სტატისტიკოსები ამტკიცებენ, რომ 2010 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 48%-ით არის გაზრდილი. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრია და წესით და რიგით ქართულ კომპანიებს საწუწუნო არაფერი უნდა ჰქონდეთ.
თუმცა, როგორც ჩანს, სტატისტიკა და რეალური ვითარება ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავდება. ღვინის კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში საექსპორტო მოცულობა კიდევ უფრო შემცირდა.
ქართული ღვინის გაყიდვების მაჩვენებელი ბოლო პერიოდში უკან იწევს. ამის შესახებ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელები დაუფარავად საუბრობენ. “სამეფო ხარისხი 2009”-ს დირექტორი ვანო ნოზაძე აცხადებს, რომ კომპანია პროდუქციის ექსპორტს ქვეყნის გარეთ არ ახორციელებს. რაც შეეხება შიდა ბაზარზე გაყიდვებს, ზრდა ამ მიმართულებით არ შეინიშნება.
კომპანია “თბილღვინოში” კი მიიჩნევენ, რომ ქართული ღვინის ინდუსტრია რუსული ბაზრის ჩასანაცვლებლად უუნარო აღმოჩნდა. “თბილღვინოს” ხელმძღვანელის გიორგი მარგველაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთის ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის ბაზარმა საექსპორტო პოტენციალის 90% დაკარგა. შემდეგ ბაზარს კრიზისმა მოუსწრო, რომლის შედეგები ჯერ კიდევ სახეზეა. მისივე განმარტებით, სიტუაციის უახლოეს პერიოდში გამოსწორებას ღვინის კომპანიები არ ელოდებიან.
ოფიციალური მონაცემებით, რომელიც წინა წლის მდგომარეობას ასახავს, 2009 წელს, 11 თვის განმავლობაში ქართული ღვინო ექსპორტზე 46 ქვეყანაში გაიგზავნა. საერთო ჯამში, ექსპორტირებულმა ღვინომ 10 015 392 ბოთლი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ეს რიცხვი 1 523 428 ბოთლით ნაკლებია. 2008 წლის 11 თვის მონაცემებით, ექსპორტზე 11 538 820 ბოთლი ღვინო გავიდა.
სტატისტიკის მიხედვით, პროდუქციის დიდი ნაწილი უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, ამერიკაში, პოლონეთში, ლატვიაში, გერმანიასა და ისრაელში გაიგზავნა. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში ბევრად ნაკლები ღვინის ექსპორტი განხორციელდა, ვიდრე 2008 წელს.
მაგალითად, თუკი 2008 წელს უკრაინაში 6 421 000 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, 2009 წელს მხოლოდ 4 006 503 ბოთლი გაიგზავნა. ასევე საგრძნობლად შემცირდა ღვინის ექსპორტი ამერიკაში. 2008 წელს აშშ-ში 460 690 ბოთლი ქართული ღვინო გავიდა, 2009 წელს კი იქ ექსპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობამ 369 832 ბოთლი შეადგინა.
ღვინის ქართული კომპანიებისთვის დიდი იმედის მომცემია გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც საქართველოში დაცულ “ხვანჭკარას”, “თელიან”~, “ქინძმარაულსა” და კიდევ სხვა 18 დასახელების ღვინოს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთაღიარების შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, დაცვა ევროკავშირის ქვეყნებშიც მიენიჭება.
ორმხრივი ურთიერთაღიარების შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე ღვინოების ჩამონათვალს სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნებიც დაემატება. ევროკავშირთან შეთანხმება ქართულ ბრენდებს ფალსიფიცირებისგან დაიცავს და, გარკვეულწილად, პროდუქციის ექსპორტსაც გააუმჯობესებს.