საქართველოს შს სამინისტრო საოკუპაციო ზოლთან არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შს სამინისტრო საოკუპაციო ზოლთან არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების მონტაჟის პროცესი დაიწყო 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ. აღნიშნული პროცესი 2009–2012 წლებში ეტაპობრივად გაგრძელდა გორის, ქარელისა და კასპის რაიონების სოფლებში.

მავთულხლართების, ღობეებისა და მიწათხრილების მოწყობის პროცესმა, ოკუპირებულ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში ინტენსიური ხასიათი შეიძინა 2013 წელს და სწრაფი ტემპით გაგრძელდა გორის, ქარელის, ახალგორისა და ზუგდიდის რაიონების სოფლებში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ამ უკანონო ქმედებების დაწყების მომენტიდან, შსს სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, სისტემატურად განიხილავს აღნიშნულ პრობლემას და მას უპირველეს საკითხად აყენებს, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (იპრმ), ასევე ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებში.

ზემოთ აღნიშნული საკითხის განხილვისას, ჟენევისა და იპრმ–ის ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე, ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, შსს კვლავაც აგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა ადგილზე მოხდეს სტაბილურობის უზრუნველყოფა და თავიდან იქნეს აცილებული ვითარების ესკალაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში ჩართულ სხვა სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალურ ინფორმირებას ოკუპაციის ხაზთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც მიზნად ისახავს პარტნიორ სახელმწიფოთა ჩართულობის ხარისხის გაზრდას, რათა მოხდეს პრობლემის მშვიდობიანი დარეგულირება.

საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შსს გაცნობებთ ოკუპირებული ტერიტორიებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ მიმდინარე წელს განხორციელებულ ცალკეულ ღონისძიებათა ჩამონათვალს:

• სამინისტრო ჩართულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში (8 შეხვედრა) და ჟენევის მოლაპარაკებებში (3 რაუნდი).

• სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ყველა მაღალი დონის შეხვედრებზე, მათ შორის მინისტრის ყველა ოფიციალური ვიზიტისას, პარტნიორი სახელმწიფოების აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ორგანოებთან უპირველეს საკითხად დგება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, დეტალურად განიხილება შექმნილი მდგომარეობა და არსებული გამოწვევები.

• ოკუპაციის ხაზის მიმდებარე რიგ სოფლებში გაზრდილი იქნა მობილური პატრულების ჯგუფების რაოდენობა და დამატებულ იქნა დროებითი საგუშაგოები.

• დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შსს–ს თაოსნობით, მრავალჯერ იმყოფებოდნენ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარების ადგილზე გასაცნობად.

• სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან, და ყოველდღიური კომუნიკაციის და ე.წ. “ცხელი ხაზის” მექანიზმის ფარგლებში, ეფექტურად მოქმედებს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაში.

• შსს აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის გაზიარების კუთხით.

• აქტიურად თანამშრომლობს გაეროს წარმომადგენლობასთან აფხაზეთის მიმართულებით მოლაპარაკებების განახლების უზრუნველყოფისა და ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვის კუთხით.

• სამინისტროს მიერ გაიმართა შეხვედრები შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების მოსახლეობასთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ადგილზე უსაფრთხოებისა და ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვების მიზნით.

• სამინისტროს უშუალო მონაწილეობით საოკუპაციო ზოლზე არაერთგზის აცილებულ იქნა ოკუპანტების მხრიდან დაგეგმილი სხვადასხვა სახის პროვოკაციები.

• მავთულხლართების, ღობეებისა და მიწათხრილების ინსტალაციის პროცესთან დაკავშირებით მოეწყო პრეზენტაციები, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე დიპკორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებთან. ასევე სისტემატურად მიეწოდება აღნიშნული ინფორმაცია შსს–სთან ურთიერთობის მქონე უცხოელ კოლეგებს.

• სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ოკუპანტებისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა გათავისუფლების პროცესში.

• სამინისტრო ეფექტურად თანამშრომლობს ჰუმანიტარული პროფილის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რითაც ხელს უწყობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის გადაადგილებას, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე სხვა ჰუმანიტარული მიზნებით. ასევე ჩართულია უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესში და კოორდინირებას უწევს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიების განნაღმვით სამუშაოებს.

აქვე კიდევ ერთხელ გვსურს განვაცხადოთ, რომ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში უსაფრთხოების ერთადერთ გარანტორს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ყოველდღიურად ახორციელებეს ღონისძიებებს ადგილობრივი მოსახლეობის მეტი დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.