მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში, მისი ყველა აქტიურობა ასე უნდა დავინახოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„სააკაშვილს რაც შეეხება, ბოლო გამოძიებებიდან გამომდინარეც, ჩვენ ვხედავთ, რომ სუს-მა კიდევ ერთხელ დაასახელა უკრაინის კონტრდაზვერვის მოადგილე, გია ლორთქიფანიძე, როგორც საქართველოში არეულობების ერთ-ერთი ორგანიზატორი. ის ასევე ბრალდებულია, რომ ორგანიზატორი იყო სააკაშვილის შემოპარვისა. მიხეილ სააკაშვილი არის სრულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში, ამიტომ მისი ყველა აქტიურობა ასე უნდა დავინახოთ. ეს არის ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, მით უმეტეს, რომ სააკაშვილი ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.