ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის პროექტი მზადაა, თუმცა მისი ამოქმედების ვადა ისევ გადაიწევს

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის პროექტი მზადაა, თუმცა მისი ამოქმედების ვადა ისევ გადაიწევს

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა. „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონპროექტს მთავრობა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე წარადგენს. მისი მიღების შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება, შეიძინოს სავალდებულო დაზღვევის პოლისი, სამაგიეროდ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაცული იქნება ზარალის ანაზღაურებისგან.

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი აღნიშნავს, რომ სექტორი წლების განმავლობაში ელის ამ ცვლილებას, რომლის შედეგადაც ბიზნესს დაახლოებით 200 მლნ ლარის შემოსავალი ექნება, ხოლო წელიწადში 120 000 ზარალი ანაზღაურდება.

„ეს ცვლილება სიტუაციას შეცვლის რადიკალურად. ჩვენთვის ყველაზე კარგი რეკლამა იქნება ანაზღაურებული ზარალი, რომ გადავხედოთ მონაცემებს, 1.7 მლნ ავტომობილია რეგისტრირებული, ალბათ მინიმუმ 1.2 მლნ არის აქტიური, აქედან გამომდინარე, ეს დაზღვევა რომ ამოქმედდება, წელიწადში დაახლოებით 120 000 ზარალი იქნება ანაზღაურებული. ანაზღაურებული ზარალი მნიშვნელოვნად იმოქმედებს მომავალში სადაზღვევო კულტურის ჩამოყალიბებაზე.

მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც ევროკავშირიდან წლებია გვაქვს, არის ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გაშვება საქართველოში. ეს არის ერთ-ერთი გზა იმისა, რომ ბაზრის მოცულობა და მოსახლეობის და ეკონომიკის დაცულობა გაიზარდოს.

საქართველოში მილიონ ნახევარზე მეტი მანქანაა და მათ მფლობელებს არავინ ავალებს მანქანის დაზღვევას, არადა რამდენიმე ათეული ათასი ავტოსაგზაო შემთხვევაა წელიწადში. შესაბამისად, ამ ზარალების ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული მძღოლის შესაძლებლობაზე. საქართველოს გარდა უკლებლივ ყველა ქვეყანაში, აფრიკის რამდენიმე ქვეყანას თუ არ ჩავთვლით, სავალდებულოა მესამე პირის წინაშე ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა. სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში, ბრალეულობის მიუხედავად, გამონაკლისის გარეშე ხდება ანაზღაურება. სავალდებულო დაზღვევა სოციალური პროდუქტია და ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა პროდუქტი კომპენსირდება“, - განუცხადა „კომერსანტს“ ხეჩინაშვილმა.

სადაზღვევო ასოციაციის გათვლებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების 7-10% -მდე ზარალი სამედიცინო კუთხითაა. კანონპროექტის ამუშავების შემთხვევაში მარტო ამ მიმართულებით სახელმწიფო ჯამში 30-40 მილიონ ლარს დაზოგავს და ათასობით ადამიანს დიდი შეღავათს გაუწევს, როგორც სამედიცინო სერვისის მიღების, ასევე მატერიალური ზარალის კომპენსაციის მხრივ.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი „ბიზნეს-რეზონანსთან“ კანონპროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბევრი ნიუანსი უნდა გასაჯაროვდეს, რათა მსჯელობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„წესით, ყველა მძღოლს უნდა მოსწონდეს ამ დაზღვევის არსებობა, თუმცა ეჭვით უყურებს ხალხი, შესაბამისად, მეტი დეტალი უნდა ვიცოდეთ, რომ უფრო თამამად ვიმსჯელოთ. როცა დაზღვევა არსებობს, ყველა მხარე დაცულია, რომ ზარალი ანაზღაურდეს. შეფასების მექანიზმია მნიშვნელოვანი, რომ სისტემამ გამართულად იმუშაოს. მძღოლის პასუხისმგებლობას და ზარალის ანაზღაურებას ახდენს. ვადები არ ვიცი, მაგრამ რადგან შემოდგომაზე სრულდება კანონის შემუშავება, სავარაუდოდ, წელს ვერ მოესწრება“, - აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.

ავტომფლობელთა მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტი პარლამენტში ჯერ კიდევ 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა, თუმცა, შემდგომ მისი განხილვა შეჩერდა. აღნიშნული კანონის მიღება ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აუცილებლად შესასრულებელი მოთხოვნაა. გეგმის მიხედვით, ზემოხსენებული დაზღვევის ფლობის ვალდებულება ძალაში 2024 წლიდან უნდა შევიდეს, თუმცა რადგან კანონპქროექტი ჯერ საკანონმდებლო ორგანოში არც კი შესულა, მისი განხილვა, მიღება და ამოქმედება კიდევ გადაიწევს. როგორც წესი, ამ პროცედურებს 6-დან 12 თვემდე ვადა სჭირდება.

Giorgi Khorguashvili "...ბიზნესს დაახლოებით 200 მლნ ლარის შემოსავალი ექნება, ხოლო წელიწადში 120 000 ზარალი ანაზღაურდება" ? ეს წაიკითხა ვინმემ გამოქვეყნებამდე? ან კორექტორი არ გყავთ, ან რედაქტორი?
1 წლის უკან