ბიზნესში კადრების პრობლემა ვერ გვარდება - უკვე პრემიერიც საქმის კურსშია

ბიზნესში კადრების პრობლემა ვერ გვარდება - უკვე პრემიერიც საქმის კურსშია

ბიზნესისთვის კვალიფიციური მუშახელი იმხელა პრობლემად იქცა, რომ საკითხის სიმწვავეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც კი გამოეხმაურა. მან ხაზი გაუსვა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე ბიზნესი ადამიანური რესურსის სიმწირეს განიცდის. თავად კომპანიებში კი ამბობენ, რომ თითოეული თანამშრომლის წასვლა, ლამის დაუძლეველ პრობლემად იქცეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინფორმაციით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში შემოსული ვაკანსიების თანახმად, გამოიკვეთა ყველაზე მსხვილი სფეროები, ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განთავსების საშუალებები, სასტუმროები, უზრუნველყოფა და საკვების მიწოდების საქმიანობა, კვების ობიექტები, როგორიც არის სარესტორნო ბიზნესი და ა.შ.

„სულ სააგენტოში, დღეის მდგომარეობით, 10 000-მდე ვაკანსია არის დაფიქსირებული. შარშან ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, საინტერესო, საკმაოდ ყოვლისმომცველი და გამოიკვეთა შემდეგი მდგომარეობა, რაც უნდა ითქვას, რომ საგანგაშოა.

აღმოჩნდა, რომ შარშან, 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, ბოლო 1 წლის განმავლობაში, საწარმოთა 32%-ს ჰქონდა ვაკანსია, რომელმაც ჯამში, თითქმის 140 000 ვაკანსია შეადგინა. ეს, რა თქმა უნდა, არის საგანგაშო. აქვე მინდა მოვიყვანო კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემები. იცით, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში, ბოლო 3 წელიწადში, საკმაოდ შევამცირეთ სიღარიბე და უმუშევრობა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის კვალიფიციური მუშახელი ბაზარზე, გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ არ არის მიწოდება ასე ვთქვათ, კვალიფიციური მუშახელის, რაც სერიოზული პრობლემაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მდგომარეობა მათრლაც არასახარბიელოა. საქართველოს ბიზნესასოციაციამ მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ამოკითხული კომპანიები, საუბრობენ გამოწვევებზე, რომლებიც ხელს უშლის მათ ბიზნესსაქმიანობას.

„2023 წლის მესამე კვარტალში კიდევ უფრო გამწვავდა კადრების დეფიციტის პრობლემა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევა ბოლო რამდენიმე კვარტალია.

სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა განსაკუთრებით მძაფრად დასახელდა მშენებლობის სექტორის მიერ, რადგან ქვეყანაში არსებული მწვავე საკადრო დეფიციტის ფონზე, სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 9%-მა დააფიქსირა თანამშრომელთა შემცირება მესამე კვარტალში, ხოლო სამუშაო ძალის დეფიციტი ვაჭრობის სექტორისთვის აღმოჩნდა ყველაზე კრიტიკული“, - აღნიშნულია კვლევაში.

ვაჭრობასთან ერთად, ჰორეკა სექტორიც ერთ-ერთია, რომელიც მუდმივად თანამშრომლების ძიებაშია და მაინც სულ მწვავე პრობლემა უდგას. ყაზბეგში მდებარე სასტუმრო „სტეპ ინნ“-ის დამფუძნებელმა ანი ალიბეგაშვილმა დაადასტურა, რომ ყველაზე მტკივნეული საკითხი ბიზნესის მართვისას კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

„არ მეგონა თუ ასე რთული იქნებოდა გუნდის შექმნა, კადრების მოზიდვა. ყაზბეგში ადგილობრივების დასაქმება, ფაქტობრივად, გამორიცხულია, რადგან მათ თავიანთი საქმე აქვთ. გვიწევს თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან კადრების ჩამოყვანა და გადამზადება, თუმცა ყველა აქ ვერ ჩერდება, კლიმატური პირობების თუ სხვადასხვა მიზეზებით. თითოეული თანამშრომლის სამსახურიდან წასვლა ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა“, - განაცხადა ალიბეგაშვილმა.

თანამრომელთა დაქირავებისას სოციალურ დახმარებაზე მყოფი ადამიანების პრობლემაც იჩენს თავს.

„ქვეყანაში 600 ათასზე მეტი ადამიანია სოციალურად დაუცველი. მათ სურთ, რომ ხელზე გადავუხადოთ ხელფასი, რაც შეუძლებელია. თუ გინდა, რომ კეთილსინდისიერად მართო ბიზნესი და გქონდეს ყველაფერი გამჭვირვალე, ძალიან რთულია მორგება იმ რეალობაზე, რა რეალობაც ქვეყანაში გვაქვს. მოკლედ, ჩვენს სექტორს ძალიან უჭირს და აქ უკვე აღარ არის საუბარი ხელფასებზე“, - აღნიშნა სასტუმროს დამფუძნებელმა „ბიზნეს მედიასთან“ საუბრისას.

როგორც ბიზნეს ასოციაციის კვლევაშია აღნიშნული, კვალიფიციური კადრების კუთხით ყველაზე მეტად მშენებლობის სფეროს უჭირს, რასაც სრულიად ეთანხმება კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი ბესო ორთოიძე. პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ მსხვილი პროექტები ვერ ხორციელდება, რადგან კომპანიებში საკმარისი ადამიანური რესურსი არ არის.

„დღეს დარგში პრობლემაა როგორც კვალიფიციური კადრი, ასევე დაბალი რგოლის მუშახელი. შეიძლება, კომპანია ფინანსურად მზად იყოს ახალი პროექტის განსახორციელებლად, მაგრამ ვერ იწყებდეს იმის გამო, რომ საკმარისი ადამიანური რესურსი არ არის. რეალურად, შესაძლებელია, რომ ერთი კომპანია პარალელურად რამდენიმე პროექტზე მუშაობდეს, ბევრს აქვს ამის შესაძლებლობა, რასაც კადრების სიმცირის გამო ვერ აკეთებს.

ზოგადად, პრობლემაა პროფესიული კადრი, რაც სექტორს დიდ დაბრკოლებას უქმნის. რეალურად ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელიც ამ დარგშია დასაქმებული და პროფესიული განათლება აქვს მიღებული. ძირითადად მაინც თვითნასწავლი კადრებია. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის მენტალური საკითხი. ყველა ცდილობს პოპულარული პროფესია შეარჩიოს, ხოლო როცა ამთავრებს სასწავლებლებს და ვერ იწყებს სამსახურს, მშენებლობაში საქმდება და აგროვებს გამოცდილებას. ბაზარი ძირითადად ასეთი კადრისგან არის დაკომპლექტებული“, - განაცხადა ორთოიძემ.

trampi ხელფასი მისცენ და მოგვარდება
მაძღარი მშიერს წვრილწვრილად უფხვნიდა---- ეკონომიურად ჭამეო
იმიტომაცა კადრების ნაკლებობა
7 თვის უკან
არაგველი641 დადგა დრო, როცა საჭიროა ყურადღება მიექცეს ხელფასებს! კარგი ხელფასის შემთხვევაში ემიგრაციიდანაც კი დაბრუნდებიან ჩვენები!
7 თვის უკან