არგენტინის ნაკრებში მესის იკარდი შეცვლის

არგენტინის ნაკრებში მესის იკარდი შეცვლის

რამდენიმე დღის წინ, ესპანეთის საფეხბურთო პირველობის მორიგ ტურში, არგენტინის ეროვნული გუნდისა და კატალონიური „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლეო მესიმ მუხლის ტრავმა მიიღო და სამი კვირის განმავლობაში უქმობა მოუწევს.

11 და 15 ოქტომბერს არგენტინის ნაკრები 2014 წლის მსოფლიო პირველობის მორიგ ორ შესარჩევ შეხვედრას ჩაატარებს.

დიეგო მარადონას თანამემამულეები თავდაპირველად პერუს უმასპინძლებენ, შემდეგ კი სტუმრად ურუგვაის დაუპირისპირდებიან.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ არგენტინის ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შემადგენლობამ დაშავებული ლეო მესის ნაცვლად მილანის „ინტერის“ 20 წლის თავდამსხმელი მაურო იკარდი გამოიძახა.

იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში იკარდიმ „ინტერის“ მაისური ოთხჯერ მოირგო და ორი გოლი გაიტანა. ფეხბურთელი ისტორიული სამშობლოს უპირველეს გუნდში პირველად გამოიძახეს.