საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალინდელ პროცესზე ჩვენი პოზიციები იქნება წარმოდგენილი. სამართლებრივად იმდენად მარტივია ეს საკითხი, რომ ამ მხრივ ჩვენი პოზიციები არის ძლიერი. შესაბამისად, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ საკომისიო სასამართლო პოზიციას გაიზიარებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმაც აღიარა ლიტვის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომ ის ლიტვაში უფლებამოსილების გარეშე იმყოფებოდა.
„პრეზიდენტი თავადაც აცნობიერებს, ოპოზიციაც ამას აცნობიერებს. ყველა ამას ამბობს და ხვდება, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ შედეგის წინასწარ განჭვრეტა ადვილია. დიდი ალბათობით, სამართლებრივი დასკვნაც იქნება ამის მხარდამჭერი.
პრობლემა შემდეგ რამეშია, ეს ყველაფერი სამართლებრივად ყველამ კარგად იცის და საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, სხვაგვარად საუბრობენ საჯაროდ. განსაკუთრებით, „ენჯეოები“, რომლებმაც სამარცხვინოდ, ამ უმარტივეს სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, ცდილობენ, ეჭვი დათესონ. თითქოს, სხვაგვარი სამართლებრივი განმარტება უნდა იყოს. ეს კიდევ ერთხელ ერთ რამეს აჩვენებს - როდესაც საუბარია, რომ ელიტური „ენჯეო“ უნდა იყოს ჩართული ამა თუ იმ რეფორმის პროცესში, სხვადასხვა კანდიდატის შერჩევის პროცესში, კომისიებში, ახლა ვხედავთ, რომ ეს ელიტური „ენჯეოები“ არიან ხალხი, რომლებიც უბრალოდ, არა თუ თვალს ხუჭავენ კონსტიტუციაზე, არამედ პირდაპირ ტყუილს ეუბნებიან საზოგადოებას, როდესაც ახდენენ ისეთ ინტერპრეტირებას, თითქოს, კონსტიტუცია რაიმენაირად უშვებდეს შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტს ჰქონდეს მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტების განხორციელების უფლება.
როდესაც ასე ურცხვად ხდება საზოგადოების მოტყუება, შემდეგ იმის მოლოდინი, რომ ასეთი ელიტური ტიპის „ენჯეოები“, ჩართული იყვნენ რეფორმებში თუ სხვადასხვა კანდიდატის შერჩევაში და მათგან გვქონდეს პატიოსანი პოზიციის მოსმენის მოლოდინი, რა თქმა უნდა, ეს არ ხდება და ამას ვხედავდით კიდევაც“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საუბრისას მან მაგალითად მოიყვანა ომბუდსმენის, ასევე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესები. კერძოდ, საამისოდ თუ როგორ ზეწოლას ახდენდნენ არასამთავრობოების წარმომადგენლები პარლამენტის წევრებზე. შედეგად, პარლამენტს დღემდე ვერ აურჩევია აღნიშნული საბჭოს არამოსამართლე 2 წევრი.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.