„ქართული ოცნების“ გუნდი არ და ვერ დავუშვებდით, რომ ვყოფილიყავით კონსტიტუციის დარღვევის თანამონაწილეები იმით, რომ არ გვემოქმედა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ქართული ოცნებისთვის“ პრინციპულად მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი კანონი, ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი, საქართველოს კონსტიტუცია იყოს დაცული. „ქართული ოცნების“ გუნდი არ და ვერ დავუშვებდით, რომ ვყოფილიყავით კონსტიტუციის დარღვევის თანამონაწილეები იმით, რომარ გვემოქმედა. ჩვენი უმოქმედობა გაუტოლდებოდა კონსტიტუციის დარღვევაში თანამონაწილეობას. ამიტომ ჩვენ სხვაგვარი სამართლებრივი სივრცე არ გვქონდა დარჩენილი. როდესაც ადგილი აქვს კონსტიტუციის უხეშ, მიზანმიმართულ დარღვევას, ამას სჭირდებოდა სამართლებრივი რეაგირება. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს დადასტურდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესთვის საჭირო 100 ხმაზე.
„ასი ხმის მობილიზების რესურსი „ქართული ოცნების“ გუნდს არ აქვს. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ ეს საკითხი პარლამენტში განხილვის საგანი გახდება. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ საკითხს მხარდამჭერები არ ეყოლება „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ეს იქნება ლუსტრაცია იმისა, რომ ის პრეზიდენტი, რომელიც მათ მიერ შერაცხილია მოღალატედ, რეზიდენტად, დღეს როგორც აღმოჩნდა, ეს ჯგუფი ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერს ამ ადამიანის იმპიჩმენტის პროცედურას. ჩვენთვის გასაგებია, რომ აქ ადგილი აქვს ძალიან დიდ ანტისახელმწიფოებრივ გარიგებას „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.