თურქი-მესხები საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ

თურქი-მესხები საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ

მიხეილ გორბაჩოვთან შესახვედრად და საბჭოების მეორე ყრილობის დელეგატებზე ზეგავლენის მოსახდენად აზერბაიჯანიდან მოსკოვს გაემგზავრა ე. წ. თურქ-მესხთა დელეგაცია.

სასტუმრო „როსიას“ დასავლეთი ბლოკის შესასვლელთან (სადაც ყრილობის დელეგატები ცხოვრობდნენ) პიკეტი მოეწყოთ „თურქ-მესხებს“ (დაახლოებით 300-400 კაცში ერია აგრეთვე ყირიმელი თათრები და ვოლგისპირელი გერმანელები). ტრანსპარანტები საზოგადოებას აუწყებდა, რომ ისინი უკვე 45 წელია უსამშობლო ხალხია და მათი სამშობლოა „მესხეტია-დჟავახეტია“.

19 დეკემბერს ერთ-ერთ ჯგუფთან შეხვედრისას (რომელშიც მათი ლიდერი სარვაროვიც იყო) ვესაუბრეთ ექიმ ალი ალიევს და გეოგრაფ იბრაგიმ ბაირამოვს (ხოზრევანიძეს). გაირკვა, რომ მათ ჯერჯერობით ვერ მოახერხეს გორბაჩოვთან შეხვედრა, მაგრამ უკვე ჰქონიათ მიღება ლუკიანოვთან, რომელიც შეჰპირებია აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტას.

„თურქ-მესხებმა“ ყალბად იციან საქართველოს, განსაკუთრებით მესხეთ-ჯავახეთის ისტორია. ჰგონიათ, რომ საქართველომ თურქეთს მეცამეტე საუკუნეში მოსტაცა მესხეთ-ჯავახეთი და რომ თურქეთმა ეს „ძირძველი თურქული მხარე“ მეჩვიდმეტე საუკუნეში დაიბრუნა, ხოლო რუსეთმა მეცხრამეტე საუკუნეში იგი ისევ წაართვა თურქეთს და საქართველოს გადასცა.

- ჩვენი სამშობლო მხოლოდ მესხეთ-ჯავახეთია (განსაკუთრებით, ადიგენ-ახალციხის რაიონები) და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ მიზნის მისაღწევად, - გვითხრეს მათ, - დავიღალეთ მოსკოვში ამდენი ყოფნით, კრემლთან უნაყოფო ურთიერთობით და გადავწყვიტეთ დელეგაცია მივავლინოთ საქართველოში, ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან შესახვედრად, რათა იქ გაირკვეს ჩვენი მდგომარეობა.

როგორც ვხედავთ, „თურქ-მესხთა“ საქართველოში შემოჭრის საშიშროება უფრო მეტია, ვიდრე ეს სინამდვილეში ჩანს...