“გრანდიც” გაკოტრდა

“გრანდიც” გაკოტრდა

გაკოტრებული სავაჭრო კომპანიების, ბანკებისა და კორპორაციების რიცხვს სავაჭრო კომპანია “გრანდიც” შეემატა.

მან 16 ნოემბერს, ფულის უქონლობის გამო, შეწყვიტა დივიდენდებისა და ანაბრების გაცემა. აღელვებული და აღშფოთებული მეანაბრეები თითქმის ყოველ დღე იკრიბებიან „გრანდის“ ოფისში და ითხოვენ კუთვნილი თანხის დაბრუნებას.

მეანაბრეთა კრებაზე, რომელიც 19 იანვარს გაიმართა, თქვეს, რონ 24 იანვრიდან, სიის მიხედვით, 160 მეანაბრისთვის ძირითადი თანხის 40%-ის გაცემა დაიწყება და სამ დღეს გაგრძელდება. შემდეგ დარჩენილ მეანაბრეებსაც დაუბრუნებენ კომპანიებში შეტანილ ფულს.

„გრანდის“ მეანაბრეთა კომისიის წევრებს თხოვნა აქვთ მთავრობისადმი: შეექმნათ განსაკუთრებული ხელშეწყობის რეჟიმი, გარკვეული ვადით მოეხსნათ ბეგარები და გადასახადები, განბლოკირებულ იქნეს მათი ანგარიშები და ლიცენზიები.

როგორც გვითხრეს, მეანაბრეთა აღელვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მათ კომპანიას საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელი ესტუმრა და ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ შესაძლოა მეანაბრეთა კუთვნილი თანხა ბიუჯეტში გადმოირიცხოს, რათა სახელმწიფომ თურქეთს გაზის ვალი გადაუხადოს.

მეანაბრეთა კრებას ტელეფონით კომპანიის პრეზიდენტი, ზურაბ ჭანტურიძე დაუკავშირდა და იქ მყოფ ხალხს იმედი მისცა. კერძოდ, თქვა, რომ აქვს საკმარისი თანხები ვალის გასასტუმრებლად, ხოლო დაწვრილებითი ინფორმაციის მიწოდებისგან თავი შეიკავა.