„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ოპერაციის შემდეგ საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა.
„ვუმჯობესდები. ექიმმა კარგად იმუშავა და ვფიქრობ, რომ ყოველ კვირას ეტაპობრივად უკეთესად ვიქნები.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ტვიტერზე „მანჩესტერ სიტის“ პრესსამსახური.
აგვისტოს ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 52 წლის ესპანელი ზურგის სასწრაფო ოპერაციისთვის ბარსელონაში ჩაფრინდა. გვარდიოლამ გუნდის ორი თამაში გამოტოვა - „შეფილდ იუნაიტედთან“ (2:1) და „ფულემთან“ (5:1). მისი არყოფნის დროს მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ხუან ლილიო ასრულებდა.
ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ“ ოთხი ტურის შემდეგ ქულების მაქსიმალური რაოდენობა დააგროვა და ახლა ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერობს. შაბათს, 16 სექტემბერს, „ქალაქელები“ ინგლისის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩში ლონდონის „ვესტ ჰემს" შეხვდებიან.