დიპლომატები თუ აგიტატორები?

დიპლომატები თუ აგიტატორები?

რას წარმოადგენენ საქართველოში მყოფი რუსეთისა და აზერბაიჯანის ეგრეთ წოდებული დიპლომატიური მისიები?

გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ეს დაწესებულებანი ყველაზე ნაკლებად ასრულებენ სწორედ დიპლომატიურ ფუნქციებს და მთელს დროს, ენერგიას და სახსარს იმას ანდომებენ, რომ აქ ჩვენს ქვეყანაში გააძლიერონ ბოლშევიკური პროპაგანდა და მით მოსპონ ქართველი ერის დამოუკიდებელი არსებობა.

იმ დღიდან, როდესაც ჯერ ბოლშევიკურ რუსეთს და შემდგომ აზერბაიჯანს შეძლება მიეცათ იყოლიონ საქართველოში „სრულუფლებიანი წარმომადგენლობა“, ჩვენში დაიწყო ახალი, ლეგალური ხანა ბოლშევიზმის აგიტაციისა და ამ „სრულუფლებიან წარმომადგენლობის“ უფროსი და უმცროსი თანამშრომელნი სათავეში უდგანან საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას.

მათი მისიების თანამშრომლები ჩვენს სამშობლოში მოდიან ფულით გაჭედილ სკივრით, მაგრამ შემცდარნი იქნებით იფიქროთ, თითქოს ამ შედარებით უმანკო მუშაობით კმაყოფილდებოდნენ კომუნისტურ მოსკოვ-ბაქოს აგენტები. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს უკანასკნელი ნოტიდან აზერბაიჯანის „დიპლომატიურ წარმომადგენლობაში“ თვალსაჩინო თანამდებობა უჭირავთ ნამდვილ ტერორისტებს, რომელნიც შემოჭრილან ჩვენს სამშობლოში პირდაპირი დანიშნულებით ამგვარ აქტების შესასრულებლად.

ასეთი სუბიექტების იზოლაცია მოახდინა საქართველოს ძალდატანების აპარატმა და ამის გამო, როგორც რუსეთის, ასევე აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა აურზაური ასტეხეს და კატეგორიულის ტონით მოითხოვეს მათი დაუყოვნებლივი განთავისუფლება.

ტერორისტებსა და საზოგადოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მტრებს ჩვენი მთავრობა, რასაკვირველია, აღარ მისცემს საშუალებას დაუბრკოლებლივი მოქმედებისათვის და, მაშასადამე, ვერც აზერბაიჯანის მისიის „კატეგორიულ“ მოთხოვნას შეიწყნარებს! ამ შემთხვევაში საერთაშორისო ნორმებით ვერ ვიხელმძღვანელებთ და ექსტერიტორიული პრინციპიც უკუსაგდებელია. სახელმწიფოს დამშლელნი, ტერორისტები და შეთქმულების მომწყობნი დაისჯებიან სახელმწიფოში მომქმედ კანონების ძალით, ყოველივე იმუნიტეტის გარეშე.

მაგრამ საინტერესოა ვიკითხოთ: ასე უნდა გაგრძელდეს ბოლომდე და რუსეთ-აზერბაიჯანმა „დიპლომატების“ სახით ახალ-ახალი აგიტატორები უნდა გვიგზავნოს? შესაძლებელია რაიმე კავშირისა და ურთიერთობის გაგრძობა ისეთ ორგანოებთან, სადაც ცენტრალურ ფიგურებად არიან ვიღაც მაწანწალა საჯაია-ქეთევანიძე-კალინიჩენკოები, რომელთაც გატენილი ყუმბარებით ჯიბეები აქვთ გამოვსებული?

სად და რომელ ქვეყანაში მოითმენენ რომ დიპლომატიური კორპუსის თანამშრომელი უცხო ხალხს აქეზებდეს მის მთავრობის წინააღმდეგ და ურიგებდეს მას ფულს, იარაღს, ყუმბარებს?

როგორ გინდათ, რომ კეთილმეზობლობა გაგრძელდეს ისეთს სახელმწიფო ორგანიზაციასთან, რომელიც უდიერად და უმიზეზოდ არღვევს ხელშეკრულებას, ჰკრძალავს ნავთის პროდუქტების გამოგზავნას, ცინიკურად დგას ჩვენს უდავო ტერიტორიაზე და აფეთქებას უპირებს ჩვენს თვითმყოფ არსებობას!

ეს მეზობელი, რომელმაც თავისი პოლიტიკური არსებობის მოკლე მანძილზე უამრავი თავხედობით „თავი ისახელა“, დღეს გვედავება: როგორ გაბედა საქართველოს მთავრობამ იმ ავაზაკების შეპყრობა, რომელნიც ამოფარებოდნენ მისიების „ექსტერიტორიულ“ კედლებს და ქართველ ხალხს შეიარაღებულ აჯანყებისათვის ამხედრებდნენ საქართველოსავე წინააღმდეგ.?!

საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება ჩვენი მთავრობის მიერ, რათა უცხო ქვეყნის წარმომადგენლობაში ინიშნებოდნენ ისეთი პერსონები, რომელთაც ესმით თავისი დანიშნულება და იმდენი პატიოსნებაც შესწევთ, რომ დიპლომატების ნაცვლად პარტიული  აგიტატორებით არ აავსებენ ამ დაწესებულებებს.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას