1956 წლის 9 მარტი

1956 წლის 9 მარტი

(იბეჭდება შემოკლებით)

საზიზღარი ამინდი იყო ამა წლის ცხრა მარტს. თოვდა. ცივი ქარი უბერავდა და წყალნარევ თოვლს სახეში გაყრიდა. ეს დღე, ცხრა მარტი, ისედაც მძულს 1956 წლიდან.

წელს ოცდათხუთმეტი წელი შესრულდა იმ არაადამიანური, პროვოცირებული ხოცვა-ჟლეტისა სტალინის სანაპიროზე და ბერიას მოედნის ცოტა აქეთ, ფოსტის მაშინდელ შენობის წინა აღმართზე რომ მოაწყეს ხრუშჩოვისა და ჟუკოვის ბრძანებით, საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივნის, მჟავანაძის დროს, თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნის სეხნიაშვილის დროს.

ყველა დროს თავისი სახელი აქვს. ეს სისხლიანი დრო იყო.

გულუბრყვილო, რომანტიკოსი, ერის ღირსებისთვის შეწირული ყმაწვილები პროვოკაციას წამოაგეს, წინასწარგამზადებულ ტყვიამფრქვევთა სამიზნეებს დაუყენეს და ფეთქებადი ტყვიებით დახვრიტეს. უმეტესობა მათგანი ზურგიდან ნასროლი ტყვიით არის მკვდარი, უმეტესობას მათგან, მისდიეს, მოიმწყვდიეს და მერე ესროლეს.

სროლა ცხრაში რომ უნდა ყოფილიყო, რვაში უკვე იცოდნენ. ამიტომ ლეგენდები გულაჩუყებულ პირველ მდივანზე და მოულოდნელ სისხლსა და მსხვერპლზე, ბლეფია და უსინდისო ტყუილი.

მაშინ მე უნივერსიტეტში ვსწავლობდი და კარგად მახსოვს, ჩვენმა თანაკურსელმა, მაშინდელი სუკის მაღალი თანამდებობის პირის შვილმა, საიდუმლოდ გაგვაფრთხილა - მამაჩემმა თქვა, ხვალ გარეთ არ გახვიდეთო.

იმავე რვაში მთავრობის სახლში მიტანილი იყო დიდძალი სახვევი მასალა, მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანები, საავადმყოფოებში გამოთავისუფლებული იყო საწოლები...

მაშინ ანტისტალინისტურად განწყობილი სტუდენტობა თავიდან ცოტა ამრეზით უცქერდა სტალინის ღირსების დაცვით მიმდინარე ამ გამოსვლებს, მაგრამ მერე და მერე, განსაკუთრებით ბოლო დღეს, ამ გამოსვლებმა ანტისამთავრობო და ანტისაბჭოთა ხასიათი მიიღო, ერის ღირსების დაცვის ხასიათი. იგი საერთო მოძრაობად იქცა.

ასეთად მოჩანს ქართველი ახალგაზრდობის ეს თავგანწირვა დღესაც - ეროვნული ღირსების თავგანწირულ გამოქომაგებად.

ამდენად, იმ დღეების ისტორია ყველა გვარითა და სახელით, ყველა ქმედებითა და აზრით, მოვლენათა ზუსტი თანმიმდევრობით უნდა დაიწეროს.

ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით...

ისიც კი, როცა ჯარმა სროლის მერე, სანაპიროსთან რომ არ მიუშვა საქართველოს სუკისა და მილიციის თანამშრომლები, ვის ყრიდნენ და რას ყრიდნენ მტკვარში. გაღმა ნაპირზე მცხოვრებთ ესმოდათ ეს ხმები...

ამა წლის ცხრა მარტს მე ვიყავი სანაპიროზე, სტალინის ძეგლის კვარცხლბეკთან, იქ სადაც ამ მაოხრებელი გზირის გამო დახოცეს ახალგაზრდები... ხალხი ცოტა იყო, მხოლოდ დახოცილთა ახლობლები, არავითარი ოფიციალური ცერემონიალი...

რა ვიცი, იქნებ ასეცაა საჭირო, იქნებ ხალხმა თავად უნდა იგლოვოს ოფიციოზის გარეშე.

იქ ერთი დაღუპულის ძმა გავიცანი, კლიმენტი რევაზიშვილის ძმა, გიორგი და კლიმენტის ბიჭი შაინი. მამის მოკვლის მერე დაიბადა იგი, ექვსი თვის მერე...

ვფიქრობ, დაგაინტერესებთ მისი ნაამბობი:

გორის რაიონიდან ვარ, ატენიდან. ხუთი წლით უფროსი ვარ ჩემს ძმაზე, 1931 წელს დავიბადე.

ორმოცდათექვსმეტში ვმუშაობდი კოლმეურნეობაში, მუშები გადავიყვანე წყალსაცავისკენ, სახლში რომ დავბრუნდი, ხალხით იყო სავსე, ტიროდნენ, მძიმედ არის ძმაო, არ ვიცი, ვინ შემატყობინა.

მეზობლებთან ერთად, მე, ჩემი სიძე, ძმის სიმამრი თბილისში წამოვედით. თბილისში შემოსვლამდე ბევრი დავიტანჯე, გორშიც არ გვიშვებდნენ, ტანკებით იყო გადაღობილი. როგორც იქნა, ნაცნობობით შევედით. გორიდან გამოსვლაზე კი საერთოდ აღარ გამოგვიშვეს. უკან წავედით, ახლა ისინი აღარ გვიშვებდნენ შიგ. ძლივს შეგვიშვეს. წამოვედით კასპის გამოვლით, მერე მცხეთა... თბილისში შემოსასვლელიც გადაკეტილი იყო, გაგვჩხრიკეს და შეგვიშვეს. თბილისში რომ შევედით, სადაც ჩემი ძმა და ჩემი რძალი ცხოვრობდნენ, მატარებლით ჩამოსწრებული დედა და ახლობელი ქალები დაგვხვდნენ...

იმ ღამეს გარეთ არ გაგვიშვეს. დილით კამოს ქუჩაზე მეორე სასწრაფოში იყო ჩემი ძმა, მაგრამ ვერ ვნახეთ. ამასობაში ხალხი მოემატა სოფლიდან. შეცნობაზე შეიყვანეს ნათესავი, ინვალიდი იყო, ყავარჯნებით ამტვრევდა ყველაფერს და ის შეუშვეს, ჩვენ არ შეგვიშვეს.

მეორე დღეს, დილის ხუთ საათზე ექიმმა და ოფიცერმა (კაპიტანმა) შემიყვანეს შეცნობაზე. მახსოვს, დაბლა სარდაფში ორივე მხარეს იყო კარები მოხსნილი, მარტო ჩარჩოები იყო. აქეთ გავიხედე, იქით გავიხედე, დაბლა, ყველგან (ოთხი ოთახი მაინც იქნებოდა) იატაკზე მიჯრით ჩაწყობილნი იყვნენ მიცვალებულები, სულ ტიტვლები, ზედ რაღაც თეთრი ეფარათ. სადაც ჩემი ძმა იყო, იქ რომ შევედით... ლამაზი იყო ჩემი ძმა... მარტო ჩემი ძმა იყო ჩასვენებული საკაცეში. ვიცანი, ჩემი ძმა იყო. მაშინ შანიძის შემწეობით მომცეს ის ტანსაცმელი, რომელშიც დაჭრილი იყო. მიცვალებული მაშინვე არ მოგვცეს, ჩემმა სიძემ მოძებნა ნაცნობი. მან თქვა, მოსკოვიდან არის ხალხი და ის შეგეკითხებათ რაღაცეებსო.

გადავასვენეთ ოცდაექვს მარტს, ჩემი მეზობლები წამოვიყვანე, აქაურებიც დამეხმარნენ. დღისით, ჩვეულებრივ დავკრძალეთ, კიდევ გადავიხადეთ ქელეხი, ხელი აღარავის არ შეუშლია, შეშინებით კი გვაშინებდნენ. ექვსი თვის მერე ტანსაცმელი დამიბრუნეს და კიდეც შეგვეძინა ეს ბავშვი, მისი შვილი. შაინი დაარქვითო და დავარქვით კიდეც.

მერე, ამ ბავშვის დაბადების დღეს, თბილისიდან ჩამოვიდნენ... ოცდაერთი დედა მოვიდა, საჩუქრები მოუტანეს ბავშვს. მარტო ჩემს ძმას ჰყავდა მეუღლე და ეს ყველას, ჩვენი შვილიაო, სურათებიც დაგვიტოვეს დახოცილების.

დღეს შეგვატყობინეს, ვიკრიბებითო და ჩამოვედით. დღეს, ორ საათზე „სამადლოში“ წაუქციოთ უნდა, მათი სული მოვიხსენიოთ.

არავის არაფერი არ უკითხია, არც არავინ მოგვხმარებია. რძალს აქ დავამთავრებინეთ უმაღლესი, დედაჩემი 86 წლის ქალია, ლოგინადაა ჩავარდნილი, მამა ომში დავკარგეთ.

ამდენი დახოცილი ხალხი იყო, მარტო ჩემი ძმის გვერდით, ბავშვიც იყო (თორმეტი წლისა), ქალიც იყო. ოცდაორი კი არა, რატო ორჯერ მეტი არ იქნება დახოცილი. მაშინ დაგვეხმარა ექიმი ზურაბ ზუბადალაშვილი. მას ეცოდინება, წერილიც უნდა დაეწერა, არ ვიცი, დასწერა თუ არა.

კობა იმედაშვილი