პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ვიზიტების ერთადერთი შედეგი ისაა, რომ ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერმა პირდაპირ მოუწოდა საქართველოს, სანქციები დაუწესოს რუსეთს. პაპუაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ არ აძლევდა მთავრობა პრეზიდენტს თანხმობას ასეთ ვიზიტებზე.
„არ ვიცი, პრეზიდენტთან რაზე მიდის საუბარი, თუმცა ფაქტია, რომ ერთადერთი შედეგი, რაც პრეზიდენტის ქვეყნის გარეთ გასვლამ და შეხვედრებმა მოგვიტანა, ისაა, რომ ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერისგან პირდაპირი მოწოდება მივიღეთ, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები. ანუ, საქართველო დავაყენოთ სამხედრო და ეკონომიკური რისკის წინაშე - ეს არის შედეგი იმ ვიზიტების, რომელზეც საუბრობდა მთავრობა, და პრეზიდენტს ასეთ ვიზიტებზე თანხმობას სწორედ ამიტომ არ აძლევდა. როგორც ჩანს, მთავრობამ იმის გამოცდილება დააგროვა, რომ ასეთი ვიზიტების შედეგები წინასწარ განჭვრეტადი იყოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.