OpenAI-ის წინააღმდეგ აშშ-ის მწერალთა გილდიის საერთო საჩივარს ჯორჯ მარტინი და ჯოდი პიკოლტიც შეუერთდნენ. მწერალთა მტკიცებით, კომპანია OpenAI, რომელიც ChatGPT-ის შემქმნელია, საავტორო უფლებებით დაცულ ნამუშევრებს უკანონოდ იყენებს.
მწერალთა საერთო საჩივარში ნათქვამია, რომ ChatGPT მათ ნამუშევრებს იპარავს, რაც საავტორო უფლებების უხეში დარღვევაა. მწერლები ამტკიცებენ, რომ OpenAI მათ ნამუშევრებს ალგორითმს აწვდის, რათა სისტემა განვითარდეს და ადამიანს მსგავსი პასუხების გაცემა უფრო მალე შეძლოს.
"ხელოვნური ინტელექტი მწერლის პროფესიას განადგურებით ემუქრება. აუცილებელია, რომ ეს ქურდობა შევაჩეროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ლიტერატურული კულტურა განადგურდება, რომელიც აშშ-ის ბევრი სხვა შემოქმედებითი ინდუსტრიის წყაროა. დიდებულ წიგნებს ის წერს, ვინც მთელი კარიერის განმავლობაში სწავლობს და თავის შემოქმედებას მუდმივად აუმჯობესებს. ლიტერატურის დაცვის მიზნით, ავტორებს უნდა ჰქონდეთ იმის კონტროლის შესაძლებლობა, გამოიყენებს თუ არა მათ ნამუშევრებს ხელოვნური ინტელექტი", — ნათქვამია მწერალთა გილდიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ კომიკოსმა სარა სილვერმანმა სხვა ავტორებთან ერთად OpenAI-ის ივლისში უჩივლა. სარჩელის მიხედვით, ენის მოდელირებისთვის ChatGPT მათი წიგნებს იყენებდა ისე, რომ ავტორები ამაზე არ დათანხმებულან. მართალია, OpenAI-ის წარმომადგენლებს ჯერ საჩივარზე არ უპასუხიათ, თუმცა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაისში განაცხადა, რომ ChatGPT-ის განვითარებისთვის ახალ გზებზე მუშაობენ.
ამ ეტაპზე აშშ-ში 10 ათასზე მეტი მწერალი ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი კომპანიებისგან საავტორო უფლებების დაცვას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ ამერიკის სცენარისტთა გილდიის გაფიცვა აშშ-ში 2 მაისს დაიწყო, მოგვიანებით კი მათ მსახიობებიც შეუერთდნენ. გაფიცული მსახიობები იმის გარანტიებს ითხოვენ, რომ სამომავლოდ, ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერით გენერირებული ხმა და სახე ფილმებში მათ ჩასანაცვლებლად არ იქნება გამოყენებული.