მიხეილ სააკაშვილის წინდაუხედავი ნაბიჯები

მიხეილ სააკაშვილის წინდაუხედავი ნაბიჯები

[დენიელ ლარისონი, The American Conservative]

თუკი ვინმეს, ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი სახიფათო მასხარაა, ამ ცნობამ მათი ეჭვები უნდა გაფანტოს:„გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა The Independent-ს განუცხადა, რომ იმ ტიპის ტერაქტები, როგორიც ორშაბათს მოსკოვის აეროპორტში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებით მოხდა, ჩრდილო-კავკასიაში რუსული პოლიტიკისთვის გადახდილი „სამაგიერო“ იყო, მან ეს ქვეყანა ასევე შეადარა „ნიანგს, რომელიც მზადაა გადაგყლაპოს“.

რა თქმა უნდა, რუსეთში ტერორიზმის პრობლემაში რუსულ პოლიტიკას თავისი წვლილი აქვს. თუმცა საინტეროსოა, რომ დასავლელი ექსპერტები სიამოვნებით აკეთებენ მსგავს დასკვნებს, როდესაც საქმე სხვა ქვეყნების წინააღმდეგ მიმართულ ტერორიზმს ეხება, მაგრამ ამავდროულად მათი უმრავლესეობა როგორც ჩანს ვერ აცნობიერებს იმას, რომ იგივენაირად ტერორიზმს შეიძლება მათი საკუთარი მთავრობების საქმიანობაც უკავშირდებოდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სააკაშვილმა ეს საჯარო განცხადება გააკეთა სულ რაღაც რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. იმ ფონზე, როდესაც რუსეთს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რეგიონში სერიოზული პრობლემები უჩნდება, ეს ნაბიჯი აშკარა პროვოკაციას გავდა. როგორც შარშან შემოდგომაზე თომას დე ვაალი წერდა: 

„საქართველო, რომელსაც ჩრდილოეთის საზღვრებზე არანაკლებ სჭირდება სტაბილურობა, ასევე არარაციონალურ თამაშს ეწევა. საქართველოს ხელისუფლებამ ჩრდილოეთ-კავკასიასთან დაახლოვების ახალი პოლიტიკა აამოქმედა, რაც რუსების აზრით ამ რეგიონის დანარჩენი რუსეთისგან გამოყოფის სტრატეგიაა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივ რეჟიმში შემოიღო უვიზო რეჟიმი ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკებისთვის და გაერო-ში „კავკასიის გაერთიანების“ (ჩრდილოეთ და სამხრეთ-კავკასიის ჩათვლით) საკუთარი იდეით გამოვიდა. ასეთი იდეები მისასალმებელი იქნებოდა, ის რომ პოეტს ან ბიზნესმენს მაინც გამოეთქვა, მაგრამ როდესაც ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს, ეს მხოლოდ ამწვავებს რუსეთის პარანოიას და დაძაბულობას რუსულ-ქართული ურთიერთობებში“.

სააკაშვილის უხეში განცხადება „სამაგიეროს გადახდის“ თაობაზე, რაც ვიზების გაუქმების პროვოკაციული გადაწყვეტილებიდან და მოსკოვის სასტიკი ტერაქტიდან რამდენიმე დღეში გაკეთდა, თითქოს საგანგებოდ იმისკენაა მიმართული, რომ მოსკოვს გაუჩნდეს საბაბი, კიდევ უფრო გააუარესოს საქართველოსთან ურთიერთობა და თბილისთან მიმართებაში კიდევ უფრო ნაკლებად მოქნილად იმოქმედოს. ყველაფერი შეიძლება უარესი სცენარითაც განვითარდეს:  სააკაშვილის უგუნურება შესაძლოა რუსეთის მთავრობისთვის იმის საბაბად იქცეს, რომ საქართველო „დომოდედოვოს“ აფეთქებასთან კავშირში დაადანაშაულოს. 

რა თქმა უნდა, მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ქართველი ნაციონალისტი დღეს ტერაქტში გარდაცვლილ რუსებს უთანაგრძნობს, მაგრამ გონიერ სახელმწიფოს მეთაურს იმის ჭკუა მაინც უნდა ჰქონოდა, რომ მოსკოვის პროვოცირება არ მოეხდინა იმ დროს, როდესაც ეს უკანასკნელი ტერორისტების სისასტიკეზე რეაგირებისთვის ემზადება. ამგვარად, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სააკაშვილის წინდაუხედაობისა და უპასუხისმგებლობას. მფარველობა და მხარდაჭერა, რომელსაც მას აშშ უწევს, სახიფათოა ჩვენთვისაც და საქართველოსთვისაც.

foreignpress