BTS-ის განცხადებით, ჯგუფის წევრი Suga კვირის ბოლოს სამხრეთ კორეის სავალდებულო სამხედრო სამსახურში ჩაირიცხება. Suga ჯგუფის მესამე წევრია, რომელიც ჯარში გაიწვიეს. გასულს წელს ჯარს ჯინი, რომელიც BTS-ის ყველაზე უფროსი წევრია და J-Hope შეუერთდნენ.
"Suga სავალდებულო სამხედრო სამსახურს 22 სექტემბრიდან დაიწყებს. Suga-ს სამხედრო სამსახურის დაწყების ან სასწავლო ბანაკში შესვლის დღეს ოფიციალური ღონისძიება არ იგეგმება. გულშემატკივრებს ვთხოვთ, რომ Suga-ს სამხედრო სამსახურის პერიოდში სამუშაო ადგილზე მისვლისგან თავი შეიკავონ", — ვკითხულობთ ჯგუფის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეაში ყველა შრომისუნარიანი კაცი ვალდებულია, 28 წლამდე 18 თვე ჯარში იმსახუროს. თავიდან კანონი გამონაკლისს ითვალისწინებდა მათთვის, ვინც კულტურისა და ხელოვნების სფეროში წარმატებას მიაღწია. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ K-pop-ის წევრებს ჯარში მაინც გაიწვევდნენ.
Suga თავის ფანებს ლაივის მეშვეობით დაემშვიდობა. ყველას მოუწოდა, რომ სამხედრო სამსახურში მისი გაწვევის გამო არ იღელვონ. მომღერალმა ფანებს ისიც შეახსენა, რომ 2025 წელს ისევ შეხვდებიან. რაც შეეხება ახალ ვარცხნილობას, Suga-მ ისიც აღიარა, რომ მოკლე თმას ჯერ თავადაც ვერ ეგუება.