უძრავი ქონება ძველებურად ვეღარ იყიდება, ფასებმაც რყევა დაიწყო

უძრავი ქონება ძველებურად ვეღარ იყიდება, ფასებმაც რყევა დაიწყო

ბინები ძველებური ტემპით ვეღარ იყიდება, თვიდან თვემდე რეალიზაციის მხრივ კლებაა. მიუხედავად ამისა, უძრავ ქონებაზე ჯერჯერობით მაღალი ფასი ნარჩუნდება, თუმცა ძველ აშენებულ კორპუსებში გაიაფების ტენდენცია უკვე შეინიშნება, რასაც, სავარაუდოდ, ახალი მშენებლობებიც მიჰყვება.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.6 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.6 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

2022 წლის თებერვალთან შედარებით კი მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 10.9 პროცენტით. ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 28.1-პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 6.2 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 6.45 და 3.46 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

დეველოპერები ამტკიცებენ, რომ ეკონომიკური ზრდა და კადრების დეფიციტი მთავარი ფაქტორებია, რაც მშენებლობის ინდექსში ადეკვატურად აისახა და ზრდა გამოიწვია. კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე აცხადებს, რომ სექტორში ხელფასები გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკის ზრდას და კადრებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევას უკავშირდება.

მისი თქმით, განსაკუთრებით პროფესიული კადრი არის დეფიციტი, რის მოგვარება პროფესიული გადამზადების პროგრამების გარეშე შეუძლებელია.

„ზოგადად, არა მარტო ჩვენს სფეროში, ნებისმიერ დარგში მსგავსი სიტუაციაა. ეკონომიკური ზრდის პარალელურად ხელფასების იზრდება, რაც ლოგიკურია. თუმცა მშენებლობის სექტორში ამას სხვა ფაქტორებიც ემატება. არაერთხელ გვითქვამს, რომ შრომითი რესურსი საკმაოდ დეფიციტურია. შესაბამისად, ამ დეფიციტის ფონზე თვიდან თვემდე ზრდა ფიქსირდება.

როცა კადრის მოძიება ჭირს, შესაბამისად, სახელფასო განაკვეთიც მატულობს. თუმცა კატასტროფული მაჩვენებლები არ არის. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა გადის პროფესიული გადამზადების კურსებზე, რომ მოხდეს კადრების მომზადება, სტაჟირება და სხვა, მაგრამ უმეტესად მენტალურ პრობლემას ვაწყდებით.

ხშირად ადამიანის ოჯახის წევრები იღებენ გადაწყვეტილებას, პოპულარული პროფესიები აირჩიონ, ხოლო კურსდამთავრებულები ვერ იწყებენ სამსახურს საკუთარი პროფესიით, ზოგიც არაპროფილურ საქმიანობაში ებმება, მათ შორის, მშენებლობაში საქმდება და აგროვებს გამოცდილებას. სხვადასხვა დარგში არის ეს პრობლემა, ამ მხრივ მარტო საქართველოს არ უჭირს“, - განუცხადა „ბიზნეს ინსაიდერს“ ორთოიძემ.

მშენებლები მუდმივად გაძვირებაზე აპელირებენ, რაც მათ ინტერესშია, მაგრამ სარეალიზაციო ბაზარზე სხვაგვარი ვითარებაა, რაც მოთხოვნის საგრძნობ კლებას ადასტურებს. ბოლო მონაცემებით (აგვისტოს სტატისტიკით) თბილისში 3552 ბინა გაიყიდა, რაც გასულ წელთან შედარებით, 9.3%-ით და ხოლო წინა თვესთან შედარებით, 2.8%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ე.წ. პირველად ბაზარზე გაყიდვების ბევრად ნაკლები შემცირება დაფიქსირდა ვიდრე მეორადზე (-1.7% და -14.6% შესაბამისად). ეს, სავარაუდოდ, მიუთითებს ქირის ბაზრის მიმზიდველობის შემცირებაზე, რადგან მიგრანტებისგან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდა, რაც გასულ წელს ქირის მკვეთრი ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო.

„გალტ ენდ თაგარტის“ ანგარიშით, 2023 წლის აგვისტოში წლიური გაყიდვები თბილისის თითქმის ყველა უბანში შემცირდა. ზრდა მხოლოდ დიდი დიღმის (+17.8%) და ნაძალადევის (+26.6%) რაიონებში დაფიქსირდა.

ახალაშნებული ბინების ღირებულება ჯერ არ მცირდება, რადგან დეველოპერები ყველანაირად ცდილობენ მაღალი ნიშნულის შენარჩუნებას და ამას საინფორმაციო ტექნოლოგიების მოშველიებით აქამდე ახერხებენ, ძველი ბინების შემთხვევაში კი უკვე დაიწყო გაიაფება და ე.წ. მეორად ბაზარზე ფასები უკვე დაბლა წამოვიდა შემცირდა, რადგან მოთხოვნა შესუსტდა ქირის ბაზრის მიმზიდველობის შემცირების გამო.