ცნობილი ქართველი მსახიობი ზურა ყიფშიძე ერთ სახალისო ისტორიას არაერთხელ იგონებს:
„ფილმს ვიღებდით შუაგულ ურალში. მასში ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებდი. ჩემი მანქანით წავედი გადაღებაზე და მსახიობთა ბრიგადას ორი დღით ჩავასწარი. დაიწყო გადაღება. ერთი მსახიობი გვყავდა, ჩემი ხნის, დალევის დიდი ტრფიალი იყო და რომ დათვრებოდა, “კრუპნად” აფრენდა ხოლმე.
ერთ დღესაც, როცა გადაღება არ გვქონდა, სასწაულად გამოთვრა და მეუბნება:
- ზურა, ახალი გამოგონება მაქვს, სხვა არ მომისმენს და შენ უნდა გაგანდო, ვიცი, დაგაინტერესებს.
- “ვალიაი”, - ვუთხარი მეც.
- რა, ბიჭო და, ძროხას რომ ინტენსიურად ვაჭამოთ ქათმის საკენკი, ერთში არა, მაგრამ ორ-სამ თვეში აუცილებლად დადებს უზარმაზარ კვერცხს.
- აუუ!!! – ავხედე ჭერს. არ გჯერა, ხომ? არადა, დაუჯერებელი არაფერია.
- და ქათამს რომ ბალახი ვაჭამოთ ინტენსიურად, დაიბღავლებს და რძესაც მოიწველის, არა? – ავუგდე სიტყვა ბანზე. ძლივს დავამშვიდე და დაიძინა.
ერთი „პახმელია” დილაა. თქვენი გადაღებაც-მეთქი, ვთქვი გულში, ჩავალაგე ჩემოდანში ტანსაცმელი, უნდა ჩავდო მანქანაში და ჰაიდა, თბილისისკენ. ვერაფრით მანქანის გასაღები ვერ ვიპოვე.
- სად არის გასაღები? – ავღრიალდი სასტუმროს ეზოში, - არავინ მეხმაურება.
მოულოდნელად მესამე სართულზე ფანჯარა გაიღო და რამაზ ჩხიკვაძემ გადმოიხედა.
- რა დაკარგე, ზურა? – მეკითხება მშვიდად.
- გასაღები!!!
- რისი?
- მანქანის!!!
- მე მგონი, მარტო მანქანის კი არა, შენ სხვა რამის გასაღებიც დაგიკარგავს.
გამეცინა მოსწრებულ პასუხზე და ჩემოდნიანად ავლასლასდი ჩემს ნომერში”.