იაფი საწვავის გზები ჩაიკეტა, მოსალოდნელია მკვეთრი ცვლილება

იაფი საწვავის გზები ჩაიკეტა, მოსალოდნელია მკვეთრი ცვლილება

რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის შეზღუდვამ საქართველოში მყისვე მოიტანა პირველი შედეგები. ბენზინისა და დიზელის ფასი მაღლა დაიძრა და „რეგულარის“ ღირებულება უკვე 3 ლარს მიუახლოვდა. საბოლოო ჯამში, რამდენად გაიზრდება საცალო ქსელში საწვავის ღირებულება?

რუსეთმა საწვავის ექსპორტი, ცალკეული შემთხვევების გარდა, აკრძალა. აღნიშნული განკარგულება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გამოსცა, ამის მიზეზად კი, შიდა ბაზარზე საწვავის ფასების სტაბილიზაცია დაასახელა. თუმცა, აკრძალვა არ ვრცელდება საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვების ფარგლებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე, საზღვარგარეთ რუსეთის „სამხედრო ნაწილების საქმიანობისთვის საჭირო“ საწვავის ექსპორტზე, ყაზახეთის ქალაქ ბაიკონურში, არქიპელაგ შპიცბერგენში, აფხაზეთში, ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ ექსპორტირებულ საქონელსა და კიდევ სხვა კატეგორიებზე.

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ შეზღუდვა დროებითი ხასიათისაა და შექმნილია ქვეყნის შიგნით საავტომობილო საწვავის მიწოდების გაზრდისთვის, რამაც შესაძლოა, ფასების დამატებითი შემცირება გამოიწვიოს.

20 სექტემბერს ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო უფრო რადიკალური ზომების გატარებას გეგმავდა, თუმცა ამ ეტაპზე ბაზარზე ნავთობროდუქტების დეფიციტი არ შეინიშნება და საბითუმო ფასებიც კლების ტენდენციით ხასიათდება.

რუსეთის შიდა ბაზარზე შექმნილი ვითარება აისახა საქართველოში საწვავის ფასზე. თუ მანამდე რუსეთი იაფი საწვავის მთავარ წყაროდ მოიაზრებოდა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, თითქმის ევროპულ ფასებს გაუტოლდა პროდუქტის საბითუმო ფასი.

როგორც „სენტა ოილის“ დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საწვავის იმპორტისთვის ალტერნატიული ქვეყნებია თურქმენეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი. გარკვეული წინადადებები კი ბელარუსიდან არის.

„თურქმენეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, არის კიდევ რაღაც წინადადებები ბელარუსიდან - ამ ეტაპზე ეს ქვეყნები შეიძლება მოვიაზროთ როგორც ალტერნატივა.

რაც შეეხება დეფიციტს, ამ პერიოდში არ მგონია, შეიქმნას. ზოგადად, საერთაშორისო ბაზარზე არ შეიქმნება ისეთი ვითარება, რომ იქიდან საწვავი ვერ შემოვიტანოთ, უბრალოდ, ფასი იქნება განსხვავებული, თუმცა აქაც ბოლო პერიოდში ისე გაიზარდა საბითუმო ფასები, წესით, დიდი მატება აღარ უნდა იყოს მოსალოდნელი. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თითქმის ევროპული ფასების დონეს მიაღწია“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ იაკობიძემ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი კი აღნიშნავს, რომ რუსეთში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია ახლო მომავალში საქართველოში საწვავის ფასმა კიდევ 10 თეთრით მოიმატოს.

„ჩვენთან საწვავი0 გაძვირებულია საცალო ქსელში იმის გამო, რომ ზოგიერთი პარტია ჩავანაცვლეთ და შემოვიტანეთ ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ფინეთიდან და ბულგარეთიდან და ბუნებრივია, ევროპის ქვეყნებში უფრო ძვირია. ჩვენ რუსეთიდან იმის გამო შემოგვქონდა, რომ უფრო იაფი წყაროა და მოგეხსენებათ, რომ ბიზნესი, სადაც იაფს ნახავს, იქ შეიძენს პროდუქტს და აქედან გამომდინარე, საწვავის გაძვირების მიზეზი არის ის, რომ რუსეთიდან მოწოდების პრობლემა შეიქმნა“, – განაცხადა იობაშვილმა.

საქართველოსთვის რუსეთი საწვავის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. სწორედ ამის გამო საწვავზე ფასი საქართველოშიც იზრდება, ბოლო 3 თვეში თითქმის 70 თეთრამდეა გაზრდილი.

2023 წლის 8 თვეში საქართველომ 716 მილიონი დოლარის ღირებულის 917 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა. თუკი უკრაინაში ომის დაწყებამდე საქართველო საწვავის უდიდეს ნაწილს ევროკავშირის ქვეყნებისგან - რუმინეთისა და ბულგარეთიდან ყიდულობდა, 2022 წლიდან ბაზარი რუსულ ნავთობზე გადაეწყო. მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველომ რუსეთიდან 435 მილიონი დოლარის ღირებულების 623 ათასი ტონა რუსული ნავთობი შეიძინა. შესაბამისად, მთლიანი იმპორტის 68% რუსულ საწვავზე მოდის.