დედამიწას ორი თანამგზავრი ჰყოლია

დედამიწას ორი თანამგზავრი ჰყოლია

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა სწავლულებმა წამოაყენეს თამამი იდეა იმის შესახებ, რომ დედამიწას შორეულ წარსულში ერთი კი არა, ორი თანამგზავრი ჰყოლია.

მიუხედავად იმისა, რომ მთვარე თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს, იგი დედამიწისკენ ყოველთვის ერთი მხრით არის მომართული, რადგან დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ბრუნვა დედამიწის გარშემო და თავისი ღერძის ირგვლივ სინქრონიზებულია.

ასტრონომები დღემდე კამათობენ მთვარეზე არსებული ორი სრულიად განსხვავებული რელიეფის წარმოშობის მიზეზების გამო. თუ ჩვენკენ მომართული მთვარის ნახევარი დაფარულია ძირითადად, მთვარის ზღვებით, უზარმაზარი კრატერებით, რომლებიც ავსებულია გაცივებული ლავის გლუვი ფენით, მთვარის უკანა მხარის ზედაპირი – ესაა მთაგორიანი ადგილი, ეგრეთ წოდებული „მთვარის მატერიკი“, რომლის საშუალო სიმაღლე 1,9 კილომეტრით მაღალია, მეორე ნახევრის ზედაპირზე.

მეცნიერთა აზრით, დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინათ, დედამიწა და ობიექტი, რომელიც მარსის ზომისა იყო, ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც წარმოიქმნა ორი თანამგზავრი. მეორე, უფრო მცირე ზომისა, შევიდა ეგრეთ წოდებულ ლაგრანჟის წერტილში, სადაც მიზიდულობის ძალა მთვარესა და ჩვენს პლანეტას შორის გაწონასწორებულია.

„აბსოლუტურად დასაშვებია, რომ ამ წერტილში 10-100 მილიონი წლის ყოფნის შემდეგ, თანამგზავრი არასტაბილური გახდა და კვალი იმით დატოვა, რომ მთვარის ზედაპირს შეეჯახა.“

კალიფორნიის უნივერსიტეტის სწავლულები - მარტინ ჯუტზი და ესიკ ასპოგტი მიიჩნევენ, რომ მთვარის გაუნათებელი მხარის რელიეფი ჩამოყალიბდა დედამიწის მეორე თანამგზავრის დაჯახების შედეგად, რომლის მასა ტოლი უნდა ყოფილიყო მთვარის მასის 4 პროცენტისა, ხოლო დიამეტრი – 1,2 ათასი კილომეტრი (მთვარის დიამეტრის მესამედი).

მათი კვლევები, რომლებიც კომპიუტერულ მოდელირებაზეა დაფუძნებული, ხსნის მნიშვნელოვან განსხვავებას მთვარის გაუნათებელ ზედაპირსა და მის იმ ზედაპირს შორის, რომელიც ყოველთვის ჩვენკენაა მომართული.