგორც ემიგრანტების სახით, ასევე არიან ქართველი ებრალები, რომლებიც იძულებული გახდებიან, ომს საქართველოში გამოექცნენ. გამოდის, რომ გზავნილების მოცულობა მკვეთრად შეგვიმცირდება“, - აღნიშნა გერლიანმა.

ამასობაში ისრაელიდან საქართველოში ჯავშნები უკვე უქმდება. სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილ ინფორმაციით, ისრაელში საომარი მდგომარეობის გამო ტურიზმის სექტორში ცუდი მოლოდინი აქვთ.

„თუ ეს სიტუაცია მსხვილმასშტაბიან ომში გადაიზარდა, რასაკვირველია, მსოფლიოსთვის და, კერძოდ, ტურიზმისთვის კარგი პერიოდი არ დადგება და უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი როგორ მოვიქცეთ. ამასთან, თუ მთელი რეგიონი ჩაერთო ომში, ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ისრაელიდან, არამედ ტურისტების ნაკადის მიღება ე.წ. გალფის ქვეყნებიდანაც შეწყდება, ეს კი ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან ეს ბაზრები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია ჩვენი ტურიზმისთვის. ომი ტურიზმის პირველი მტერია და ამ ეტაპზე, ტურიზმისთვის კარგი არაფერი ხდება“, - აღნიშნა ალავერდაშვილმა.

მიმდინარე წელს საქართველოს ისრაელიდან ბევრი ტურისტი ეწვია, თუმცა, ბოლო სამი დღის ვითარებით, სასტუმროებში ისრაელიდან შემოსული ჯავშნები უქმდება.

„ისრაელიდან შემოსული ტურისტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, მიმდინარე წელსაც ისრაელი ტურისტების დიდი რაოდენობა გვყავდა, ისინი, ძირითადად, ბათუმში და თბილისში ჩამოდიან, თუმცა, ბოლო სამი დღის მონაცემებით, ომისა და არეულობის ფონზე, ისრაელიდან ჯავშნები უქმდება“, - განაცხადა ჰოტელიერმა.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ისრაელში არსებულ საომარ ვითარებას ამ ქვეყნიდან წამოსულ ტურისტულ ნაკადებზე დიდი გავლენა ექნება და ეს საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორზე აისახება.

„ომი თუ დაიწყო, ისრაელიდან საქართველოში ხალხი ტურისტებად არ ჩამოვა. ისრაელში საომარი მდგომარეობა ტურიზმს პირდაპირ დაარტყამს, თუ ეს კონფლიქტი მალე დამთავრდება, რასაკვირველია, გაგრძელდება მიმოსვლა, ხოლო თუ ხანგრძლივი ომი იქნება, ეს ტურიზმს ცალსახად შეეხება“, - აღნიშნა ალავერდაშვილმა.

ისრაელისა და საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობის პერსპექტივაზე საურობს „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი ციკ მოშე. მისი აზრით, თუ ომმა კიდევ უფრო მასშტაბები არ მიიღო, ჯერჯერობით სერიოზული გავლენა არ იკვეთება.

„ომი მოითხოვს მსხვერპლს და ეკონომიკაზე შეიძლება დროებით იქონიოს გავლენა, მაგრამ ისრაელს აქვს საკმაოდ ძლიერი ეკონომიკა. ქვეყანას აქვს არჩეული სწორი ეკონომიკა და სწორი ვექტორი. ომს აქვს თავისი გავლენა, მაგრამ ისრაელის დონის ქვეყანაში, სადაც არის ძლიერი ჯარი, საზოგადოება, რომელიც ომის დროს კიდევ უფრო გაერთიანდა, მჯერა, რომ სწრაფად შეიცვლება ვითარება სასიკეთოდ და ახლა არსებული დაძაბულობას საქართველო-ისრაელის ეკონომიკურ ურთიერთობებზე არ ექნება გავლენა. თუმცა, ინვეტიციების მოზიდვა სულ სხვა პარამეტრებზეა დამოკიდებული, კერძოდ, რამდენად იცნობენ მხარეები ერთმანეთს, როგორია აქტივობა, როგორ დაიცავენ არსებულ ბიზნესს, რა ღონისძიებებს გაატარებენ, რომ მოიზიდონ დამატებით კაპიტალი. ისრაელს აქვს უფრო დიდი საინვესტიციო პოტენციალი, იმის ფონზე, რაც საქართველოში შემოდის. მე მჯერა, რომ მხარეებს შორის ამ კუთხით ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება“, - განაცხადა იციკ მოშემ.