ირაკლი დოკვაძე გაათავისუფლეს

ირაკლი დოკვაძე გაათავისუფლეს

გლდანი-ნაძალადევის სასამართლომ ზურაბ რუხაძის თავმჯდომარეობით გუშინდელ პროცესზე ირაკლი დოკვაძის ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გამსახურდიას ხელისუფლების მომხრე დოკვაძის ვადაზე ადრე გათავისუფლების საქმე გლდანი-ნაძალადევის სასამართლომ წლეულს თებერვალშივე განიხილა, მაგრამ მაშინ გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

მიუხედავად ამისა, 6 თვის შემდეგ სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე ხელმეორე განხილვის დროს საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი დოკვაძე და პეტრე გელბახიანი 1995 წელს გაასამართლეს 1992 წელს ჩიქოვანის ქუჩაზე ჯაბა იოსელიანის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობის ბრალდებით, რომლის დროს 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 7 წლის ბავშვი.

1995 წელს მათ მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, რომელიც შემდეგ 20 წლით თავისუფლების აღკვეთით შეეცვალათ.

2001 წლის დეკემბერში ეროვნული თანხმობის კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე მათი საქმე ხელახლა იქნა განხილული და სასჯელის ვადა შეუმცირდათ 12 წლამდე და 6 თვემდე. ირაკლი დოკვაძე სასჯელს იხდიდა სასჯელის აღსრულების დეპარტამენტის ავჭალის ნომერ მეექვსე დაწესებულებაში.