პრეისტორიული ცხოველების გაგონებისას ადამიანთა უმეტესობას დინოზავრები ახსენდება, მაგრამ მანამ, სანამ ისინი ჩვენს პლანეტაზე დომინანტობას მოიპოვებდნენ, დედამიწაზე სხვა მოზრდილი არსებები ბინადრობდნენ.
საუბარია პერმული პერიოდის ცხოველებზე, რომლებიც 299-251 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ, მათ შორის იყვნენ ბალახისმჭამელი და ხორცისმჭამელი პირველი გიგანტები. დინოზავრების მსგავსად, ისინიც გადაშენდნენ, რადგან შეცვლილ კლიმატს ვერ შეეგუვნენ. ამ მოვლენას პერმული გადაშენება ეწოდება, რა დროსაც დედამიწაზე სიცოცხლის დაახლოებით 90% განადგურდა.
სანამ ეს მოხდებოდა, ჩვენს მშობლიურ ციურ სხეულზე საუცხოო ბიომრავალფეროვნება იყო. ხმელეთზე დააბიჯებდნენ ცხოველები, რომლებიც დინოზავრებს ჰგავდნენ, მაგრამ სიცოცხლის სხვაგვარ ფორმებს წარმოადგენდნენ. მაგალითად, ასეთი იყო დიმეტროტონი, რომელიც ზედა ფოტოზეა ნაჩვენები. ამ არაძუძუმწოვარს ზურგზე უშველებელი იალქნისებრი შვერილი ჰქონდა და სინაფსიდების ჯგუფში შედიოდა, რომელშიც ძუძუმწოვართა მახასიათებლები გაჩნდა.
იმავე ჯგუფის ცხოველი იყო Cotylorhynchus-იც.
მას უზარმაზარ სხეულთან შედარებით ძალიან პატარა თავი ჰქონდა ისევე, როგორც ღაბაბის მსგავსი უამრავი ნაკეცი. ამ ცხოველების ტანი მილისებრი იყო, თავის ქალა კი სქელი და ფართო. Cotylorhynchus-სს მაშინდელ ეკოსისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, რადგან ერთ-ერთი უადრესი გიგანტი ბალახისმჭამელი იყო.
Cotylorhynchus ამნიონიანებიდან განვითარებული ხერხემლიანების ჯგუფში შედიოდა, რითაც რეპტილიებთან მსგავსება აიხსნება. მეორე ჯგუფი Sauropsida-ა, რომელიც ფრინველებად და ქვეწარმავლებად დაიტოტა.
მომდევნო ცხოველი ედაპოზავრია.
მას, დიმეტროტონის მსგავსად, ზურგზე იალქნისებრი წანაზარდი ჰქონდა, მაგრამ არა მომრგვალებული, არამედ უფრო გრძივი. ის დიდი ზომის ტანით იყო გამორჩეული, რომლის ფონზეც თავი ძალიან პატარა უჩანდა. მისი სიგრძე 3.5 მეტრამდე აღწევდა, ხოლო კბილების ფორმა ხელს უწყობდა, რომ მცენარეები კარგად დაექუცმაცებინა.
ედაპოზავრები ახლანდელი ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ტერიტორიაზე ბინადრობდნენ.
პერმული პერიოდის კიდევ ერთი გასაოცარი ბალახისმჭამელი არსება სკუტოზავრია.
მათ საკმაოდ დიდი თავი ჰქონდათ, რომელზეც რამდენიმე რქოვანი შვერილი იყო განლაგებული. აღსანიშნავია ოდნავ მოღუნული, სქელი კიდურები და ამოზნექილი ზურგი. ამის მიუხედავად, სკუტოზავრები ზომითა და სხვა მახასიათებლებით ძროხას ჰგავდნენ, რადგან ქორფა მცენარეების საპოვნელად დიდ მანძილს ფარავდნენ.
შესაძლოა, ბევრი ფიქრობდეს, რომ რადგან ამ ცხოველთა სახელები "ზავრით" ბოლოვდება, ისინი დინოზავრები არიან, მაგრამ ასე არაა. ეს სიტყვა ხვლიკს ნიშნავს, ამიტომ ამ არსების მსგავსი დინოზავრების სახელებში "ზავრი" ხშირად გვხვდება. მაგალითად, ტირანოზავრი გადმოითარგმნება, როგორც "საშინელი ხვლიკი".
პერმული პერიოდის ცხოველებს მტაცებლებიც ჰყავდათ, რომელთა შორისაც აღსანიშნავია ინოსტრანცევია.
ის ხორცისმჭამელი ტერაპსიდი იყო, რომელიც გორგონოფსების ჯგუფში შედიოდა. გარეგნულად ისინი მახვილკბილიან, დიდ კატებს ჰგავდნენ (თუმცა ეს უკანასკნელნი მრავალი მილიონი წლის შემდეგ ჩამოყალიბდნენ). მათი ზომა 3 მეტრამდე აღწევდა, ასევე, ძლიერი კიდურები, შედარებით მოკლე, კუნთიანი კუდი და საკმაოდ დიდი ტანი ჰქონდათ. ინოსტანცევიები რეპტილიებითა და სინაფსიდებით იკვებებოდნენ.
ტრიასულ პერიოდში დედამიწაზე დომინანტობა დინოზავრებმა მოიპოვეს, ზემოხსენებული ცხოველები კი განადგურდნენ. მართალია, გადაშენება რაღაცის დასასრულია, მაგრამ ის სიცოცხლის აუცილებელი ნაწილია. ამის გარეშე ახალი სახეობები ვერ წარმოიქმნებოდა და, სავარაუდოდ, ჩვენც ვერ ვიარსებებდით.