დასავლეთმა საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების მიზნით ახალი სტრატეგია შეიმუშავა

დასავლეთმა საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების მიზნით ახალი სტრატეგია შეიმუშავა

მსოფლიო თანამეგობრობა საქართველოში კონფლიქტების მოსაგვარებლად ახალი წინადადებებით გამოდის. არაოფიციალური ინფორმაციით, შექმილ ჩიხურ სიტუაციაში დასავლეთი აფხაზებს დამოუკიდებლობაზე აპელირების შეწყვეტას ურჩევს, თბილისს კი საქართველოს სახელმწიფიებრივ მოწყობაზე საუბრის დროებით შეჩერების რეკომენდაციას აძლევს, რათა პროცესი „მკვდარი წერტილიდან“ დაიძრას და დროთა განმავლობაში დასავლეთმა აფხაზეთის რუსული სივრციდან გაყვანა შეძლოს.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს კონფლიქტების მოგვარების კუთხით დასავლეთის ახალი ინიციატივები „უტოპიურად“ მიაჩნია. ექსპერტ გოგი ხუციშვილის თქმით კი, „საქართველოში შიშობენ, რომ დასავლეთის ახალი გეგმა სეპარატისტული რეგიონების თბილისისგან მეტ გამიჯნვას შეუწყობს ხელს“.

სოსო ცინცაძე დასავლეთის მხრიდან საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან კონტაქტების დამყარების მცდელობებზე საუბრობს და შიშობს, რომ „ამას შეიძლება, მარგი ქმედების სულ სხვა კოეფიციენტი ჰქონდეს, ვიდრე დასავლეთში ვარაუდობენ“.

„კონტაქტები სეპარატისტულ რეგიონებთან უკვე დაწყებულია და ვშიშობ, რომ ამას შეიძლება, მარგი ქმედების სულ სხვა კოეფიციენტი ჰქონდეს, ვიდრე დასავლეთში ვარაუდობენ. ამ რეგიონებს რუსეთს ვერ ჩამოაშორებენ, თავად აფხაზებისა და ოსების მიმართ კი ეს ყალბი გზავნილი იქნება.

დღეს კულტურაზე დაელაპარაკებიან, ხვალ - ადამიანის უფლებებზე, ზეგ - პოლიტიკაზე და მათაც გაუჩნდებათ ილუზია, რომ ერთ დღეს დასავლეთმა შეიძლება, ეს რეგიონები აღიაროს. არადა, მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ ევროპასთან დაახლოება სურთ, ეს მხოლოდ საქართველოსთან ერთადაა შესაძლებელი“, - განმარტავს ცინცაძე.

ექსპერტს ეეჭვება, დროთა განმავლობაში დასავლეთის ქვეყნებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება დაიწყონ, თუმცა დარწმუნებულია, რომ „სეპარატისტულ რეგიონებს მოლოდინის საბაბიც კი არ უნდა მიეცეთ“.

ქართულმა მხარემ დასავლეთის მხრიდან ოკუპირებულ რეგიონებთან კონტაქტების დამყარება ოფიციალურად უნდა გააპროტესტოს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის დიკ მარტის მარიონეტული ხელისუფლებების წარმომადგენლებთან შეხვედრის ფაქტიც ოფიციალურად უნდა გაეპროტესტებინა, ისევე, როგორც ეს ისრაელმა გააკეთა, როდესაც 1979 წელს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი ენდრიუ იანგი პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. საერთაშორისო სკანდალს მაშინ ამ პერსპექტიული დიპლომატის, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტობასაც უწინასწამეტყველებდნენ, თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება არაოფიციალურ ინფორმაციას, რომლის თანახმად, შექმილ ჩიხურ სიტუაციაში დასავლეთი აფხაზებს დამოუკიდებლობაზე აპელირების შეწყვეტას ურჩევს, თბილისს კი საქართველოს სახელმწიფიებრივ მოწყობაზე საუბრის დროებით შეჩერების რეკომენდაციას აძლევს, რათა პროცესი „მკვდარი წერტილიდან“ დაიძრას და დროთა განმავლობაში დასავლეთმა აფხაზეთის რუსული სივრციდან გაყვანა შეძლოს, სოსო ცინცაძე ამ პოლიტიკის გატარებას არარეალურად მიიჩნევს.

„ეს ინფორმაცია საეჭვოდ მიმაჩნია, თუმცა დასავლეთის, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან უფრო დიდი სისულელეებიც მომისმენია. ყველა შემთხვევაში, ეს იდეა არარეალისტურია, რადგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მარიონეტული მმართველები დამოუკიდებლობაზე პროპაგანდისტულ საუბრებს არასდროს შეწყვეტენ. ისინი ამას ვლადიმერ პუტინის ბრძანებით თუ გააკეთებენ, მაგრამ არა დასავლეთის.

მეორეს მხრივ, საეჭვოა, თბილისმა ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბარი შეწყვიტოს. მაშინ ისმის კითხვა, რისთვის იყო მიღებული სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში? ასეთ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტმა ამ დოკუმენტის ნიველირება უნდა მოახდინოს, თუმცა გამორიცხული არ არის, მის მოდერნიზაციაზე მუშაობა მიმდინარეობდეს, რაც საჭიროა კიდეც“, - მიაჩნია ცინცაძეს.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის გოგი ხუციშვილის ინფორმაციით, „საქართველოს ხელისუფლება ჯერ-ჯერობით არ თანხმდება დასავლეთის ახალ ინიციატივას, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან პირდაპირი კონტაქტები დაამყაროს“.

როგორც კონფლიქტოლოგმა აღნიშნა, „საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების მიზნით ახალი სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან პირდაპირი კონტაქტების დამყარებას და ამ გზით რეგიონში რუსეთის როლის შემცირებას ითვალისწინებს“.

მისივე ინფორმაციით, „აღნიშნული ინიციატივა განსაკუთრებით საინტერესოა აფხაზებისთვის, რომლებიც რუსეთის დომინირებით შეწუხებულნი არიან და რეალური დამოუკიდებლობისთვის უფრო მეტად იბრძვიან, ვიდრე ოსები, მათ ევროპასთან დაახლოებას კი ის უშლის ხელს, რომ ევროკავშირს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მკაცრად აქვს დაფიქსირებული“.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, პოლიტოლოგის ინფორმაციით, „საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობის ამ გეგმას ძნელად თანხმდება, ვინაიდან ვარაუდობს, რომ იგი სეპარატისტული რეგიონების თბილისისგან კიდევ უფრო განცალკევებას შეუწყობს ხელს“.

„აქამდე ევროპას ჰქონდა სტრატეგია „ჩართულობა აღიარების გარეშე“. ამავდროულად დასავლეთი აცხადებდა, რომ ნებისმიერი პროექტი აფხაზეთში თბილისის გავლით უნდა განხორციელებულიყო, რაც პირველ გეგმას თავისთავად გამორიცხავდა. ევროპა არჩევანის წინაშე დადგა: ან საერთოდ არ ჩარეულიყო კონფლიქტებში, ან სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობის დამყარება თბილისის გავლით ეცადა, რაც ვერ მოხერხდა. სიტუაცია ჩიხში მოექცა და კონფლიქტები უნდა „გაყინულიყო“.

ევროპა მიხვდა, რომ ასეთ ვითარებაში აფხაზეთთან კონტაქტების დამყარება შესაძლოა, თურქეთს ან სხვა ვინმეს ეცადა, ამიტომ ახლა სხვა გეგმა შეიმუშავა, რომლის თანახმად, ეს რეგიონები იზოლაციიდან უნდა გამოიყვანოს, ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობა შესთავაზოს, მაგრამ არა როგორც დამოუკიდებელ, არამედ როგორც სადავო ერთეულებს. ცხადია, ეს მოქმედება გარკვეულწილად საქართველოს ხელისუფლებასთან უნდა იყოს შეთანხმებული, თუმცა სეპარატისტებს ამ გეგმას თბილისის მიერ დამტკიცებულად არ ახვევენ თავს“, - განმარტა ხუციშვილმა.

მისივე აზრით, „ოფიციალურმა თბილისმა ახალი გეგმის განხორციელებისადმი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, თუმცა ის მიდგომა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იზოლირებული იყოს და თბილისის გარეშე იქ არაფერი ხორციელდებოდეს, არასწორია იმდენად, რამდენადაც ასე უბრალოდ არ გამოდის“.

„ფაქტია, რომ აფხაზები და ოსები შიმშილით არ კვდებიან, რადგან მათ რუსეთი ამარაგებს, ხოლო დასავლეთისგან იზოლირებით ჩვენ მათ ვაიძულებთ, მარტო რუსეთზე იყვნენ დამოკიდებული. დროთა განმავლობაში მათი აღიარება ამ პოლიტიკის პირობებში უფროა რეალური, ამიტომ ის, რომ ევროპა სხვა, უფრო რეალისტურ გზებს ეძებს, ბუნებრივია“, - განმარტა ხუციშვილმა.

პოლიტოლოგი პირდაპირი კონტაქტების დამყარების კვალდაკვალ დასავლეთის ქვეყნების მიერ დროთა განმავლობაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებას არარეალურად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ „ევროპის საბჭო და ევროკავშირი საქართველოს ინტერესების გაუთვალისწინებელად არ მოიქცევიან“.