საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2023 წლის 13 სექტემბერს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და 10 პროცენტამედ დაიყვანა. როგორც სებ-ში აცხადებენ, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. ამიტომ ცენტრალური ბანკი სიფრთხილეს ინარჩუნებს.
„მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის. ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, საგარეო რისკებთან ერთად, ჯერ კიდევ საყურადღებოა ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც. მიუხედავად ერთობლივი მოთხოვნის დასტაბილურებისა, საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობა უცხოურ ვალუტაში დაჩქარდა. აღნიშნული ტენდენციის გაგრძელებამ მომავალში ინფლაციაზე დამატებითი წნეხი შეიძლება, წარმოშვას.
ამ რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ფრთხილი ბიჯებით აგრძელებს. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით შეამცირა. ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ეკონომისტი აკაკი ცომაია სწორ გადაწყვეტილებად აფასებს. მისი აზრით, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის შერბილება მომავალშიც უნდა გააგრძელოს.
„ეროვნული ბანკის პოლიტიკა სწორია. ინფლაციური რისკები ამ ეტაპზე მიზნობრივთან შედარებით ნაკლებია. ამრიგად, სწორია ფრთხილი მიდგომა. რისკი, რომლებიც საერთაშორისო ფაქტორებით იყო განპირობებული, მოხსნილია. შესაბამისად, სწორია თუ ეროვნული ბანკი ეტაპობრივად შეამცირებს რეფინანსირების განაკვეთს. მომავალში შეიძლება ბევრი რამ მოხდეს და პოლიტიკაც ამის მიხედვით გადაისინჯება“, - განაცხადა ცომაიამ.
ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა ინფლაცია და რეგიონში მიმდინარე სიტუაცია, რის გამოც ფრთხილი ნაბიჯი გადადგა. „გალტ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ პოლიტიკის შემცირების ორი ინდიკატორი დაასახელა, რასაც სებ-ის გადაწყვეტილებაზე ჰქონდა გავლენა: „მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0,25% შემცირება 10%-მდე მოსალოდნელი იყო, რადგან ყველა ინდიკატორი ფასებთან დაკავშირებით ამას მიუთითებდა. ეროვნული ბანკი ყურადღებით აკვირდებოდა ფასების დინამიკას, თუ როგორ განვითარდებოდა. აგვისტოში წლიურ ჭრილში 6,1%-ით არის გაზრდილი ადგილობრივი ფასების დინამიკა, მაგრამ წინა თვეებთან შედარებით შემცირებას აჩვენებს. მისი კონტრიბუცია მთლიან ინფლაციაში 3%-ს ჩამოსცდა და აგვისტოში 2,9% შეადგინა.
მეორე ინდიკატორი იყო საბაზო ინფლაცია, რომელიც წინა თვეებში მაღალ დონეზე იყო, თუმცა აგვისტოში ჩამოსცდა 3%-ს და 2,5% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2019 წლის აგვისტოს შემდეგ ასეთი დაბალი არ ყოფილა. ეს ორი ინდიკატორი იმაზე მეტყველებს, რომ ეროვნული ბანკი განაგრძობდა მონეტარული პოლიტიკის შერბილებას. ამასთან აგვისტოში მთლიანმა ინფლაციამ 0,9% შეადგინა“, - განაცახდა ქავთარაძემ.
რაც შეეხება გავლენას ეკონომიკაზე, როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას აქვს მაკის ეფექტი და სხვა მაკრო მაჩვენებლებზე გავლენა გვიან ექნება. შესაბამისად, სებ-ის ამ გადაწყვეტილების გავლენა მაკროეკონომიკაზე 2024 წლის პირველ ნახევარში აისახება.
აკადემიკოს ლადო პაპავას შეფასებით, როცა გლობალურად მოვლენების განუსაზღვრელობა მაღალია, ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. ახლა ინფლაცია დაბალ ნიშნულზეა და ამ პირობებში მონეტარული პოლიტიკის არბილებენ.
„რეფინანსირების განაკვეთი 0.25%-ით შემცირდა და ეს არ არის პირველი შემთხვევა. შეიძლება ზოგიერთს მოეჩვენოს, რომ ეს მცირედია. დღეისათვის განუსაზღვრელობა ძალიან მაღალია. არავინ იცის გლობალურად პროცესები როგორ წარიმართება, რუსეთ-უკრაინის ომი როდის და როგორ დასრულდება და ა.შ.“, - აღნიშნა პაპავამ და დასძინა, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები მართალია სასიკეთოა, მაგრამ მოქმედება მონეტარულ განაკვეთთან დაკავშირებით მაინც უნდა იყოს ფრთხილი.