იტალიის მიმდინარე საფეხბურთო პირველობაზე კლუბი „რომა“ წარმატებით ასპარეზობს და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება. ფრანჩესკო ტოტისა და მის თანაგუნდელებს ჯერ ერთი ქულაც არ დაუკარგავთ.
დღეს დილით გამოცემამ „Corriere dello Sport” გაავრცელა ცნობა, რომ 2014 წლის იანვრის საფეხბურთო სატრანსფერო ფანჯრის დღეებში რომაული გუნდი შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას შეეცდება.
მომავალი სატრანსფერო სიის პირველ ადგილზე ესპანური „ვალენსიას“ მცველი ადილ რამი იმყოფება. ამ ფეხბურთელს ამჟამინდელი კლუბის ხელმძღვანელობასთან და სამწვრთნელო შემადგენლობასთან სერიოზული კონფლიქტი გააჩნია და გუნდის დაუყოვნებლივ დატოვება სურს.
იტალიური სპორტული მას-მედიის მტკიცებით, „რომას“ წარმომადგენლები ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მცველი ლუკას დინის ყიდვასაც შეეცდებიან.
გავრცელდა ცნობა, რომ „რომას“ ხელმძღვანელობამ ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ ფაბიო კვალიარელასაც დაადგა თვალი.